ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26330

ფაქტი 26330

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კოშკი, სადაც ილია დაბადებულა და სადაც იმ დროისთვის ბიბლიოთეკა-სამკითხველო განეთავსებინათ, შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო, ოღონდ შეკეთებას ისიც საჭიროებდა. კერძოდ, ნაგებობა უნდა გადაეხურათ ახალი რკინის სახურავით, სრულიად დამპალი, ხის კიბე, რომლითაც სარგებლობა საშიში იყო, შეეცვალათ ქვითკირის კიბით. ჭერი და იატაკი ალაგ-ალაგ შესაკეთებელი ყოფილა, ხის ნაწილები კი შესაღები. მთელი ჩასატარებელი სამუშაო დაახლოებით 910 მანეთი დაჯდებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26330; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .