ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45884

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, განათლების მინისტრის ბრძანებით დაარსდა საქართველოს მუზეუმის შენობის დამამთავრებელი საზოგადოება.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წელს ცნობილი საზოგადო მოღვაწე გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში სიმონ ლუკას ძე ავალიანმა სამეურნეო საზოგადოების ბინაში საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობა გახსნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის განკარგულებით საქართველოდან გააძევეს გრიგორ ჩალხუშიანი. მას საქართველოს საზღვრები 24 საათის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

საქართველოს გარეშე საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საფრანგეთისა და იტალიის სამხედრო მისიათა ხელმძღვანელების მილოცვები მიიღო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ექიმი მიხეილ არჯევანიძე სოხუმში გაგზავნეს სამკურნალო-სასანიტრო მდგომარეობის აღსაწერად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნოე რამიშვილმა, სიღნაღსა და თელავში მოხსენება წაიკითხა მთავრობის ქმედებათა შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი თელავის სახელმწიფო და სასწავლო დაწესებულებებს ესტუმრა. მოინახულა ვაჟთა გიმნაზია, პირველდაწყებითი უმაღლესი სასწავლებელი და სომხური გიმნაზია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ბახვის სოციალ-დემოკრატების ახალი კოლექტივის კრება გაიმართა. კრებამ პრეზიდიუმის თავმჯდომარედ ს. ბორჩხაძე აირჩია, მის მოადგილედ – მ. ბოლქვაძე, ხაზინადრად – კ. ჯინჭარაძე. თბილისში ყრილობაზე დასასწრებლად ალექსანდრე ლომთათიძე აირჩიეს. კრების გადაწყვეტილებით, უნდა განახლებულიყო მუშაობა ბახვის ეკლესიის ქურდების დასაჭერად.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქციამ მიიღო სომეხთა სახალხო პარტიის მიერ სომხურ ენაზე გამოცემული გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის(თუმანოვის) ბროშურა „ერობა სომხეთსა და საქართველოში“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ოქტომბერში გაიმართა პარლამენტის რიგგარეშე კრება. ბერლინიდან დაბრუნებულმა დელეგაციის მრჩეველმა, ნიკო ნიკოლაძემ პარლამენტის წევრებს წაუკითხა მოხსენეა საქართველოს დელეგაციის მიერ გერმანიასთან დადებული ოთხი ხელშეკრულების შესახებ. ირაკლი წერეთლის წინადადებით მოხსენება საფინანსო კომისიას გადაეცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გაიმართა პარლამენტის სხდომა ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით. მდივანმა წაიკითხა სოციალ-დემოკრატების, სოციალისტ-რევოლუციონერებისა და ნაციონალ-დემოკრატების განცხადებები პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო კომისიათა კანდიდატების სიების შევსებისა და დაშნაკცაკანების საპარლამენტო ფრაქციის დაარსების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს მოკავშირე სახელმწიფოთა უმაღლესმა საბჭომ მოუსმინა საქართველოს დელეგატებს: ნიკოლოზ ჩხეიძეს, ირაკლი წერეთელსა და ზურაბ ავალიშვილს, ასევე აზერბაიჯანის მხრიდან – ბეკ ტობჩიბაშევს. კავკასიის ორივე სახელმწიფოს წარმომადგენლებმა საბჭოს დაწვრილებით გააცნეს თავიანთ სახელმწიფთა მოთხოვნები და სურვილები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ოქტომბერში ქართული მუსიკალური სკოლის წარმომადგენლები შეხვდნენ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას და დედათა ინსტიტუტის შენობის დათმობის შესახებ ისაუბრეს. ჟორდანია დახმარებას შეჰპირდა. სახელოვნო კომისიამ ალექსანდრე ახმეტელს დაავალა, დაეთვალიერებინა დედათა ინსტიტუტის შენობა იქ ქართული მუსიკალური სკოლის განსათავსებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გაიმართა პარლამენტის სხდომა კარლო ჩხეიძის თავმჯდომარეობით, რომელზეც განიხილეს პარლამენტში უმცირესობათა წარმომადგენლების მიერ ენის გამოყენების საკითხი. წარმოდგენილი იყო კომისიის უმცირესობისა და უმრავლესობის პროექტები. უმრავლესობის პროექტის მომხსენებელი არჩილ ჯაჯანაშვილი იყო, უმცირესობისა – რ. არსენიძე. კამათში მონაწილეობა მიიღო ყველა ფრაქციამ. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია არცერთ ფრაქციას, გარდა მენშევიკებისა და სოციალ-ფედერალისტებისა, რომლებმაც უმცირესობათა პროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ეროვნულ-დემოკრატებმა დარბაზი დატოვეს. განიხილეს და მიიღეს კომისიის უმცირესობათა პროექტი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 ოქტომბერს ქალაქის გადამდგარი გამგეობის მაგივრად ახალი გამგეობის არჩევასთან დაკავშირებით გაიმართა ქალაქის საბჭოს კრება. სხდომა დაიწყო ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის, გ. ს. თავჯიანის თავმჯდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, ევგენი გეგეჭკორი და სხვა პარტიათა ლიდერები.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი განათლების მინისტრის განკარგულებით თელავის წმ. ნინოს გიმნაზიის გამგედ დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს კონსერვატორიის დარბაზში გამართულ დისპუტს „ქორწინება და თავისუფალი სიყვარული“ უამრავი ხალხი დაესწრო. თავმჯდომარეობდა გრიგოლ რობაქიძე. მოხსენება წაიკითხა პოეტმა სერგეი გოროდეცკიმ, სიტყვა წარმოთქვეს ვ. ზელინსკიმ, ი. ლვოვმა, ქ. თარხნიშვილისამ, ტიციან ტაბიძემ, გ. კრუჩენუხმა და სხვებმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ოქტომბერში გიორგი თევდორეს ძე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართული იურიდიული საზოგადოების დამფუძნებელი კრების სხდომაზე დაამტკიცეს წესდება და გაიმართა არჩევნები, რომელზეც საზოგადოების თავმჯდომარედ დავით კვირკველია აირჩიეს, მის ამხანაგად – გ. ზ. ჩაჩიბაია, გამგეობის წევრებად – გიორგი ჟორდანია, ა. გ. ბებურიშვილი, ს. კ. მხეიძე, არტემ ახნაზაროვი და იოსებ ყიფშიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გერმანე გოგიტიძემ დაასრულა „ქრისტინეს“ კინემატოგრაფიული ლენტი. პიესა პირველად თბილისის კინემატოგრაფებში უნდა წარედგინათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პროფესიონალურ კავშირთა საბჭოს კრებაზე ამიერკავკასიის ბანკში მოსამსახურეების გაფიცვის საკითხი განიხილეს. კონფლიქტის უმთავრესი მიზეზი იყო დეკრეტი, რომლითაც კომიტეტებს 14 იანვრიდან ერთმეოდათ უფლება მოსამსახურეების დათხოვნა-მიღების შესახებ. კრებაზე მომხსენებელი ითხოვდა ამ საკითხის დაუყოვნებლივ მთავრობისთვის გადაცემას და მშვიდობიანი გზით მოგვარებას. შრომის მინისტრის ამხანაგმა გიორგი ერაძემ აღნიშნა აუცილებლობა ისეთი ორგანოს შექმნისა, რომელიც ყოველთვის დაიცავდა მუშა-მოსამსახურეთა ინტერესებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სამხედრო მინისტრმა გრიგოლ გიორგაძემ ეროვნული საბჭოს წევრის, სიმონ მდივნის თანდასწრებით აღლუმი გაუმართა ქუთაისის გარნიზონის ჯარებს ყაზარმებში. ჯარის მდგომარეობით მინისტრი კმაყოფილი დარჩა და დეპეშით აცნობა მთავრობის თავმჯდომარეს, რომ პირველი დივიზიის შექმნის საქმე კარგად მიდიოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სანდრო ბაქრაძემ, სარგის კაკაბაძემ და ვასილ ბარნოვმა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნ. ერისთავისა და ნ. ღოღობერიძის სახელობის პრემიის მისაღებად ნაწარმოებები წარადგინეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გაზეთი „გოლოს რაბოჩეგო“ (Голос рабочего) საქართველოს დამოუკიდებლობაზე უარყოფითი აზრის წერილის დაბეჭდვის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის განკარგულებით დახურეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს სასოფლო-სამეურნეო ბანკის დარბაზში გაიმართა ქართული შრიფტის შემსწორებელი მცირე კომისიის კრება თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის თავმჯდომარეობით.