ილია ჭავჭავაძის ანდერძის განმხილველი საგანგებო კომისიის მიერ 1908 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ ანგარიშში განხილულია საკითხი – განსვენებული პოეტის მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში რამდენად შეძლებდნენ თანმხლები ვალების გასტუმრებას და თავად „საზოგადოებასაც" დარჩებოდა თუ არა სარგებელი. სახელდობრ: ქალაქის სახლის გაყიდვა ვერ მოხერხდებოდა, რადგან იქ პოეტის სახელზე რაიმე კულტურული დაწესებულება უნდა გახსნილიყო, სანაცვლოდ საგურამოს ვენახებისა და სახნავის გაყიდვით გაისტუმრებდნენ ყველა ვალს, ხოლო წერა-კითხვის საზოგადოების ხელში გადავიდოდა სახლი, წინა ვენახი, ბაღი და 164 დესეტინა ტყე, ამასთან – სახლი თბილისში, რომელიც ვალისგან თავისუფალი იყო. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა და ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილმა.

წყარო: ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ | 1908-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27515 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27515]; წვდომის თარიღი: 2019-08-20