ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31047

ფაქტი 31047

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წლის პირველი იანვრისთვის ზუგდიდის განყოფილების მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა მხოლოდ დაბა ზუგდიდის წიგნსაცავ-სამკითხველო. 1913 წლის დადგენილების გათვალისწინებით 1914 წლის იანვარში გაუხსნიათ კიდევ ორი სამკითხველო, ერთი − დაბა ხობში და ერთიც − სოფელ ქვალონში. ხობის სამკითხველო ნორმალურად ფუნქციონირებდა, ქვალონის სამკითთხველო კი − არა, მისი გამგის გულგრილობის გამო. გამგეობაც ვერ აქცევდა სამკითხველოს სათანადო ყურადღებას, ვინაიდან სოფელი ქვალონი საკმაოდ შორს იყო ზუგდიდიდან. 1914 წლის განმავლობაში გამგეობას კიდევ ორი სამკითხველო გაუხსნია და საანგარიშო წლის ბოლოს მისი მზრუნველობის ქვეშ სულ იმყოფებოდა ხუთი წიგნსაცავ-სამკითხველო: ზუგდიდში, ხობში, სოფელ დარჩელში, სოფელ წალენჯიხაში და სოფელ ქვალონში. ყველა სამკითხველოს, ქვალონის გარდა, გამოწერილი ჰქონია ქართულ-რუსული ჟურნალ-გაზეთები, ქართულ წიგნებს კი მხოლოდ ზუგდიდის ბიბლიოთეკაში თუ იპოვიდა კაცი. გამგეობა ყოველ ღონეს ხმარობდა იმისთვის, რომ მოემარაგებინა სამკითხველოები ქართული წიგნებით და ხალხში კითხვის სურვილი გაეღვივებინა. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31047; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .