ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47295

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 ნიკო საძაგლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან მიიღო წიგნები.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის შემოდგომაზე ქრისტინე შარაშიძე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, სადაც ოჯახის უმცროსი თაობა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე განათლების მინისტრის წინადადებით გადაწყდა: ბათუმის ქალთა გიმნაზიის მასწავლებლად ნამუშევარ მარიამ ასათიანს შემწეობის სახით მიეცეს 500 მან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის წინადადებით ხორუნჟ (დაბალი ჩინის ოფიცერი) ალექსი დრობაშევისთვის ქვეყნის დემოკრატიის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ათასი მანეთის გადაცემა გადაწყდა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 7 აპრილს, 12:00 საათზე, დანიშნული იყო პედაგოგიური ფაკულტეტის საჯარო სხდომა, რომელსაც ქრისტინე შარაშიძე უნდა დასწრებოდა. ბილეთს ხელი მოაწერა პედაგოგიური ფაკულტეტის მდივანმა სიმონ ყაუხჩიშვილმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრის გამოსვლა ჯარისკაცთა ბინადრობის გამო სახლების პატრონთა ზარალის ანაზღაურების შესახებ. დაადგინეს: იმ შემთხვევაში აენაზღაურებინათ, თუ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იყვნენ დაზარალებულები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება სახალხო სკოლების ყოფილი ინსპექტორის, ვასილ ჯაფარიძის დასამარხად დახმარების გამოყოფის შესახებ. მის ქვრივს გადასცეს 5 000 მან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მოხსენება განსვენებული ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის მეუღლის ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისთვის 3 ათასი მანეთის დახმარების აღმოჩენის შესახებ. მას დახმარებაზე უარი ეთქვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება შტატგარეშე დარჩენილ მოსამსახურეთა სალიკვიდაციო ფულით დაკმაყოფილების შესახებ. ამისთვის მინისტრს გაუხსნეს 58 610 მან. კრედიტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველ ს. ჯაფარიძის მოხსენება სკოლების ეროვნულ საფუძველზე მოწყობის კანონპროექტის პარლამენტში წარდგენაზე, რაც ზედმეტად ჩათვალეს კანონპროექტის დეკლარაციული ხასიათის გამო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის გამოსვლა ცხინვალში სახელმწიფო ხარჯებით გიმნაზიის გახსნის შესახებ.

1931

ტიპი: ღონისძიება

1931 წელს ქრისტინე შარაშიძე მიიწვიეს გიორგი ნიკოლაძის ხსოვნის აღსანიშნავ საღამოზე, რომელიც ამავე წლის 29 ნოემბერს სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზში იმართებოდა. მოსაწვევს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მდივანმა ბესარიონ ყავრიშვილმა და მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილების მდივანმა ი. ლუკაშვილმა მოაწერეს ხელი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 მაისს ლეჩხუმის სამაზრო საერობო გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მითაიშვილმა ცაგერიდან განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს აცნობა, რომ ტიფის გამო სკოლებში მოწაფეთა რიცხვი შემცირდა, დარჩენილებსაც ეშინიათ, და მშობლები, მასწავლებლები სწავლის დროებით შეწყვეტას ითხოვენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

მთავარგამგე ჭუმბურიძე 1919 წლის 16 მაისს ცაგერში მითაიშვილს სწერს, რომ, ცირკულარის თანახმად, სასწავლო წელი 31 მაისს უნდა დასრულდეს, განსაკუთრებული პირობების გამო შესაძლებელია მოსწავლეთს ადრე დათხოვნაც.

