1919 წლის 20 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ისიდორე კვიცარიძის წინადადება მისი შრომის (თარგმანი) „როგორ ცხოვრობდნენ ძველად ადამიანები“ გამოცემის შესახებ. გამგეობის ცნობით, ხსენებული წიგნი, როგორც მთარგმნელის მიერ წარმოდგენილი საბუთებიდან ჩანდა, ნებადართული იყო სკოლაში ასწავლებლად. კვიცარიძე წიგნის გამოცემის საჭიროებისათვის 50 ოზმა (ქარალდის საზომი ერთეული, უდრიდა 480 ფურცელს) ქაღალდს იძლეოდა. გამგეობამ გადაწყვიტა, შეედარებინათ კვიცარიძის თარგმანი უკვე დაბეჭდილ და ბაზარზე გამოსულ წიგნებთან და შემდეგ ემსჯელათ წიგნის გამოცემის შესახებ. შედარება მიენდო გიორგი ჯავახიშვილს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5414 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5414]; წვდომის თარიღი: 2019-09-19