ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები39955

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის შემოდგომიდან წლის ბოლომდე ქრისტინე შარაშიძე გიორგი ჯაბადარისა და გიორგი თუმანიშვილის სრული არქივების მოწესრიგებაზე მუშაობდა.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 23 ივნისს ლ. ბერიამ ტფილისის პარტიული აქტივის კრებაზე საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცკ-ის ივნისის პლენუმის შედეგები შეაფასა და სხვა საკითხებთან ერთად აბელ ენუქიძის პოლიტიკური გახრწნის შესახებ ისაუბრა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის ივნისში ამიერკავკასიის ოსთა წარმომადგენლების ყრილობაზე ისიდორე რამიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ოსები კონტრრევოლუციონერებს არ გაჰყვებოდნენ და მხარს დაუჭერდნენ ახალგაზრდა საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას.

1935

ტიპი: ავტორობა

ვალ. მგალობლიშვილის სტატიაში, „ლიტერატურული მემკვიდრეობის შეფასებისათვის“, გაკრიტიკებულია ის ავტორები, რომლებიც „სთესდნენ სიძულვილს ქართველი კლასიკოსების მიმართ“. ისინი ქართული ლიტერატურის ძეგლების შეფასებისას იშველიებდნენ ჩვენი პარტიული კრიტიკის წარმომადგენლების და კერძოდ, ამხ. ფ. მახარაძის შრომებს ლიტერატურის საკითხებზე. იმ შრომებს, სადაც არასწორი, არსებითად ლიკვიდატორული აზრებია გამოთქმული ქართველ კლასიკოსებზე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 მარტს კომუნისტურმა პარტიამ გახსნა საბჭოთა აღმშენებლობის კურსები, რომელთა გავლაც სავალდებულო იყო სამუშაო ადგილზე ყველა გაგზავნილისთვის. კურსებზე შალვა ელიავა და მიხეილ ოკუჯავა კითხულობდნენ სალექციო კურსს: „პოლიტიკა და საბჭოთა მთავრობის დამყარების აუცილებლობა საქართველოში“, მამია ორახელაშვილი – „საბჭოთა რუსეთის, კერძოდ, საბჭოთა საქართველოს მდგომარეობა“, ნაზარეთიანი – „საბჭოთა მე-8 სიეზდის მუშაობა და რუსეთის კომუნისტური პარტიის მე-10 სიეზდი“, ფილიპე მახარაძე და ბესარიონ კვირკველია – „საქართველოს კომპარტიის პოლიტიკა და საბჭოთა აღმშენებლობა“.

1924

ტიპი: ავტორობა

ივანე ცომაიას საქმეში დევს ნოე რამიშვილის წერილი მის სახელზე. რამიშვილი დაპატიმრებული ბოლშევიკების შეწყალებას შეუძლებლად მიიჩნევს და ბრძანების შეუსრულებლობის გამო ცომაიას პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის 18 ივნისის გაზეთი „კომუნისტი“ წერდა, რომ საბჭოთა საქართველოს მწერლების პლენუმზე მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძემ გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გამოქვეყნებულ წერილზე ისაუბრა. წერილში გამსახურდია ხელისუფლების მიერ ტალანტების შევიწროებაზე წუხდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ ბროჰაუზის ლექსიკონისთვის დაწერა ავტობიოგრაფია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დეპეშა გაუგზავნა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვს შიმშილობის პრობლემასთან დაკავშირებით, რომელშიც სწერდა: მზად ვართ ხელი გავუწოდოთ სომხეთს სასურსათო საქონლის ტრანზიტის საქმეში, ამიტომ გთხოვთ, სასწრაფოდ გასცეთ განკარგულება იმ ვაგონების დროულად დაცლის და დაბრუნების შესახებ, რომლებიც ამჟამად სომხეთშია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის მაისში გენერალ ილია ზაქარის ძე ოდიშელიძის განკარგულების თანახმად, ყველა ლაშქრის ოფიცერს და ჯარისკაცს სამსახურის გარეთ რაიმე სახის სასროლი იარაღის ტარება აეკრძალათ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ივნისში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ შულავერის კომისარ ბ. ოვანიანისგან დეპეშა მიიღო, რომელშიც ის სალამს უძღვნის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკდებლობას და იმედს გამოთქვამს, რომ ამ სადღესასწაულო დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდებოდნენ სომეხ-ქართველთა სამწუხარო კონფლიქტის მსხვერპლი შულავერელები.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს მთავრობის 24 მაისის სხდომაზე განიხილეს კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილის ჰიმნის „დიდება“ ეროვნულ ჰიმნად გამოცხადების საკითხი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სიონის ტაძარში წირვის დროს პირველად შესრულდა დიმიტრი არაყიშვილის ახალი მუსიკა. მრევლის აზრი ორად გაიყო: ახლის მოტრფიალენი და ძველი გალობის მომხრენი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას ილია ჭავჭავაძის მამულიდან დარჩენილი ჰქონდა წინა წლის ნაშთი, 284 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორის წერილი ინგლისის პრემიერ-მინისტრ დევიდ ლოიდ ჯორჯისადმი. წერილი ეხებოდა ინგლისის გადაწყვეტილებას საქართველოს ჯარის მდინარე ბზიფის აქეთ დახევის შესახებ და ამით დემარკაციული ხაზის გავლებას მოხალისეთა ჯარსა და კავკასიის რესპუბლიკებს შორის. გეგეჭკორი ითხოვდა გარანტიებს, რომ ქართული ჯარის უკან დახევის შემთხვევაში მოხალისეთა ჯარები თავს არ დაესხმებოდნენ მათ. ის გამოსავალს გაგრის ოლქის ნეიტრალიზაციასა და იქ მოკავშირეთა ჯარის ან პიკეტის დაყენებაში ხედავდა.

