1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პ. საყვარელიძემ წაიკითხა მოხსენება დემოკრატიული რესპუბლიკის სხვადასხვა ფორმის შესახებ. საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა, მაგრამ როგორი ტიპის უნდა იყოს იგი. დემოკრატიის სამგვარი ფორმა არსებობს: ამერიკული – უფლება-განაწევრებული დემოკრატია, ფრანგული – პარლამენტარული დემოკრატია და შვეიცარიული – პირდაპირი დემოკრატია. პირველი ემყარება უფლებათა გაყოფის პრინციპს. უფლებები ეთანხმება ერთმანეთს კოორდინაციის წესით; პარლამენტარული დემოკრატია გაურბის უფლებათა შერევის პრინციპს. აქ მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. მინისტრები მონაწილეობენ საკანონმდებლო პარლამენტში. მოქმედებს ნდობა-უნდობლობის ვოტუმი. პრეზიდიუმს არა აქვს ვეტოს უფლება, აქვს ქვემო პალატის გაშვების უფლება სენატის თანხმობით; შვეიცარიული ტიპის დემოკრატია ემყარება უფლებათა სხვადასხვაობას, მაგრამ უფლებათა შორის არსებობს სუბორდინაცია და არა კოორდინაცია. არის კანონდებლობითი რეფერენდუმი და ხალხური მართვა-გამგეობა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უნდა შეიმუშაონ დემოკრატიული კონსტიტუცია მესამე ტიპის მიხედვით იმ შესწორებითა და ცვლილებით, რომელსაც თხოულობს ადგილობრივი მდგომარეობა და ხალხის ცხოვრება.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება | 1919-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 2068 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/2068]; წვდომის თარიღი: 2019-06-24