რეგისტრირებული ფაქტები46264
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ ბურჭულაძემ გააკეთა მოხსენება ყალამშის სკოლის შესახებ, რის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა: ყალამშის სკოლის შენობისთვის გადაედოთ 512.20 მანეთი, ხოლო ნივთების შესაძენად 91 მანეთი, ასევე სკოლის მოსაწყობად თანხა დაეხარჯათ თავადაზნაურების შემოწირული თანხიდან და ინსპექტორის ჯამაგირიდანაც.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სეით იაშვილი სთხოვს, მიეცეს მისი წიგნების ჰონორარიდან თანხა, ან ერთბაშად ან ყოველთვიურად. გამგეობამ დაადგინა, მიეცა იაშვილისთვის 1-ლი თებერვლიდან თვეში 25000 მანეთი. თავის მხრივ, იაშვილს ყოველთვიურად უნდა ჩაებარებინა საზოგადობისათვის საჭირო რაოდენობის წიგნი.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის განცხადება საკანცელარიო ნივთების შეძენის თაობაზე. განცხადების თანახმად, მაღაზიის გამგეს უნდა ჰქონოდა უფლება, პრეზიდიუმის ნებართვით შეეძინა საკანცელარიო ნივთები 200000 მანეთის ფარგლებში. გამგეობამ ეს წინანადება მიიღო.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ საზოგადოება მესტიის სამრევლო სკოლას (გამართა მიხეილ ქურციკიძემ. ჰყავდა 20 მოსწავლე) სასწავლო ნივთებითა და წიგნებით დაეხმარა.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ საანგარიშო მოხსენებაში დაწვრილებით არის აღწერილი ავჭალის ქუჩაზე მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლის შეძენასთან დაკავშირებული სირთულეები: ნიაღვრისგან დაზიანებული სახლის შეკეთება ბანკში შესატან საპროცენტო თანხასა და გადაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯთან ერთად, ას თუმანზე გაცილებით ძვირი დაჯდებოდა, ამას დაემატებოდა სახლის შესანახად საჭირო ყოველწლიური ოცი თუმანი მაინც, 6000 მანეთი კი ისევ ვალად რჩებოდა. ალექსანდრე ყიფშიძის აზრით, „საზოგადოება" მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეძლებდა ილიასეული სახლის შენარჩუნებას – თუ ვინმე შეძლებული კაცი გამოჩნდებოდა ან მთელი ერი იკისრებდა ვალის მთლიანად გასტუმრებას.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 მარტს პეტრე მამრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი) წარუდგინა ილია ჭავჭავაძის საფლავის მოაჯირის (ღობის) პროექტი: სიმაღლე – 1,3/4 არშინი, სიგრძე – 21,1/2 არშინი, ალგეთის ქვის ცოკოლის სიგანე – 4 ვერშოკი; პროექტის საერთო ღირებულება – 730 მანეთი.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 22 მაისს შედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრება, რომელზეც მთავარი გამგეობისგან ნასესხებ 2400 მანეთის შესახებ სარევიზიო კომისიის წევრმა იუსტინე ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ეთხოვათ მთავარი გამგეობისთვის ეპატიებინათ სესხის გადაუხდელობა, რადგან სოხუმის განყოფილებას არ გააჩნდა შესაბამისი თანხა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 10 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას 1916 წლის ანგარიში გაუგზავნა: რამდენი სხდომა და წლიური კრება ჩაატარა სოხუმის განყოფილებამ, რამდენი საქმე განიხილა და რომელი წევრი რამდენ კრებას დაესწრო. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარე რაფიელ გოკიელი და მდივანი დავით მეძმარიაშვილი.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 10 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობამ წერილობით შეატყობინა მთავარ გამგეობას თუ რა სამუშაოები განახორცილეს 1916 წელს. წერილს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რაფიელ გოკიელი და მდივანი დავით მეძმარიაშვილი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის სახალხო სკოლათა დირექტორს სთხოვა ქ. თელავში დაწყებითი სკოლის გახსნის ნებართვა. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე, გამგეობის მდივანი ზაქარია მარკოზაშვილი და ივანე პაატაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების 1911 წლის შემოსავალ-გასავლის ოქმი გაუგზავნა. ოქმის მიხედვით 1911 წლის 15 სექტემბერს თელავში დაწყებითი სკოლა გახსნილა. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.