რეგისტრირებული ფაქტები49953
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს საქართველოს რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩხეიძემ ინახულა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიშონი და გააცნო ის მოთხოვნები, რომელთაც საქართველოს დელეგაცია საზავო კონფერენციაზე წარადგენდა. პიშონმა ჩხეიძეს განუცხადა, რომ დაბრკოლება არ არსებობდა და საქართველო ამ მოთხოვნებზე დადებით პასუხს მიიღებდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 ივნისს ირაკლი წერეთელი და გრიგოლ ურატაძე ლანჩხუთში ჩავიდნენ. რაიონში გამართულ კრებაზე ირაკლი წერეთელი მოხსენებით გამოვიდა დასავლეთ ევროპის მდგომარეობის შესახებ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 ივნისს ხოტევის სასწავლებლის გამგე-მასწავლებელმა ათანასე გაგოშიძემ განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს გაუგზავნა სია მისდამი რწმუნებული სკოლის იმ მოსწავლეებისა, რომლებიც მომდევნო კლასში გადავიდნენ და მათი, ვინც სკოლა დაამთავრა. წლის დასაწყისში პირველ განყოფილებაში ირიცხებოდა 43 მოსწავლე, მეორეში – 35, მესამეში – 28, მეოთხეში კი – 16. მოსწავლეებმა სკოლას თავი დაანებეს „ისპანკისა“ და ტიფით ავადმყოფობის, ასევე ცხოვრების გაძვირების გამო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 ივნისს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ მასწავლებელ გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელს სხვა ადგილის მოსაძებნად მიეცა ორი თვის თავისუფლება ანაზღაურების შენარჩუნებით. მისი თავისუფლების ვადა 20 მაისს დასრულდა. ის ამაღლობელის შესახებ სათანადო განკარგულებას ითხოვდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
მთავარგამგე ჭუმბურიძე 1919 წლის 6 ივნისს სამხედრო სამინისტროს (ლეჩხუმის სამაზრო ერობის შუამდგომლობით) სათანადო განკარგულების გაცემას სთხოვს ჯარისკაც დავით ბაბლუანის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებაზე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 6 ივნისს კ. აბაშიძის სახალხო განათლების მინისტრის თხოვნაში წერია, რომ 1914 წლიდან 1915 წლამდე მსახურობდა საერობო კავშირის ბათუმის განყოფილებაში და პირველ ხანებში განაგებდა მთელი ართვინის მიმართულების დაწესებულებათა საქმეებს,შემდეგ კი მთავარი დაწესებულების საქმის გამგედ ბათუმში. ჯამაგირს იღებდა თვეში-300 მან., ჰქონდა ოთახი და სადილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ი. ვართაგავა, ს. იაშვილი, ი. გიორგობიანი, შ. დედაბრიშვილი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა თ. კიკვაძის სიტყვიერი მოხსენება საზოგადოების სკოლების გადაცემის შესახებ. თ. კიკვაძეს მინდობილი ჰქონდა, გამგეობის სახელით აღეძრა შუამდგომლობა დამფუძნებელი კრების განათლების კომისიაში ქ. შ. წ. კ. გ. ს. სკოლების გადაცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, აღძრულიყო შუამდგომლობა განათლების სამინისტროს წინაშე დამფუძნებელი კრების განათლების კომისიის დადგენილების თანახმად საზოგადოების სკოლების ერობათა უწყებაში გადაცემის შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნავთლუღის სკოლის მასწავლებლების თხოვნა, მოემატოს მათ ჯამაგირები ან მიეცეთ ერთდროული დახმარება. გამგეობის ცნობით, საგნების მასწავლებელი ღებულობს თვეში 440 მან. საპროფესიო/ხელსაქმის – 254 მ. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცეს თითოს ერთდროული დახმარების სახით ცხრაას-ცხრაასი მანეთი. ორივეს 1800 მანეთი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ს. იაშვილის თხოვნა, „ბუნებისმეტყველების“ I ნაწილის (გეოგრაფიის) ჰონორარის სრული ანგარიშის მიცემის შესახებ. მიღებული ჰქონდა 1400 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, ჰონორარის ანგარიშში მას კიდევ 2600 მანეთი გადასცემოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ივნისს თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს 2 ივნისის N284 შუამდგომლობის პასუხად აცნობეს, რომ გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს 20 მაისის სხდომის დადგენილება დაამტკიცეს და უფლება მისცეს სპეციალური საშუალებიდან იოსებ აბულიანცისთვის 225 მანეთი გამოეწერა. ხელს აწერენ მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელია და საქმისმწარმოებელი ვარლამ დავითის ძე ძიძიგური.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 ივნისის „საქართველოს რესპუბლიკა“ იუწყებოდა, რომ თბილისში თევზაძისეულ ქალ-ვაჟთა კერძო გიმნაზიის მოწაფეთა გამოცდებზე დასწრება, მათი წარმატებისა და, საერთოდ, სკოლის მდგომარეობის შეფასება სერგი დანელიამ თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორს, ილარიონ ლორთქიფანიძეს დაავალა.
1919
ტიპი: განათლება
1919 წელს თბილისის I, II, III, IV, V, VI, ქუთაისის I და II, გორის, ხაშურის, თელავის, ზესტაფონის, სამტრედიის, სიღნაღისა და ონის ოთხკლასიანი, ფოთის, ხონის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, დიდი ჯიხაიშისა და ჩოხატაურის სახაზინო ვაჟთა გიმნაზიები განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 ივნისის დამფუძნ. კრების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვ.თაყაიშვილი, ო. სოლოღაშვილის მოხსენებით მიიღეს საბოლოო ტექსტი კანონისა დაზარალებულ მეომართა და მათი ოჯახების დახმარების შესახებ და დეკრეტისა _ თბილისის ქალაქის თვითმართველობისთვის 10 მილ. მანეთის სესხად მიცემის შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ნინო ნაკაშიძე, ს. იაშვილი, ი. გიორგობიანი, ი. ვართაგავა, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქალაქთა კავშირის სტამბის გამგის ცნობა, 30000 ცალი „დედაენის“ პირველი ნაწილის (5 მანეთად და 70 კაპიკად თითო ცალი) სტამბის ქაღალდზე დაბეჭდვისა და სრულად დამზადების (გარდა გარეკანის ქაღალდისა) შესახებ. მარტის ბოლო რიცხვებში საზოგადოების გამგეობა გაურიგდა ქალაქთა კავშირის სტამბას „დედაენის“ I ნაწილის აწყობა-დაბეჭდვის შესახებ. მათ უნდა დაებეჭდათ 50000 ცალი წიგნი თავის ქაღალდზე, ცალი 1 მან. 90 კაპ. მხოლოდ გარეკანის ქაღალდი უნდა ყოფილიყო საზოგადოების. სტამბა 3 მან 80 კაპიკით მეტს თხოულობდა ცალზე. განსხვავება (30000 ცალზე) – 114000 მანეთს შეადგენდა. გამგეობის დაადგინილებით, ნ. ნაკაშიძე და ვ. ბურჯანაძე პირადად უნდა მოლაპარაკებოდნენ ქალაქთა კავშირის თავმჯდომარეს ამ სტამბის გამგის მიერ წამოყენებული პირობების შესახებ და ფასის დაკლება ეთხოვათ. თუ ვერ მოხერხდებოდა ფასის დაკლება, წარმოდგენილი პირობები უნდა მიეღოთ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვ. ქავთარაძის და ალ. არაბიძის განცხადება, რომ გასაყიდად გამოვიდა საზოგადოების გამოცემა, სეით იაშვილის წიგნი „მოკლე სახელმძღვანელო ბუნების მეტყველებისა – ბოტანიკა“. წიგნი იყო 50 გვერდიანი და ღირდა 7 მანეთი. მათი განცხადებით, სახელმძღვანელოები კიდევ უნდა გამოეცათ, მაგრამ ამის საშუალება არ იყო. ისინი გამგეობას ამ გამოცემის ნაღდ ფულზე შეძენას სთხოვდნენ. წიგნი სულ 7000 ცალი დაიბეჭდა. ცალზე 2 მანეთს აკლებდნენ. ფულის მიღება შეეძლოთ რომელიმე ბანკში ჩეკით. გამგეობამ შესაძლებლად მიიჩნია ქავთარაძისა და არაბიძისგან ს. იაშვილის 7000 ცალი „ბოტანიკის“ 40% ფასდაკლებით შეძენა იმ პირობით, თუ გამომცემლები დათანხმდებოდნენ ღირებულების მეოთხედის მიღებას, დანარჩენს კი ნაწილ-ნაწილ მომავალი წლის იანვრამდე მიიღებდნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ მთავარ გამგეობას წერილობით შეატყობინა, რომ გარდაცვლილი გიორგი ზდანოვიჩის და ოლღა მიქელაძე ითხოვდა დახმარებას და რადგან, ზდანოვიჩის უძრავ-მოძრავი ქონება მთავარი გამგეობის განკარგულებაში იყო მათ უნდა დაეკმაყოფილებინათ ოლღა მიქელაძის თხოვნა. წერილს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე და მდივანი ვუკოლ ბერიძე.