1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა და შედგა ამ სხდომის ოქმი. სხდომამ შესაძლებლად მიიჩნია მომავალი სექტემბრისთვის დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის პირველი განყოფილების გახსნა. განყოფილებაში 40 მოწაფეს უნდა ესწავლა და უნდა მოეწვიათ ერთი მასწავლებელი. ამ მიზნის მისაღწევად შეადგინეს ერთდროული ხარჯთაღრიცხვა, რომელმაც 300 მანეთი შეადგინა. 20 მერხის შესაძენად საჭირო იყო 140 მანეთი, დაფა 12 მანეთი ღირდა, მასწავლებლის მაგიდა – 6 მანეთი, ხატი და მისი ჩარჩო – 3 მანეთი, შვედური საანგარიშო – 16 მანეთი, სურათები – 20 მანეთი, კარადა – 25 მანეთი, მოძრავი ასოები – 3 მანეთი, 6 სკამი – 15 მანეთი, ტახტი და მაგიდა – 19 მანეთი, მასწავლებლის კარადა –15 მანეთი. მოულოდნელი ხარჯებისთვის უნდა გადაედოთ 36 მანეთი. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივნის მაგივრად სოკრატე კეშილავა და წევრები: გიორგი ხერხეულიძე და კატო კედია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31053 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31053]; წვდომის თარიღი: 2019-10-20