1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1914 წლის 25 მაისს გამგეობას მომავალი სკოლის სასარგებლოდ გაუმართავს საჯარო სეირნობა დაბა ზუგდიდში. გამგეობას სხვადასხვა პირთაგან ნივთიერი დახმარება მიუღია. განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღოდა ამ სეირნობის გამართვაში ქალბატონ ჩერნოვას, რომელსაც შემოწირულობის სახით 709 მანეთი გადაუცია გამგეობისთვის. გამგეობას ეს თანხა, მაცხოვრებლებისგან შემოსულ 54 მანეთსა და 50 კაპიკთან ერთად, გადაუდვია მომავალი სკოლის სასარგებლოდ. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31059 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31059]; წვდომის თარიღი: 2019-12-06