ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20157

ფაქტი 20157

1898 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობის წევრებმა – ა. გარსევანიშვილმა, ნ. ცხვედაძემ, დ. კარიჭაშვილმა, ა. ჭყონიამ, ნ. მთვარელიშვილმა, ი. გოგებაშვილმა, გ. იოსელიანმა, ა. წერეთელმა და ე. გაბაშვილმა – განიხილეს სენაკის სკოლის პედაგოგების რჩევის პროტოკოლები და აგრეთვე მასწავლებელ ლავრენტი აგლაძის საკითხი, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება: 1. სკოლაში შემოეღოთ რუსული წერა; 3. გაეუქმებინათ წესი ნახევარსაათიანი გაკვეთილების შემოღების შესახებ; 3. სკოლის ინსპექტორისთვის დაევალებინათ მასწავლებლებისთვის საგნების განაწილება; 4. მოსწავლე დარახველიძის საკითხთან დაკავშირებით საყვედური გამოეცხადებინათ პედაგოგებისთვის; 5. სენაკის სკოლისთვის გაეგზავნათ ბათუმის სკოლის პროგრამა, რომლის მიხედვითაც პედაგოგიური საბჭო შეადგენდა სრული საგნების პროგრამას; 6. ტერენტი წერეთელი დაეთხოვათ აღმზრდელის თანამდებობიდან, რადგან მას უარი განუცხადებია პედაგოგიური საბჭოს წევრობაზე; 7. ლავრენტი აგლაძესთვის გამოეცხადებინათ საყვედური გაკვეთილის დროს ბავშვის კლასში შეყვანისა და ინსპექტორისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო და ბოლოს: პედაგოგიური საბჭოს დანარჩენი გადაწყვეტილებები, რომლებიც სხდომაზე არ განიხილეს, უცვლელად დაემტკიცებინათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20157; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .