ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45884

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 8 იანვარს წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, იაკობ გოგებაშვილის ქონებას შეადგენდა 28 640 მანეთი და ათი წლის წინ ვერაზე 2 600 მანეთად ნაყიდი 264 კვ. საჟენი სამოსახლო ადგილი.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 14 მარტის ანდერძის წერილის თანახმად, იაკობ გოგებაშვილმა 1901 წელს თბილისში, ვერაზე ნაფიცი ვექილის ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარისა და მისი მრწმუნებლებისაგან, თავადების – ვლადიმერ ალექსის ძე ოსიპოვისა და გერასიმ დიმიტრის ძე პოლშინისაგან – შეიძინა 264 კვ. საჟენი მიწის ნაკვეთი, რაც დადასტურდა ნოტარიალური აქტით N 208-ით.

1911

ტიპი: მფლობელობა

1911-1912 წლების იაკობ გოგებაშვილის ანდერძების მიხედვით, პირველი ანდერძის აქტის თანახმად, მოანდერძის ლიტერატურული მემკვიდრეობა – ქართულ და რუსულენოვანი სახელმძღვანელოები, გამოქვეყნებული სტატიები და ხელნაწერები, დაუმთავრებელი წიგნები, ანბანისა და ნახატების კლიშეები, საქართველოს რუკის გამოსახულებიანი ლითოგრაფიული ქვა, ბიბლიოთეკა და თბილისში, ვერის უბანში 1901 წელს შეძენილი 264 კვადრატული საჟენი ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცემოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილებას.

1914

ტიპი: მფლობელობა

1914 წლის 29 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის თავადაზნაურობამ დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ნაანდერძევი წყნეთის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი 10 წლით შეიძინა.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე წიგნის მაღაზიის მფლობელი იყო.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, მიხეილ ფრიდონის ძე გაჩეჩილაძეს ჰქონდა წიგნის მაღაზია.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძე წიგნის მაღაზიის მფლობელი იყო.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა,რომ ოლღა გურამიშვილის საგურამოს მამული საზოგადოების სახელზე გაეფორმებინათ, ნასყიდობის ქაღალდისთვის კი 100 მანეთი ილია ჭავჭავაძის ფონდიდან სესხად აეღოთ.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 7 ნოემბერს აკაკი წერეთლის მიერ შედგენილი ანდერძის მიხედვით, ის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უტოვებდა სამოსახლო ადგილს შენობით შორაპნის მაზრის სოფელ სხვიტორში.

1916

ტიპი: მფლობელობა

საგურამოს მამული, რომელიც 1915 წლის ბოლომდე აგრონომ ივანე გრიგოლის ძე მაღალაშვილს ჰქონდა იჯარით აღებული, 1916 წლის 1-ლი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სამეურნეო საზოგადოების გამგეობას 12-წლიანი იჯარით გადასცა. სამეურნეო საზოგადოებას ევალებოდა მამულის მოვლა და ყველა საჭირო გადასახადს თავად ფარავდა. ფული, წმინდა შემოსავლის სახით 75%, სამეურნეო საზოგადოების საჭიროების ფონდს ხმარდებოდა, ხოლო 25% ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცემოდა.

1881

ტიპი: მფლობელობა

1881 წლის 24 თებერვალს სოფელ ახალქალაქის სკოლის მასწავლებელმა ნიკოლოზ ხუციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო ქართული წიგნები სკოლისათვის.

1916

ტიპი: მფლობელობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილი, ერთი ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა.

1916

ტიპი: მფლობელობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ზაქარია ლუარსაბის ძე კიკნაძე, ჰქონდა: ქართული სკოლა საკუთარი ეკლესიით და სათეატრო დარბაზით, ქალთა ჭრა-კერვის სასწავლებელი, საკვირაო სკოლა და სახალხო სამკითხველო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წლის საქართველოს კალენდრის მიხედვით, ვალერიან ლევანის ძე გუნიას თავისი გამოცემების მთავარი საწყობი ჰქონდა თბილისში, ფრეილინის ქუჩის N7-ში.

