ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N80 ბრძანებით, თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში მოსამზადებელი კლასების პედაგოგად გიორგი კონსტანტინეს ძე ასატური დაინიშნა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 7 ნოემბრის მონაცემებით, ოლღა ბექაიას დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელი და მერვე პედაგოგიური კლასი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 7 ნოემბრის მონაცემებით, ოლღა ბექაიამ დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის სპეციალური პედაგოგიური განყოფილება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 ნოემბერს რუსეთიდან ახალი დაბრუნებული სტანისლავ ვოლსკი ორი ლექციის წაკითხვას გეგმავდა თემაზე „განწირულთა ქვეყანაში“. პირველი ზუბალაშვილის სახალხო სახლში უნდა გამართულიყო, მეორე ლექციის „ბოლშევიკური მთავრობა სოფლად“ თარიღს კი გამოაცხადებდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ნოემბერს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებელ პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სია შეადგინეს.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პიღასი ივანეს ასულ აბდუშელიშვილის პირად საქმეში ეწერა, რომ მას მშობლებისაგან მემკვიდრეობით ქონება არ მიუღია და არც თვითონ შეუძენია.

1918

ტიპი: თანამდებობა

პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ იგი კავკასიის ოლქის განკარგულებით დანიშნული იყო „სინათლის“ ქალთა გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად. ნამსახურეობის პირის დედანთან სისწორეს ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორ დ. ქუთათელაძისა და საქმისმწარმოებელ ვ. აბაშიძის ხელმოწერილ პიღასი ივანეს ასულ აბდუშელიშვილის პირად საქმეში ეწერა, რომ ის იყო დაოჯახებული და სამსახურში დასჯილი არ ყოფილა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 ნოემბერს განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორს სთხოვა, სომხური ენის მასწავლებელ არტაშე აბეგიანს სამინისტროში წარედგინა ორი თითო მანეთიანი მარკა იმ თხოვნაზე დასართავად, რომელიც მას შეტანილი ჰქონდა სომხური ენის მასწავლებლის თავისუფალ ადგილზე დანიშვნის შესახებ. ხელს აწერენ დირექტორის ნაცვლად ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებილი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ნოემბერს მარტვილის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ლავრენტი ფირცხალავამ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 4 ნოემბრიდან დავით ლაზარეს ძე ადამია ახალი ენებისა (გერმანულ-ფრანგული) და ლათინურის მასწავლებლად დროებით დაუშვეს.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 8 ნოემბრის ნამსახურეობის სიის მიხედვით, პიღასი ივანეს ასულმა აბდუშელიშვილმა დაამთავრა მე-7 ორწლიანი პედაგოგიური კლასი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 8 ნოემბრის ნამსახურეობის სიის მიხედვით, პიღასი ივანეს ასულმა აბდუშელიშვილმა დაამთავრა გაბრიელის სახელობის იმერეთის ქალთა ეპარქიული სასწავლებელი ქუთაისში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ნოემბერს გამართულ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის კანონპროექტის შემუშავების საკითხი. საკონსტიტუციო კომისიას ჰქონდა გიორგი ნანეიშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც განხილვის შემდეგ პარლამენტისთვის თავისი სახელით უნდა წარედგინათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ნოემბერს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: გრიგოლ რცხილაძე, ივანე ჩერქეზიშვილი, ირაკლი წერეთელი, გიორგი ნანეიშვილი და მდივანი პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ნოემბერს გამართულ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის კანონპროექტის შემუშავების საკითხი. მთავრობაში მოქალაქეობის ორი კანონპროექტი იყო წარდგენილი — იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძისა და სერგო ჯაფარიძის მიერ შედგენილი. მთავრობამ ჯაფარიძის პროექტი მოიწონა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე ერთა კონფერენციაზე საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლებად შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მოხსენება ლტოლვილთა შესახებ. ლტოლვილთა კომისიას ეცნობა, რომ თუ ოსმალეთი ათი დღის განმავლობაში ლტოლვილებს არ მიიღებს ისინი 1-1,5 თვით დაბინავდებიან თავისუფალ ყაზარმებში („ბელი კლიუჩში“ და მანგლისში) და სახლებში – ბაკურიანში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მოხსენება გერმანელთა დარჩენილი ორი ბატალიონის შესახებ და დაადგინეს, რომ ისინი პირველად მიღებული ბატალიონის პირობით შემოეშვათ საქართველოს რესპუბლიკაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე, განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენების საფუძველზე, შინაგან საქმეთა მინისტრს, ნოე რამიშვილს, დაევალა ხაშურის და სურამის საზოგადოებათა შეთანხმება გიმნაზიის ხაშურიდან სურამში გადატანის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება საღვთო სჯულის სწავლების გაუქმების შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასცა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი უფლებამოსილი იყო გადაეკვეთა ყველა ბლოკპოსტი. საჭიროების შემთხვევაში მას აღმოუჩენდნენ დაცვასა და დახმარებას. დოკუმენტს ხელს აწერდა ებერტი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ნოემბრიდან ნადეჟდა იოსების ასული ბებიაშვილი ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა იოსებ გრიშაშვილის წერილი „ძველი თფილისი და საიათნოვა“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ დაარსების დღიდან 1915 წლის პირველ იანვრამდე საზოგადოების საერთო ბალანსი 394 089.98 მანეთს შეადგენდა, 1918 წლის პირველ იანვარს — 560 543.82-ს, იმავე წლის ნოემბერში კი თანხა 264 194.62 მანეთით გაიზარდა. ჯამში საზოგადოების ქონების ღირებულება 1 500 000-ს აღემატებოდა.