რეგისტრირებული ფაქტები51742
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მეთვალყურე ტერენტი წერეთლმა გამგეობას მოახსენა, რომ გამგეობის განკარგულებით ის იმ პირობით გადაიყვანეს სენაკის სკოლაში სამუშაოდ, რომ ჯამაგირად დაუნიშნავდნენ 600 მანეთს, თუმცა სენაკის სკოლის ინსპექტორმა მას განუცხადა, რომ 450 მანეთი იქნებოდა მისი ანაზღაურება. წერეთელი გამგეობას სთხოვდა, საჭირო ზომები მიეღოთ და გაეთვალისწინებინათ მისი მდგომარეობა. გამგეობამ სენაკის სკოლის ინსპექტორს მოსთხოვა გაეცნო საზოგადოებისთვის რა წყაროდან შეიძლებოდა დაეფარათ სკოლის წლიური ხარჯი.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა. სხდომაზე განიხილეს წიგნებით მოვაჭრე კონსტანტინე თავართქილაძის თხოვნა, რომ საზოგადოების წიგნების მაღაზიიდან ორი თვით ნისიად მიეცათ ორასი ან სამასი მანეთის ღირებულების წიგნები, ხოლო თავდებად ჩათვლოდა ის წიგნები, რომლებიც გასაყიდად საზოგადოების მაღაზიაში ჰქონდა მიბარებული. გამგეობამ მას გადასცა 10 თუმნის წიგნები, ხოლო თავდებად გამოართვა მისი კუთვნილი წიგნები.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგემ ტიტე კახიძემ, რომ მისთვის გაეგზავნათ კავკავის სკოლასთან ეკლესიის აშენების თაობაზე გამგეობის მიერ მიღებული დადგენილების ასლი. გამგეობამ პედაგოგის თხოვნა დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 25 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის მეორე სხდომაზე განიხილეს სია იმ წიგნების, ხელნაწერებისა და მინიატურებისა, რომლებიც ლაიფციგში გამოფენისთვის უნდა გაეგზავნათ. ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, მდივანი იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი, გამგეობის წევრები ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, კორნელი სამსონის ძე კეკელიძე და ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 10 სექტემბრის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ერთ-ერთი მიწის მესაკუთრე, ცისკარაშვილის ქვრივი, სამუზეუმო კომისიას 2 000 მანეთს, საკუთარ წილს სთხოვდა. კომისიას მისთვის ბეს სახით 550 მანეთი უკვე მიცემული ჰქონდა. ოქმს ხელს აწერენ ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე ვართაგავა და სვიმონ კლდიაშვილი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 7 ნოემბერს სამუზეუმო კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ნოტარიუსისა და ცისკარაშვილის ქვრივის მიწის გასასტუმრებლად გაწეული ხარჯი სამუზეუმო თანხიდან დაეფარათ. თაყაიშვილის თქმით, ამ ხარჯს მიწის დამტკიცების შემდეგ ი. ზ. სვანიშვილი ე. წ. ფიქრის გორის ნასყიდობის ანგარიშში ჩათვლიდა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ განაცხადა, რომ სურვილი ჰქონდა მიეღოთ საზოგადოების მუდმივ წევრად და რადგანაც არ ჰქონდა ნაღდი ფული, წევრობის საფასურად გამგეობას 6 თუმნის წიგნები შესთავაზა. გამგეობას ი. მერკვილაძის თხოვნა არ განუხილავს.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილის მოხსენება მუზეუმის სამოქმედო გეგმის შესახებ. ხელს აწერენ სექციის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი იროდიონ სონღულაშვილი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის წარდგენილ მოხსენებაში იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავს, რომ თავისი ქართული სახელმძღვანელოების კორექტორს თაბახში ხუთ მანეთს უხდიდა, რუსულისას კი – შვიდს, რადგან ამ უკანასკნელს მახვილების გამო უფრო რთული სამუშაო ჰქონდა.
1912
ტიპი: ავტორობა
იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის ანდერძის მე-6 პუნქტის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ვალდებულია ყოველწლიურად ჰონორარის სახით 100 მანეთი უხადოს აკაკი როსტომის ძე წერეთელს იმ საბავშვო ლექსებისათვის, რომლებიც პოეტმა საგანგებოდ „დედა ენისთვის“ დაწერა მოანდერძის თხოვნით.
1912
ტიპი: ავტორობა
იაკობ გოგებაშვილის ანდერძის პირველი პუნქტის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ვალდებული იყო მოანდერძის მშობლიურ სოფელ ვარიანში დაეარსებინა და გაემართა სანიმუშო დაწყებითი სკოლა: საამისოდ სახალხო განათლების ფონდის გასაძლიერებლად გადადებული ყოველწლიური 600 მანეთიდან 400 ვარიანის სკოლაზე უნდა დახარჯულიყო.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ წიგნის მაღაზიისთვის უნდა შეეძინათ იაკობ გოგებაშვილის ახლად დაბეჭდილი წიგნაკი „სხივი წარსულისა“ 800 ცალი 40%-იანი ფასდაკლებით. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.