1962

ტიპი: ღონისძიება

ქრისტინე შარაშიძემ თამაზ კალანდაძეს ევგენი ხარაძესთან გაატანა 1962 წლის 5 თებერვლით დათარიღებული წერილი და თავისი ნაშრომი სამხრეთ საქართველოს შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სკოლების მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ გომარეთის, ყალამშის, გერგეთის და ატენის სკოლებში სწავლა არ მიმდინარეობს, რადგან შესაფერისი მასწავლებლები ვერ იშოვეს. სასკოლო სექციას მასწავლებლების მოძებნა სთხოვეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი საზოგადო კრების შესახებ, რომელიც დანიშნული იყო 19 იანვარს. გამგეობის განჩინებით რწმუნებულთა საზოგადო კრება გადაიდო 2 თებერვლისათვის და ამის შესახებ ეცნობათ განყოფილებებს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს „კახეთის“ მუშა-მოსამსახურეთა კომისიის თხოვნა მათთვის ორი ცალი „ვეფხისტყაოსნის“ (ქართველიშვილის გამოცემა) დაწესებულ ფასში გადაცემის შესახებ. მათ ორი ეგზემპლარი გადასცეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფიო პეტრეს ასული ეპიტაშვილის თხოვნა. მიეცეს მას საკომისიოდ წიგნები. მან და მისმა ამხანაგებმა განიზრახეს წიგნის მაღაზიის გახსნა ქ. თბილისში. გამგეობამ დაადგინა, საკითხი ჯერჯერობით ღია დაეტოვებინათ, ვინაიდან თბილისში საკომისიოდ წიგნები არავის ეთმობოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვეჯინის განყოფილების თხოვნა, მიეცეს მას ბიბლიოთეკის საჭიროებისათვის წიგნებით დახმარება. გამგეობამ დაადგინა, მიეცათ 96 მანეთის წიგნები ბიბლიოთეკის საჭიროებისათვის.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გიგო შარაშიძემ წარადგინა მის მიერ გამოსაცემად თარგმნილი პატარა წიგნაკები: „ქვანახშირი“, „მოშინაურებული ცხოველები“ და „როგორ უნდა მოვიწყოთ ბოსტანი“. გამგეობის ცნობით, უკვე გამოსცეს გიგო შარაშიძის მიერ თარგმნილი: „ჰაერი და სითბო“, „მეხის ამბავი“, ჰონორარად მისცეს ას-ასი მანეთი. გამგეობამ დაადგინა, საკითხი განსახილველად სექციისთვის გადაეცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 მაისს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მითაიშვილმა (მდივანი ი. ხონელიძე) განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს აცნობა, რომ პარტახტიანი სახადი ძლიერდებოდა, რადგან სკოლა სენის გაძლიერების ერთგვარი კერა იყო, ცაგერის სკოლებში 9 მაისიდან სწავლა დროებით შეწყდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 მაისს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მითაიშვილი (მდივანი ი. ხონელიძე) ცაგერიდან სწერს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს, რომ მთელ მაზრაში, სვანეთის ჩათვლით, მხოლოდ ორი ტიპის სკოლაა, დაწყებითი და უმაღლესი დაწყებითი; დაბალი სკოლა არის 54, სკოლების მასწავლებლები – 88; უმაღლესი დაწყებითი არის 3, მასწავლებლები – 18.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ივნისს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე თბილისიდან ცაგერში სწერს ალექსანდრე მითაიშვილს, რომ ქუთაისში ერობასთან მოეწყობა კურსები და ამის შესახებ ცნობები მოსთხოვონ გელაზანიას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 19 მაისს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მითაიშვილი განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს სწერს, რომ მფრინავი ჯარის II პოლკში ჯარისკაცად მსახურობს დავით ბაბლუანი, პროფესიით მასწავლებელი სოფელ ჩაილურიდან. მისი თქმით, ლეჩხუმის მაზრა საერთოდ, კერძოდ კი სვანეთი მასწავლებლებით ძალიან ღარიბია. ამის გამო ის განათლების მინისტრს სთხოვს სამხედრო მინისტრთან შუამდგომლობას ბაბლუანის განთავისუფლებისა და ერობის განკარგულებაში გაგზავნისთვის.