ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46478

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მიხეილ მაჩაბელი იყო ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წარმომადგენელი პარლამენტში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დიომიდე თოფურიძემ რუსულ ენაზე წაიკითხა მოხსენება 10-მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ. ამ ფაქტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დარბაზში. მიხეილ მაჩაბლის წინადადებას, კანონპროექტი ფინანსური კომისიისათვის დაებრუნებინათ სათარგმნელად, მხარი დაუჭირა შალვა ამირეჯიბმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დიომიდე თოფურიძეს თავისი მოხსენება 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ რუსულ ენაზე წაუკითხავს. ამ ფაქტს დიდი ვნებათაღელვა გამოუწვევია დარბაზში. კერძოდ, მიხეილ მაჩაბელი, ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით, სთავაზობდა პარლამენტარებს, დაებრუნებინათ კანონპროექტი ფინანსური კომისიისთვის ყველა მონაცემის ქართულ ენაზე თარგმნის მიზნით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დიომიდე თოფურიძეს თავისი მოხსენება 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ რუსულ ენაზე წაუკითხავს. ამ ფაქტს დიდი ვნებათაღელვა გამოუწვევია დარბაზში. კერძოდ, მიხეილ მაჩაბელს პროტესტი გამოუთქვამს ამასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პარლამენტარების მიერ მიღებული კანონის თანახმად, საქმის წარმოება პარლამენტში სახელმწიფო ენაზე უნდა წარმართულიყო და ამ ფაქტით ისინი თვითონვე არღვევდნენ თავისივე მიღებულ კანონს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დიომიდე თოფურიძეს თავისი მოხსენება 10 მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ რუსულ ენაზე წაუკითხავს. მოხსენების დამთავრებისთანავე სხდომის თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძეს განუცხადებია, რომ იგი იძულებული იყო დაეშვა ეს ფაქტი, რადგან მასალის ციფრული მონაცემები რუსულ ენაზე იყო მოწოდებული, ხოლო კანონპროექტის საჩქაროდ მიღების აუცილებლობის გამო არანაირი საშუალება არ იყო ამ მასალის თარგმნისა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10 მილიონიანი ფონდის შესახებ მოხსენებით გამოსულა დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე იმსჯელეს ხარჯებისთვის გამოყოფილი 10-მილიონიანი ფონდის აღდგენის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის თავმჯდომარეობით ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე იმსჯელეს კანონპროექტზე, რომელსაც ხარჯები უნდა დაემტკიცებინა 10 მილიონიანი ფონდიდან.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე მიუღიათ იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილის კანონპროექტი კანონების თანმიმდევრობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტის სხდომა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის თავმჯდომარეობით.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ იაკობ სვიმონიძის სახელით გამოქვეყნებულ წერილში იაკობ გოგებაშვილი წერდა, რომ ქოლერის ეპიდემიამ, რომელიც მთელ საქართველოში მძვინვარებდა, მანგლისში და ზოგადად საბარათიანოში კოჯრიდან ახალციხემდე ფეხი ვერ მოიკიდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ იაკობ სვიმონიძის სახელით გამოქვეყნებულ წერილში იაკობ გოგებაშვილი წერდა, რომ ქოლერის ეპიდემიის დროს თბილისისა და ქართლის გამოღმა მხარის მოსახლეობას შეეძლო მანგლისში გახიზნულიყო, რადგან მანგლისში არასოდეს გავრცელებულა ქოლერა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1891 წელს სიკო ყაზახაშვილმა თელავის საპატიმროს წიგნთსაცავს წიგნები აჩუქა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თელავის მაზრაში მცხოვრები გლეხები სიღარიბის გამო ვერ ახერხებდნენ მიწების გამოსასყიდი გადასახადის დაფარვას. თბილისის სახაზინო პალატის მმართველმა გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძეს მიმართა და სთხოვა, რომ მთავრობასთან ეშუამდგომლა იმისთვის, რომ გლეხებისთვის გადასახადის დასაფარად ხუთი წლის ვადა მიეცათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 აპრილს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გორის მაზრის მემამულეთა სამეურნეო ამხანაგობამ სავაჭრო მასალების საწყობად და თავიანთი საქმეების წარმოებისთვის იორდანე სიხარულიძისგან ოთხი წლით იქირავა ქვითკირისა და ხის შენობები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 აპრილს ა. ი. სტოიანოვი ბათუმში გიმნაზიისთვის შენობის შესარჩევად ჩავიდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მამია დავითის ძე გურიელის ლექსების კრებული დაიბეჭდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 30 მარტს დიმიტრი ნადირაძე დეპოს განყოფილების დასაარსებლად სოფელ მაღაროში ჩავიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 მარტს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე ქალანთარმა დამსწრეებს წაუკითხა კავკასიის მეცხვარეთა ამხანაგობის წესდება. მისი შინაარსი დამსწრეთა ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა და საკითხის განხილვა მომავალი კრებისთვის გადაიდო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 მარტის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ვერის წმინდა ნიკოლოზის საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობაში საკვირაო სკოლა გაიხსნა. სკოლის გამგედ სოლომონ ანდრიას ძე ელიოზიშვილი დანიშნეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 მარტს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა მეუღლესთან ერთად მცხეთის ტაძარი მოინახულა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 მარტს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინს ალექსანდრე ოქროპირიძემ მოახსენა, რომ მცხეთის ტაძარი ცუდ მდგომარეობაში იყო და ფინანსური დახმარების მისაღებად ხელმოწერებს აგროვებდნენ. გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა ამ საქმეში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 მაისს გორში რკინის ხიდი აკურთხეს. კურთხევის ცერემონიას ივანე ამილახვარი, გრიგოლ გოლიცინი და პეტრე იანოვსკი დაესწრნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მიხეილის კერძო საავადმყოფოში ექიმი მ. ფ. მგალობელი იღებდა პაციენტებს ქალთა სნეულებათა და ქირურგიის განხრით.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობასთან დაკავშირებით. თუმანოვი აღნიშნავდა, რომ მომავალი დემოკრატიული რესპუბლიკის ორგანიზაციის საქმეში ჟორდანიას მუშათა კლასის ჰეგემონიაზე გათვლილი სქემა არანაირად არ შეესაბამებოდა იმ ობიექტურ მოცემულობას, რომლის გათვალისწინებით ქართველ ხალხს უწევდა ცხოვრება.