1905

ტიპი: მფლობელობა

1905 წლის 5 ივლისს ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილ ანდერძში ჩამოთვლილი უძრავ-მოძრავი ქონება იყო: უძრავი ქონება – სოფლის მამული საგურამო-წიწამურში (552 დესეტინა) და ქვითკირის სახლი თბილისში, ანდრიას (ანდრეევის) ქუჩაზე; მოძრავი ქონება – სახლის მოწყობილობა, ავეჯი, სურათები, ძვირფასი ბიბლიოთეკა და კერძო მიწერ-მოწერა. სასამართლოს ბოქაულის მიერ შედგენილი მოძრავი ქონების სია მოანდერძის მეუღლეს ჰქონდა მიბარებული. უძრავ-მოძრავი ქონება თავის დროზე ოლღა ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელში გადავიდოდა.

1911

ტიპი: მფლობელობა

1911 წლის დასაწყისში დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის მფლობელობაში იყო შორაპნის მაზრაში მდებარე მამული ტევრი.

1911

ტიპი: მფლობელობა

1911 წლის დასაწყისში დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილსა და ფრიდონოვს ეკუთვნოდათ ელისაბედის, აბასთუმნისა და ანდრიას ქუჩებზე მდებარე მიწები.

1916

ტიპი: მფლობელობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ გამგეობას აცნობა, რომ 1916 წელს სენაკის ბიბლიოთეკასთან გახსნეს მაღაზია და დაიწყეს სახელმძღვანელოებით ვაჭრობა. მაღაზიის მეპატრონე პეტრე მიხეილის ძე დგებუაძე იყო.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის 12 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ წაკითხული განმარტებითი მოხსენების თანახმად, „საზოგადოება" იყო ფაქტობრივი მფლობელი შემდეგი ქონებისა: ოლღა ჭავჭავაძისეული 286 დესეტინა მამულისა საგურამოში – ვალი 18 825 მანეთი და 44 კაპიკი, ასევე გადასახადის ნარჩენი – 1139 მანეთი და 88 კაპიკი, სულ – 19 965 მანეთი და 32 კაპიკი; ილია ჭავჭავაძისეული სახლისა თბილისში – ვალი 6000 მანეთი, დამატებით გადასახადის ნარჩენი – 1565 მანეთი 60 კაპიკი, სულ – 7565 მანეთი და 60 კაპიკი; საგურამოს მომიჯნავე ზაქარია გურამიშვილის მამულის ერთი მესამედის იჯარისა; სამივე ზემოჩამოთვლილ მამულს ალექსანდრე ყიფშიძე განაგებდა დაქირავებული მმართველებისა და მოსამსახურეების მეშვეობით, რომელთა შენახვაც წელიწადში 1000 მანეთი ჯდებოდა.

1900

ტიპი: მფლობელობა

1900 წლის 9 მარტის ხელშეკრულებიდან ცნობილია, რომ ქვემო მაჩხაანში იოსებ გრიგოლის ძე ტუკუშევის მიერ იჯარით აღებულ ხეხილის ბაღს სამხრეთ-დასავლეთიდან მიხეილ ლაზარეს ძე შანშიაშვილის მამული ესაზღვრებოდა.

1921

ტიპი: მფლობელობა

1921 წელს კონსტანტინე ალექსის ძე ბახტაძეს სანოტარო ბიურო ჰქონდა ბათუმში, ლორის-მელიქოვის ქუჩაზე, კაპპიდის სახლში.

1893

ტიპი: მფლობელობა

1893 წელს მიხეილ სტეფანეს ძე ბეთანიშვილს ბათუმში ჰქონდა ბაღი, რომელშიც ტროპიკული მცენარეების ნერგებს ახარებდა და ყიდდა.

1919

ტიპი: მფლობელობა

1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მუსლიმთა საღვთო წიგნი ჰქონდა. ის იყო ლოცვების ნაკრები, რომლის ილუსტრატორმაც არაბული კარგად არ იცოდა, რის გამოც ილუსტრაციები ტექტს იყო აცდენილი.