ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46077

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ დეკემბერს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამართეს მანიფესტაცია საქართველოს დამოუკიდებლობის 6 თვის აღსანიშნავად. მათ სიტყვით მიმართეს სტუდენტებმა: კონსტანტინე კობახიძემ, ვარლამ ძიძიგურმა და გ. ნაკაშიძემ. მანიფესტაციის მსვლელობამ უნივერსიტეტის ეზოდან გადაინაცვლა სასახლესთან, შემდეგ კი განათლების სამინისტროსთან, სადაც სტუდენტებმა საქართველოს დროშა დატოვეს და დაიშალნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს პროფ. კავშირის ცენტრალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლებმა – შალვა აბდუშელიშვილმა და ალექსანდრე ხელაძემ მუშათა დელეგაციის წარმომადგენელ ა. დგებუაძესა და დელეგაციის მდივან ლევან რუხაძესთან ერთად ინახულეს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი დელეგაციის რუსეთში თავისუფლად შესვლის საკითხის გასარკვევად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ ავალიანი სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებების დასათვალიერებლად ბათუმში გაემგზავრა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს ცენტრობანკის საბჭოსა და გამგეობის შეერთებული სხდომის დაადგენილებით სასწრაფოდ უნდა გაეხსნათ ბანკის განყოფილება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბერს პოლიექტივ გაგოშიძემ თბილისის მეორე ქალთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც ითხოვდა მისი ასულის, ეკატერინე გაგოშიძის მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში მიღებას მეხუთე კლასის მოწაფედ. ასევე გაუგზავნა ეკატერინეს ატესტატი ჭრებალოს უმაღლეს დაწყებითი სასწავლო კურსის დასრულების შესახებ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 ივლისს, 19:00 საათზე, გაიმართა დრამატული საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარედ არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი აირჩიეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობას თბილისის სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქალაქის სანიტარული მმართველობისთვის 48 მილ. მანეთის სესხის მიეცემის წინადადებით მიმართა.

1908

ტიპი: თანამდებობა

რაჭის სამაზრო ერობის გამგეობის სოფელ ტოლას მცხოვრები პოლიევკტოს გაგოშიძე 1908 წლის 4 ნოემბრიდან 1919 წლის 11 ნოემბრამდე მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ივანე გომართელის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი ძველი ხუროთმოძღვრების ძეგლების დაცვისთვის 2 მილიონი მანეთის გამოყოფის შესახებ.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ ქართულ გიმნაზიასთან არსებული უფასო სასადილოს გამგეობა მადლობას უხდის კახეთის რკინიგზას, რომელმაც სასადილოს 300 მანეთი შესწირა გამგეობის წევრ ნიკოლოზ ყაზბეგის ხსოვნის აღსანიშნავად.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წელს თბილისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ დამსახურებული მასწავლებლის, ლევან გედევანიშვილის დასაკრძალად გიმნაზიის სპეციალური თანხიდან გადადო 2 000 მანეთი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის" ცნობით, ქართველ პოეტს, ნინო ორბელიანს საკუთარი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნდა და ოლღა გუბელაძესთან ცხოვრობდა. საჭირო იყო, მწერალთა საზოგადოებას მის მიმართ მეტი ყურადღება გამოეჩინა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 27 აპრილს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს ს. დ. მ. პარტიის მუშაკი, საკონტროლო კომისიის, დამფუძნებელი კრების, ფრაქციის პრეზიდიუმისა და თბილისის კომიტეტის წევრი რაფიელ ალექსის ძე ჩიხლაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა დ. მეჩონგურის ლექსი „სახალხო ტრიბუნი“ (რ. ჩიხლაძის ხსოვნას).

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა გ. ქუჩიშვილის ლექსი „არწივი“ (რაფიელ ჩიხლაძეს).

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბრის „გაზეთ სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა სტატია ქართული თეატრისა და ხელოვნების შესახებ, რომ უახლოეს ხანებში შეიქმნება ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირი, რომ ქართველი მსახიობები ემზადებიან სპექტაკლებში მონაწილეობისთვის და 6 დეკემბერს დაიდგმება პირველი წარმოდგენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლ დეკემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართა საზეიმო ყრილობა საქართველოს დამოუკიდებლობის 6 თვის აღსანიშნავად. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ნ. ჟორდანიამ, ნ. ჩხეიძემ და პარლამენტის სხვა წევრებმა. მათ განაცხადეს, რომ ამ დროის განმავლობაში საქართველოს მთვარობამ შექმნა პოლიტიკური თავისუფლება, დემოკრატია, წესიერი მართვა-გამგეობა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ივნისს, 18. 00 სთ-ზე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი, ექიმი ალშიბაია (დროებითი ზავის ძალით 29 მაისს ციხიდან გაათავისუფლეს) დაბრუნდა ბაქოში, ინახულა საგარეო საქმეთა კომისარი ჰუსეინოვი და მან ცნო საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლად. იმ დღიდან მან ყველა ზომას მიმართა საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა თუ პოლონეთის ქვეშევრდომთა სიცოცხლის და ქონების დასაცავად. გაათავისუფლებინა და სამშობლოში გამოგზავნა 80-მდე სამხედრო ტყვე და განჯის რაიონის ოფიცერი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლი მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, თბილისის უნივერსიტეტის ლაბორატორიასთან, მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭო აარსებს საკუთარ ლაბორატორიას, რომელშიც მოხდება ღვინის ანალიზი, ლაბორატორიის გამგედ მიიწვიეს ქიმიკოსი შალამბერიძე. ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება ღვინის ევროპული წესით დაყენების შესწავლაც.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 დეკემბერს დაიწყო სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის მესამე თავისუფალი კონფერენცია. სულ გაიმართა ცხრა სხდომა, რომლებზეც განიხილეს მომენტის, ტექნიკისა და მიწის საკითხები. კონფერენციაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილისა და იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის მოხსენება. მთავარი კომიტეტის სახელით მომენტსა და ტექნიკაზე მოხსენება გააკეთა სამსონ ფირცხალავამ და ქრისტეფორე რაჭველიშვილმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელი მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა საბჭომ აირჩია საგანგებო კომისია, რომლის თავმჯდომარედ პეტრე მელიქიშვილი დანიშნეს. კომისიის წევრები იყვნენ: ა. ა. ეგოროვი, პლატონ გვერწითელი, ს. მ. ჩოლოყაშვილი და ვასილ რცხილაძე. მათ ღვინის კანონი უნდა შეემუშავებინათ და საბჭოსათვის წარედგინათ.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 14 იანვარს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს პარიზიდან გაუგზავნა ღია ბარათი, რომელიც მისი ვარაუდით ბახვში ნინოობას ჩავიდოდა და შეატყობინა, რომ მეუღლესთან ერთად დროებით ცხოვრობდა პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში, შემდეგ კი ბინას იქირავებდნენ.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 14 იანვარს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ მისთვის წერილები გაეგზავნათ მისი მეუღლის ძმის, რენე ტუსენის სახელზე და შემდეგ მისამართზე – ბერნარდინის ქ, 26, პარიზი.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 4 ივლისს დავით შარაშიძემ მშობლებს პარიზიდან ბახვში გაუგზავნა ღია ბარათი და აცნობა, რომ მისი მეუღლე, ელენე ორსულად იყო და მათ მარტისთვის მეხუთე შვილიშვილი ეყოლებოდათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელი მარტის ჟურნალის „ვაზი და ღვინო“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობის საბჭოს წევრების – ივანე ანდრონიკაშვილის, ვასილ რცხილაძისა და სოლომონ ჩოლოყაშვილის – მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა რაიონში უამინდობის გამო გადაიდო.