1934

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკი, რომელმაც შავი ქვის საფუთო გადასახადის (1 ფუთი, მასის ერთეული, ტოლია 16,38 კგ. იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე) 5 კაპიკამდე გაზრდა მოითხოვა.

1934

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მიწათმოქმედების მინისტრმა ნოე გიორგის ძე ხომერიკმა მთავრობის სხდომაზე აბასთუმნის ეროვნული მამულის შეკეთების საკითხი დასვა, რისთვისაც 10-მილიონიანი ფონდიდან 50 000 მანეთი გამოიყო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 31 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ისიდორე სტურუამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა რესპუბლიკის ერობათა სტატისტიკოსების პირველი ყრილობა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ხელოსანთა კლუბში გამართულ სამხედრო სამინისტროს სადარაჯო ჯარისკაცთა კონცერტის დაწყებამდე პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილმა წარმოთქვა სიტყვა „ჯარი და სიმღერა“, რომელსაც საზოგადოება ხანგრძლივი ტაშით შეხვდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის აგვისტოში დამფუძნებელი კრების სხდომაზე სპირიდონ კედიამ წაიკითხა მოხსენება აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ, ისაუბრა ანტიქართულ განწყობაზე, რომელსაც რუსეთის აგენტების აქტიური პროპაგანდა ქმნიდა და დაასახელა მიზეზები, რომელთა გამოც პრობლემების მოგვარება ჭიანურდებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სიმონ გურგენის ძე მდივანმა დამფუძნებელი კრების სხდომაზე სამხედრო სასამართლოსა და ბრალმდებლის საზედამხედველო შტატის დამტკიცების შესახებ დეკრეტის პროექტი წარადგინა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრმა ნოე რამიშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ხდებოდა დამატებითი ზომების მიღება, რათა შესრულებულიყო დამფუძნებელი კრების დეკრეტი „თავისი ნებით წასვლის და სამსახურიდან გაქცევის პასუხისმგებლობისა და 2 აგვისტოს სამხედრო ბეგარის აუსრულებლობის, ამ დანაშაულის დაფარვის და წაქეზებისათვის დასჯის“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ქალაქისთავმა ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილმა თბილისის ქუჩებში სასმელი წყლის ვედროებით გაყიდვა აკრძალა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ფინანსთა მინისტრის, კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკის განკარგულებით, 15 აგვისტოდან რესპუბლიკაში რუსული საგერბო მარკების ხმარება აიკრძალა. გამოიყენებოდა ახლად დამზადებული ქართული მარკები.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე სახალხო გვარდიის უფროსმა ვალიკო ჯუღელმა სოხუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოხსენება წაიკითხა. მისი თქმით, ქართულ მხარეს და იმ ბოლშევიკებს შორის, რომლებიც აფხაზეთიდან ცდილობდნენ ამიერკავკასიაში შემოსვლას, მოხდა შეტაკება და ქართულმა მხარემ მოწინააღმდეგე დაამარცხა.