რეგისტრირებული ფაქტები51742
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის წარდგენილ მოხსენებაში იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავს, რომ მის მიერ საზოგადოებისთვის ნაანდერძევი 5 სახელმძღვანელო ყოველწლიურ 9000 მანეთის მოგებას მოუტანს გამგეობას, რომელმაც შემოსული თანხა შემდეგნაირად უნდა გაანაწილოს: 600 მანეთი სახალხო განათლების ფონდის გასაძლიერებლად გადადოს, 400 მანეთი ვარიანის სკოლაზე დახარჯოს, 300 მანეთით პედაგოგიურ და საბავშვო ჟურნალებს აღმოუჩინოს შემწეობა, 10-20 თუმანი კი კლიშეების განახლებასა და სურათების გამრავლებას მოახმაროს.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 25 ოქტომბრის ქონებრივი მდგომარეობის ნუსხაში იაკობ გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ ვასილ ყიფიანის 390 მანეთი მართებდა, რომელიც დამკაზმველისთვის მას შემდეგ უნდა გაესტუმრებინა, როცა „ბუნების კარსა" და „რუსკოე სლოვოს" სრულიად გამზადებულს ჩააბარებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიას.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა იაკობ გოგებაშვილმა, რომ შეეძინათ მისგან რუსული მეთოდიკის მთელი გამოცემა, რომელიც დაუბეჭდავს საზოგადოების სახელით 480 მანეთად. ი. გოგებაშვილის თხოვნას თან ახლავს ცნობა იმის შესახებ, რომ წიგნის მეორე და მესამე გამოცემის საფასური თავად მწერალს გადაუხდია და ასევე საზოგადოების მაღაზიაშიც ჰქონია მიტანილი გასაყიდად, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობა გაყიდულა: 1904 წელს – 21 ცალი, 1910 წელს – 8 ცალი და 1911 წელს – 37 ცალი. გამგეობამ განაცხადა, რომ ი. გოგებაშვილისგან შეეძინათ 140 მანეთის ღირებულების რუსული მეთოდიკა.
1901
ტიპი: ავტორობა
1901 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, თბილისის მეორე სამკითხველოს ნოემბერში ნაშთის სახით – 63.31, მკითხველთაგან – 3.25, საზოგადოების წევრებისგან კი 15 მანეთი ჰქონდა მიღებული. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის პირველ ივლისს განათლების მინისტრი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დამფუძნებელი კრებისთვის გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ 1917-1918 სასწავლო წელს პირველდაწყებითი უმაღლესი სკოლების ნაციონალიზაცია მთელ დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მხოლოდ პირველ კლასში განხორციელდა.
1909
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ 1909 წლის 20 დეკემბერს გამგეობამ დიდი მოხსენება წარუდგინა საზოგადო კრებას, რომლის თანახმადაც გამგეობას სურდა ბიბლიოთეკა-მუზეუმი გადაეტანათ ილიასეულ სახლში, რომელიც შესაფერისად უნდა გადაეკეთებინათ, მაგრამ შემდეგ გამგეობა დაეთანხმა სარევიზიო კომისიის მოხსენებას, რომ აეშენებინათ ცალკე სამუზეუმო სახლი, რომლის თანხასაც უნდა დამატებოდა ილიას სახელობის ფონდის თანხა.
1900
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ 1900 წლის 4 ივნისს საზოგადო კრებაზე განიხილეს საკითხი წიგნსაცავისა და მუზეუმისთვის ცალკე შენობის აგების თაობაზე, თუმცა დაადგინეს, რომ ამ საქმის შესრულება წესდების შეუცვლელად არ შეიძლებოდა. ასე გაგრძელდა 1907 წლამდე. ამ დროის განმავლობაში კი სამუზეუმო თანხა თანდათან იზრდებოდა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ 1898 წელს საზოგადოებამ ჩაიბარა განსვენებული ალექსანდრე როინაშვილის ნაანდერძევი არქეოლოგიური და ნუმიზმატიკური კოლექციები, რის გამოც წიგნსაცავი ნამდვილ მუზეუმად გადაიქცა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ მუზეუმის აშენებასთან დაკავშირებით საზოგადო კრებამ მიიღო შემდეგი რეზოლუცია: 1) საზოგადო კრების გადაწყვეტილებით მალევე უნდა დაეწყოთ მუზეუმის აშენების საქმე, 2) ამისათვის სამუზეუმო თანხას უნდა დამატებოდა შემდეგი თანხები: ილიასი, რაფიელ ერისთავის, სასტამბო და ძველი წიგნების ფონდისა, 3) აღნიშნული საქმე ჩაებარებინათ ცალკე კომისიისთვის, 4) კომისიაში უნდა აერჩიათ 3 წევრი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან, 3 წევრი საისტორიო საზოგადოებიდან და 5 წევრი დაენიშნათ საზოგადო კრების არჩევით.
1912
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1912 წლის 14 თებერვალს ბორჯომის განყოფილების საპატიო წევრმა ვლადიმერ ყიფიანმა განცხადება გააკეთა, რომ ბორჯომის განყოფილების საზოგადო კრებაზე, რომელიც ჩატარდა 29 მაისს ადგილი ჰქონდა არასათანადო წესდების შემოღებას, რომლის გამოც მთავარმა განყოფილებამ ახსნა-განმარტება მოსთხოვა ბორჯომის განყოფილებას. განმარტება გამგეობამ განიხილა 6 მარტს და დაადგინა, რომ მათ დაარღვიეს წესდება, რის გამოც ვალდებულნი იყვნენ ხელახლა ჩაეტარებინათ არჩევნები.
1911
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად 1911 წლის 25 აგვისტოს გამგეობას თხოვნით მიმართა ყალამშელმა მღვდელმა ნეოფიტე ომარაშვილმა, რომ არ დაეხურათ სოფელში მდებარე ერთადერთი სკოლა. გამგეობამ დაადგინა, რომ 5 მაისის დადგენილება სკოლის დახურვის შესახებ დაეტოვებინათ ძალაში.