1911 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სამუზეუმო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი და წიგნსაცავი იმდენად გაიზარდა, რომ საჭირო იყო საკუთარი გამგე ჰყოლოდა. მათი თქმით, ასეთივე გამგე დასჭირდებოდა წერა-კითხვის საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმსაც. გამგედ შესაფერისი ადამიანი იყო საჭირო, თან იმდენად თავისუფალი, რომ მუზეუმ-ბიბლიოთეკაში ყოველდღე ყოფილიყო და საქმეებისთვის ეხელმძღვანელა, მაგრამ გამგის დანიშვნა უსახსრობის გამო არც საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებასა და არც წერა-კითხვის საზოგადოებას არ შეეძლო. ხელს აწერენ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18433 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18433]; წვდომის თარიღი: 2019-10-15