ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46545

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ცნობით, ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძეს კავკასიის ლაშქრის მთავარსარდლისგან მოუვიდა დეპეშა, რომ კორნილოვმა სატახტო ქალაქის წინააღმდეგ გაილაშქრა და საჭიროა მცხოვრებთა მოწოდება მშვიდობის შესანარჩუნებლად.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N21 „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა პუბლიკაცია „საუბარი მუშა ქალებთან“.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N21 დაიბეჭდა ელისაბედ მამფორიას სამადლობელი წერილი, რომელშიც ის ამავე გაზეთის საშუალებით მადლობას უცხადებს მელქისედექ დიმიტრის ძე მიქელაძეს, რომელმაც კულაშის მთავარანგელოზის ეკლესიას შესწირა 100 მ. და თეატრის სახლს 100 მ., რისთვისაც დიდ მადლობას უხდიან კულაშის საზოგადოება და თეატრის გამგეობის წევრები.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის სექტემბრისათვის, როდესაც წყდებოდა ქართული სამხედრო კორპუსის ჩამოყალიბების საკითხი, საქართველოში თავი მოიყარეს რუსეთის ფრონტებიდან ჩამოსულმა გამოცდილმა მხედართმთავრებმა, მათ შორის იყვნენ გენერლები: ილია ოდიშელიძე, ვასილ გაბაშვილი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, იმნაძე, იოსებ გედევანიშვილი და სხვ. მათ ბევრად ჩამორჩებოდა იმხანად პოლკოვნიკის ჩინის მქონე სტეფანე ახმეტელი, თუმცა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოს ჯარის მეთაურად სწორედ ის დანიშნა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის სექტემბერში დანიშნული სამხედრო კორპუსის ახალი მეთაური სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი (ახმეტელაშვილი) გენერალ გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილს პირად საუბრებში არწმუნებდა, რომ ის მენშევიკურ პარტიაში არ ითვლებოდა, მაგრამ მაზნიაშვილი იგონებს, რომ ახმეტელის ოთხი ძმა პარტიის წევრი იყო და მისი აზრით, ახლად დანიშნული სარდალიც მენშევიკებს იყო მიკედლებული.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 1-ელი სექტემბრიდან კავკასიის კომისარიატმა ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძე ლანჩხუთის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიების ფრანგულის ენის მასწავლებლად დანიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

ნიკოლაი ნიკოლაის ძე ბოსინი იყო თბილისის II კომერციული სასწავლებლის პრაქტიკული ეკონომიკის მასწავლებელი 1917 წლის 1-ლი სექტემბრიდან. მისი ხელფასი შედგენდა 770 მანეთს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N22 ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძეს დეპეშით აუწყებს, რომ დროებითი მთავრობის დადგენილებით, 1917 წელს უმაღლეს სასწავლებელში მეცადინეობა შეწყვიტეს.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის სექტემბერში გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ფონდის გასაძლიერებლად ლუდმილა კონდრატის ასულმა ჩაჩიბაიამ შესწირა 10 მან.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის პირველი სექტემბრიდან 1919 წლის პირველ თებერვლამდე თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი სიღნაღის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის, ისტორიისა და ფსიქოლოგიის მასწავლებელი იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

ქუთაისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორი სთხოვდა სახალხო განათლების მინისტრს, რომ ხსენებულ გიმნაზიაში ლათინური ენის მასწავლებლად დაემტკიცებინათ დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი 1917 წ. პირველი სექტემბრიდან.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 1-ელი სექტემბრიდან დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ლათინური ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის პირველი სექტემბრიდან კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ყვირილის ვაჟთა გიმნაზიის საღვთო რჯულის მასწავლებლად მუშაობდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსმა ან. მგელაძემ განათლების სამინისტროს მისწერა, რომ 1917 წლის პირველი სექტემბრიდან ხელსაქმის მასწავლებლად ანა გეგელაშვილი მიიწვიეს. გეგელაშვილი ჩინებულად ასრულებდა თავის მოვალეობას. მან არსებული პროგრამის მიხედვით მოსწავლეებს შეასწავლა ჭრა-კერვა, ქარგვა და ა. შ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველ სექტემბერს, თოთხმეტ წლიანი სამსახურბერივი მივლინების შემდეგ, დუტუ მეგრელი ერევნიდან თბილისში დაბრუნდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველი სექტემბრიდან დუტუ მეგრელი თბილისის ცენტრალურ დაწესებულებებში მუშაობდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N21) სელოს ძმის ფსევდონიმით დაიბეჭდა სტატია „პირველი ნაბიჯი“  ქ. სამტრედიაში 1917 წლის 25 აგვისტოს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N27) გამოქვეყნდა „სიტყვა თქმული მარიამ ანჩაბაძის მიერ ქ. თბილისში საკათალიკოსო კრებაზე 15 სექტემბერს 1917 წ.“, რომელშიც საუბარია ქალის დანიშნულებაზე. საეკლესიო კრებულმა ეს სიტყვა მოისმინა და დაადასტურა. ამავე საკითხზე ილაპარაკა ალავერდის ეპარქიის ქალთა წარმომადგენელმა ალ. გიურჯიძე-ციციშვილისამ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N23 გამოქვეყნდა კირილე წუთისოფლელის პუბლიკაცია „დედაკაცის ბედი“, რომელშიც განხილულია ქალისა და მამაკაცის როლი, მათი თანასწორობის საკითხები.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 16 სექტემბერს კავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარიატის N26133 განკარგულებით 1917 წლის 1-ელ სექტემბერს გიორგი მინას ძე აბაშიძე დაინიშნა ზესტაფონის (ყვირილის) ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობამ ზესტაფონის განყოფილების გამგეობას მისწერა, რომ ქუთაისის საადგილმამულო ბანკისაგან მიუვიდა შეტყობინება დაგირავებული მამულის დავალიანების გადაუხდელობის შესახებ. მთავარგამგეობამ განყოფილებას სთხოვა დაეფარა ბანკის დავალიანება 161 მანეთი და 27 კაპიკი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი მამულს გაყიდდა. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 17 სექტემბერს საკათალიკოსო საბჭოს წევრებად აირჩიეს დეკანოზი ნიკოლოზ თალაკვაძე, მიხეილ მაჩაბელი, პ. მახათაშვილი, პავლე ინგოროყვა, რაფიელ ივანიცკი, თედო სახოკია და ქრისტეფორე კაპანაძე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ჭყონდიდელ მიტროპოლიტად აირჩია არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ქუთაისის მიტროპოლიტად აირჩია ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე.