ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25205

ფაქტი 25205

1916 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წევრმა გრიგოლ რცხილაძემ მოახსენა შემდეგი: გამგეობამ მას დაავალა ცხინვალის განყოფილებისგან მიღებული ეკატერინე მალხაზის ასული ორჯონიკიძის ანდერძის საოლქო სასამართლოში წარდგენა. ანდერძის თანახმად, ცხინვალის განყოფილებას ეკუთვნოდა 50 დღიური მამული სოფელ წყნარში სკოლის გასახსნელად. ანდერძი 1915 წლის 21 აგვისტოს ეკატერინე ორჯონიკიძის თხოვნით შეუდგენია დეკანოზ იროდიონ ოქროპირიძეს, რომელსაც ხელი მოუწერია ანდერძზე ორჯონიკიძის მაგივრად. რცხილაძის თქმით, ოქროპირიძე იყო როგორც ანდერძის გადამწერი, ასევე ხელის მომწერიც მეანდერძის მაგივრად. კანონთა კრებულის მეათე ტომის 1048-ე მუხლის მიხედვით, ერთი და იგივე პირს არ ჰქონდა უფლება, ერთდროულად ანდერძის გადამწერიც ყოფილიყო და მოანდერძის მაგივრად ხელის მომწერიც. რცხილაძის აზრით, სწორედ ამ მიზეზით არ დაამტკიცებდა სასამართლო ანდერძს და ანდერძის წარდგენისთვის საჭირო თანხაც ტყუილად დაიხარჯებოდა. ყოველივე ამის გამო რცხილაძე ურჩევდა გამგეობას, სათანადო განმარტების თანხლებით, უკან გაეგზავნა ცხინვალის განყოფილების გამგეობისთვის ანდერძი და მასთან ერთად წარმოდგენილი სხვა დოკუმენტი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25205; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .