რეგისტრირებული ფაქტები51180
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ოქტომბერს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, სამსონ დადიანი, დავით ჩიქოვანი, გიორგი ნანეიშვილი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, გიორგი ნანეიშვილი, დავით ჩიქოვანი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი. კრებაზე განიხილეს გიორგი ნანეიშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის შესახებ, მასში ცვლილებები შეიტანეს და ზოგი მუხლი გამოტოვეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
ამიერკავკასიის ოლქის უფროსის, ინჟინერ გიორგი თუმანოვის 1918 წლის 12 ოქტომბრის (N453) ტელეფონოგრამა ეხება სამტრედიას და ფოთს შორის სამდინარო ნაოსნობის გახსნასთან დაკავშირებით კომისიის შემადგენლობაში მიწვევის საკითხს. მდ. რიონზე ნაოსნობის გახსნის გამო ყველა დაინტერესებულ სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებას მონაწილეობა უნდა მიეღო მისი საკონცესიო პირობების შემუშავებაში. საზღვაო და სამდინარო სააქციო სატრანსპორტო საზოგადოების დამფუძნებელთა ნდობით აღჭურვილი პირის, აკაკი ხოშტარიას, მინისტრის სახელზე შესული თხოვნა და კონცესიის პროექტი განიხილეს კონცესიონერებისა და ნდობით აღჭურვილი პირის, პაპავას (ხოშტარია ბაქოში გაემგზავრა), ასევე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მონაწილეობით.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება აზერბაიჯანისთვის 20 ათასი რუსული ფულის მიცემის შესახებ და დაადგინეს, რომ აზერბაიჯანის მთავრობასთან ნავთის საქართველოში გამოშვების საქმეში შეუთანხმებლობის მიუხედავად, მინისტრს ნება დაერთოს აზერბაიჯანელებს მათი ხვედრი ბონების ანგარიშში მისცეს 20 ათასი მან. რუსული ფულით.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება ისიდორე ვარაზაშვილისთვის 11. 632 მან. 84 კაპ. მიცემისა და ავადმყოფობის გამო ივანე ვარაზაშვილის სატუსაღოდან დროებით განთავისუფლების შესახებ. ის. ვარაზაშვილს ნება დართეს ამ თანხის ამიერკავკასიის ბანკიდან მიღებისა იმ ფულიდან, რომელიც მის ძმას, ივ. ვარაზაშვილს, ფინანსთა მინისტრის განკარგულების ძალით დაკავებული ჰქონდა. მინისტრს დაევალა ავადმყოფი ივანე ვარაზაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის განკარგულების გაცემა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება საქონლის გაცვლა-გამოცვლის კომიტეტის თავმჯდომარის და წევრების არჩევის შესახებ. კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი გიორგის ძე აფხაზი დაინიშნა, ორი წევრის წარდგენა კი ყველა სამინისტროს დაევალა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ოქტომბერს კანცელარიის დირექტორმა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილმა თბილისის მე-7 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის 1918 წლის 11 ოქტომბრის N 46 ბრძანების თანახმად, 10 ოქტომბრიდან მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად ყოფილი სახალხო მასწავლებელი სავლე იოსების ძე აბულაძე დანიშნეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ოქტომბერს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ალექსანდრე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა მაქსიმე ბერძნიშვილმა თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის N 46 ბრძანებით, 10 ოქტომბრიდან მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 12 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე წაიკითხეს გიორგი ნანეიშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის შესახებ. კანონპროექტის განხილვა გადაიდო მანამდე, ვიდრე მთავრობა განსახილველად წარმოადგენდა დროებით კანონპროექტს ამავე საკითხზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „კლდის“ ცნობით, 1918 წლის 12 ოქტომბერს კონსერვატორიის დარბაზში გიორგი მამრაძე წაიკითხავდა ლექციას „ქართლის ბედის უკუღმართობა და საქართველოს ტრაგიზმი“. მოხსენების შემდეგ უნდა გამართულიყო მსჯელობა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მონაწილეობით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 ოქტომბერს ქალაქის გადამდგარი გამგეობის მაგივრად ახალი გამგეობის არჩევასთან დაკავშირებით გაიმართა ქალაქის საბჭოს კრება. სხდომა დაიწყო ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის, გ. ს. თავჯიანის თავმჯდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, ევგენი გეგეჭკორი და სხვა პარტიათა ლიდერები.
1918
ტიპი: ღონისძიება
გორის სამაზრო ერობის გამგეობის წევრის დ. მელიქაძის აზრით, დავით გიკაევი მასწავლებლობის არასასურველი კანდიდატი იყო, რადგან იგი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ყველაფერს, რაც ქართულთან იყო დაკავშირებული.
1918
ტიპი: ღონისძიება
ქუთაისის სამაზრო ერობის გამგეობამ განათლების სამინისტროს აცნობა, რომ დიდი ჯიხაიშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭო შუამდგომლობდა სამსონ ნუცუბიძეს, რათა იგი სამსახურში თავის ადგილზე დაებრუნებინათ. ამავე სასწავლებლის განცხადებას სამსონ ნუცუბიძის სამსახურში დაბრუნების შესახებ ხელს აწერენ თავმჯდომარე და საქმის მწარმოებელი ვ. ჯანელიძე.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების სამინისტრომ ქუთაისის სამაზრო ერობას მისწერა, რომ სამინისტრომ არ დააკმაყოფილა დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობა ყოფილი მასწავლებლის სამსონ ნუცუბიძის უფლებების აღდგენისა და სამსახურში დაბრუნების შესახებ. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 11 ოქტომბრის მოხსენებაში პედაგოგიური მუზეუმის მოსამსახურეთა დაკმაყოფილების შესახებ, ის მინისტრთა საბჭოს სთხოვს, 10-მილიონიანი ფონდიდან ავანსად გაიღონ 1500 მან. იმ მოსამსახურეთათვის, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ და დიდი ხანია გასამრჯელოს არ იღებენ.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის ამხანაგის, ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 11 ოქტომბრის მოხსენება ეხებოდა თბილისის საბებიო ინსტიტუტის გაეროვნების ხარჯების დასაფარად კრედიტის გამოყოფას. სულ სჭირდებოდა 4 350 მან. თანხის ნახევარს ინსტიტუტი კისრულობდა არაქართველ მსმენელთაგან შემოსული ფულიდან, დანარჩენს ხაზინას სთხოვდა.