ნიკოლოზ (ნიკო) საბას ძე ბუკია

სოფელ ცაცხვის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრი

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წლის განმავლობაში ზუგდიდის განყოფილებას ზუგდიდის ნდობის საზოგადოებამ შემოსწირა 100 მანეთი, თბილისის სავაჭრო სახლმა აფრიკიანმა – 50 მანეთი, თეიმურაზ ცხადაიამ – 10 მან., ევგენი ფიფიამ – 6 მან., ანდრია ფიფიამ – 6 მან., ასნარ, ივლონ და მაქსიმე ფიფიებმა, ასევე ვლადიმერ კეშილავამ და ერმინე ქანთარიამ – ხუთ-ხუთი მან., იონა ბუკიამ, ილიკო თაყაიშვილმა, იოსებ გაბუნიამ, გრიშა გიგინეიშვილმა და კაჭარავამ – თითო-თითო მანეთი. გარდა ამისა, 7 ივლისს გამართული სეირნობიდან შემოვიდა 150 მანეთი და 88 კაპიკი. სულ 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ შემოწირულობის სახით შეაგროვა 202 მანეთი და 13 კაპიკი. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8113 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/8113]; წვდომის თარიღი: 2019-11-12

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.