ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31049

ფაქტი 31049

1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა და შედგა ამ სხდომის ოქმი. სხდომამ შესაძლებლად მიიჩნია მომავალი სექტემბრისთვის დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის პირველი განყოფილების გახსნა და შეადგინა ამისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა. სავარაუდოდ, 1914 წლის სექტემბერში სკოლის გახსნა და მისი პირველ იანვრამდე შენახვა საზოგადოებას დაუჯდებოდა 603 მანეთი და 32 კაპიკი. შემდეგში, სკოლის შენახვისთვის საჭირო სავარაუდო წლიურმა ხარჯმა იანვრიდან იანვრამდე შეადგინა 950 მან. საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას სალაროში გააჩნდა 583 მან., აქედან მოულოდნელი ხარჯებისთვის გადადებული იყო 100 მან. შემოსავლის 20%, რომელიც წესით მთავარი გამგეობისთვის უნდა გაეგზავნათ, უნდა შენახულიყო როგორც ხელშეუხებელი თანხა. ამრიგად, პირველ იანვრამდე გამგეობას შეეძლო გამოეტანა არა უმეტეს 300 მანეთისა, ხოლო შემდეგში, ყოველწლიურად – 450 მან. ამიტომ, სხდომამ გადაწყვიტა, ეთხოვა მთავარი გამგეობისთვის დახმარება სამეგრელოში ერთი ქართული სკოლის გახსნის საქმეში. კერძოდ, 300 მანეთი ერთბაშად და შემდგომ, ყოველწლიურად 500 მანეთი. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივნის მაგივრად სოკრატე კეშილავა და წევრები: გიორგი ხერხეულიძე და კატო კედია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31049; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .