ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25591

ფაქტი 25591

1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამული მდებარეობდა სოფელ ყვარლის სამხრეთ ნაწილში მთავარ გზასთან, რომელიც გზატკეცილიდან სოფლისაკენ მიემართებოდა. მამულს მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა გააჩნდა. ნაგებობების გარშემო აუთვისებელი მიწის სიმრავლე იმის შესაძლებლობას იძლეოდა, რომ მამული სხვადასხვა მიზნისთვის გამოეყენებინათ. მაგალითად შეიძლებოდა სხვადასხვა სამიწათმოქმედო ღონისძიების ჩატარება, ხეხილის გაშენება, ამერიკული ჯიშის ვაზის გამრავლება, მთავარ გზასთან ნაგებობების ჩადგმა და გაქირავება, მათი გამოყენება სავაჭრო დახლებად და სხვ. შეკეთებულ წისქვილს შეიძლებოდა კარგი შემოსავალი მოეტანა წყლის სიუხვისა და ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო. ზოგადად, იმ დროისთვის მიტოვებული ტერიტორია საიმედო, გამოცდილი მეპატრონის ხელში და გაუმჯობესების, განახლების პირობებში ადვილად შეიძლებოდა გამხდარიყო შემოსავლის საუკეთესო წყარო. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25591; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .