რეგისტრირებული ფაქტები46388
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ ქუთაისის ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორს აცნობა, რომ 15 იანვრიდან ფიზიკის მასწავლებლად გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძე დანიშნეს. სამინისტროს ბრძანება N18-ს ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, ხსენებული გიმნაზიის დირექტორს უნდა წარმოედგინა განმარტება მღვდელ ნიკოლოზ ბარნაბიშვილის მიერ აღძრული საკითხის (ბარნაბიშვილის სამსახურთან დაკავშირებით) შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 იანვარს მთავარგამგე გ. ი. ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორს შეატყობინეს, რომ სასულიერო სემინარიის ყოფილმა საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა შუამდგომლობა სთხოვა სამინისტროს, რათა საქმისმწარმოებლის თანამდებობიდან ოფიციალურად გაეთავისუფლებინათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 იანვარს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმის მწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორს ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის საქმის გაგზავნა სთხოვეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა ი. დადიანმა გზათა მინისტრ ნოე ხომერიკს აუწყა, რომ მინისტრის 1919 წლის 21 იანვრის N11 ბრძანების თანახმად, ფოთის პორტის ფლოტილიის მისაღებად და ნაოსნობის მოსაწყობად დანიშნა კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო ინჟინერი პიასტრიკოვი, წევრები: ინჟინერ-მექანიკოსი დიმიტრიევი, ალექსანდრე ალანია და ფილიპე სპრინკველი. კომისია მალე გაემგზავრებოდა ფოთში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 იანვარს განათლების სამინისტრო ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორ დ. ქუთათელაძეს გასული წლის 19 დეკემბრის N96 წერილის პასუხად სწერდა, რომ ვლადიმერ აბაშიძეს მთელი სამსახური ჩაეთვლება პენსიისთვის იმ შემთხვევაში, თუ მას შეტანილი აქვს ან შეიტანს სათანადო პროცენტებს მიღებული ჯამაგირიდან საპენსიო ფონდისთვის ხაზინაში. ხუთწლეულების დამატება კი ჩაეთვლება მხოლოდ შტატების სამსახურიდან. ამის შესახებ ცნობების დაუყოვნებლივ სამინისტროში წარდგენას სთხოვდნენ. ხელს აწერენ: მთავარგამგე ნათაძე და საქმის მწარმოებელი აბესაძე.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 21 იანვარს დირექტორი ნიკოლოზ ჩიგოგიძე სახალხო განათლების სამინისტროს სწერს, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის მასწავლებელმა ვასილ აბდუშელიშვილმა დაამთავრა იურიევის უნივერსიტეტი ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი 1913 წელს. ასევე, სთხოვს, ნამსახური წლები ვ. გ. აბდუშელიშვილს ჩათვლოდა ნამდვილ სამსახურში.
1919
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების სამინისტრომ გაუგზავნა წერილი სვირის სასკოლო კომისიის წევრ ლუარსაბ გიორგაძეს, რომ მისი თხოვნა და ოქმი სვირის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში აკაკი გველესიანის ინსპექტორად არჩევის შესახებ არ განიხილეს და უკანვე ეგზავნებოდა, რადგან ხელის მოწერა სხვის მიერ, მის მაგივრად არც თხოვნაზე და არც ოქმზე არ იყო არსებული წესით შემოწმებული.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 იანვრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ოზურგეთის შერეული გიმნაზიის დირექტორისა და ინსპექტორის დანიშვნის შესახებ და დაადგინეს: ილია ფერაძე დაინიშნოს დირექტორის, მარიამ ლომინაძე კი – ინსპექტორის თანამდებობის აღმასრულებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 იანვრის განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის მასწავლებლის, გ. შილაკაძისთვის საშუალო სასწავლებელთა ქართული ენის მასწავლებლის წოდების მინიჭების შესახებ. მას უარი უთხრეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 იანვრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლის კელენჯერიძის ამ თანამდებობაზე დამტკიცების საკითხი და დაამტკიცეს შტატების მასწავლებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 იანვარს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე დიმიტრი დუმბაძისთვის ქართული ენის მასწავლებლის წოდების მინიჭების საკითხი განიხილეს. სხდომის წევრებმა დუმბაძის პროფესიული უნარების შესამოწმებლად კომისიის შექმნა გადაწყვიტეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 იანვრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ლაგოდეხის გიმნაზიის გაეროვნების შესახებ. დაადგინეს, ადგილობრივ საკითხთა გამოსარკვევად ლაგოდეხში გაიგზავნოს თელავის გიმნაზიის მასწავლებელი დ. ქადაგიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 იანვარს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საკითხი განსვენებული მასწავლებლის, მათიშვილის ოჯახისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ. თხოვნა დაკმაყოფილდა იმ თანხიდან, რომელიც სამინისტროს მასწავლებელთა უბედური შემთხვევების დროს დახმარებისთვის უნდა გაეცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ წარადგინა სამტრედიის რკინიგზის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგის, რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურეობითი სია, შედგენილი 1918 წლის 21 დეკემბერს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას, რომელსაც თავმჯდომარეობდა დავით კარიჭაშვილი, ესწრებოდნენ: თავმჯდომარის მოადგილე თევდორე კიკვაძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და გამგეობის წევრები: იპოლიტე ვართაგავა, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ი. გიორგობიანი, კ. ქავთარაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს წითელ ჯვართან არსებული ქალთა კომიტეტის თხოვნა ობოლ ბავშვთათვის დაარსებული სკოლის 450 მანეთის ღირებულების წიგნებითა და სასწავლო ნივთებით დახმარების შესახებ. გამგეობის ცნობით, მათ უკვე მიღებული ჰქონიათ ნ. ნაკაშიძის თავდებობით 200 მანეთის წიგნები. გადაწყდა, კიდევ 250 მანეთის სასკოლო ნივთებით დახმარება.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საგურამოს სკოლის მასწავლებლის ეკატერინე ბახტაძის თხოვნა ატენის სკოლაში გადაყვანის თაობაზე. გამგეობამ ამ თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა და მასწავლებლის ნივთიერი მდგომარეობის გაუმჯობესება გადაწყვიტა. სკოლა ისევ ილიასეულ სახლში მოთავსდა დროებით, მაღალაშვილს კი მასწავლებელის თავის ბინაზე დაყენება სთხოვეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე, განიხილეს წაღვერის სამკითხველოს გამგეობის თავმჯდომარის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ თხოვნის ბორჯომის განყოფილებისთვის გადაგზავნა გადაწყვიტა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარიანის სკოლის მასწავლებელის მიხეილ ჩიქვინიძის თხოვნა, რომელიც მამის გარდაცვალების გამო ერთჯერად დახმარებას და ავანსის სახით ორი თვის: თებერვლისა და მარტის ჯამაგირს ითხოვდა. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ მას დახმარების სახით 200 მანეთი და ავანსად თებერვლის ჯამაგირი მისცემოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა თბილისის მოქალაქე ვარდენ ძიძიშვილის განცხადება, სიცოცხლეშივე საზოგადოებისთვის საკუთარი სახლის გადაცემის თაობაზე, თუკი საზოგადოების გამგეობა მის შენახვას იკისრებდა. მას ყოველწლიურად 6000 მანეთი შეჰქონდა. ძიძიშვილის სახლი დაათვალიერა გამგეობის მდივანმა ვ. ბურჯანაძემ, რომლის აზრით, აღნიშნული პირობით ამ სახლის მიღება საზოგადოებისთვის ხელსაყრელი არ იყო. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცათ წინადადება ძიძიშვილისთვის თუ ინებებდა, დაუყოვნებლივ გადაეცა თავისი საკუთარი სახლი საზოგადოებისთვის, მთელი შემოსავალი კი სიცოცხლეშივე თვითონვე მოეხმარა და სახლისთვისაც პატრონობა გაეწია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა საკითხი განათლების მინისტრის წინაშე სკოლებისა და ბიბლიოთეკების შესანახად 150000 მანეთით დასახმარებლად შუამდგომლობის აღძვრის შესახებ. სასკოლო და ბიბლიოთეკების მომწყობი სექციების სავარაუდო აღრიცხვით მთელი ჯამი ხარჯებისა უდრდა 193600 მანეთს, აქედან საზოგადოება კისრულობდა 43600 მანეთს. დანარჩენს 150000 მანეთისთვის მთავრობას სთხოვეს დახმარება.