ქ. სიღნაღის ნოტარიუსმა კონსტანტინე ივანეს ძე ჯაფარიძემ 1900 წლის 9 მარტს დაამტკიცა ექვსპუნქტიანი საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქვემომაჩხაანელი გლეხი თევდორე გიორგის ძე შანშიაშვილი თავის ხეხილის ბაღს (სიგრძე – 16 საჟენი, სიგანე – 6,5 საჟენი ) ხუთწლიანი იჯარით გადასცემდა მღვდელს – იოსებ გრიგოლის ძე ტუკუშევს. მოიჯარე საკუთარი შეხედულებისამებრ მოიხმარდა აღნიშნულ ხილნარს, სანაცვლოდ კი ამავე ბაღში ააშენებდა და გამართავდა ორსართულიან ქვის სახლს – ხუთი ოთახითა და ორი აივნით. მღვდლის ოჯახს შეეძლო ამ სახლში ეცხოვრა დათქმულ ვადამდე, შემდეგ კი სახლიცა და ხეხილის ბაღიც შანშიაშვილისათვის უნდა გადაეცა. ტუკუშევი შანშიაშვილისაგან მიიღებდა ერთიან თანხას – 4500 მანეთს. პირობის დამრღვევ მხარეს 500 მანეთის პირგასამტეხლო დაეკისრებოდა (ხელშეკრულებას ხელს აწერენ – ნოტარიუსი, მღვდელი ტუკუშევი და სიღნაღელი მეშჩანი დავიდ გასპარის ძე ყალაბეგოვი, წერა-კითხვის უცოდინარი თევდორე შანშიაშვილის ნაცვლად).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30197 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30197]; წვდომის თარიღი: 2019-07-24