ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51384

1918

ტიპი: თანამდებობა

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ 1917 წლის 4 სექტემბერს ამიერკავკასიის სამოსწავლო კომისარიატის განკარგულებით, რაჟდენ აბულაძე ამიერკავკასიის რკინიგზების სამმართველოს სამოსწავლო განყოფილების შუამდგომლობით სამტრედიის რკინიგზის ყოფილი ორკლასიანი სასწავლებლიდან გადაკეთებულ უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაუშვეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

რკინიგზის სასწავლო კომიტეტმა განიხილა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის თხოვნა და აცნობა, რომ ის სამტრედიის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლად დაამტკიცეს. მიუხედავად ამისა, კომიტეტმა აბულაძის დანიშვნასთან დაკავშირებით მთავარგამგისგან უარი მიიღო, რადგან მას შესაბამისი წოდება არ ჰქონდა.

1918

ტიპი: ავტორობა

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ უარი თქვა წოდების მიღებაზე. წოდების მიღება თუ აუცილებელი იყო, მიიღებდა მას იქ, სადაც ეტყოდნენ, მაგრამ სანამ სადმე წოდების მისაღებ კომისიებს მოაწყობდნენ, მანამდე ითხოვდა ხელახლა ეშუამდგომლა რკინიგზის სასწავლო კომიტეტს მთავარგამგესთან იმის გათვალისწინებით, რომ მას ჰქონდა თბილისის სასულიერო სემინარიის ოთხი კლასის მოწმობა, უფლებით გათანასწორებული იყო გიმნაზიებთან და 14 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ეს ყველაფერი მას უფლებას აძლევდა წოდების ხარისხის მიუღებლად დამტკიცებულიყო უმაღლესი დაწყებითი სკოლების მასწავლებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძეს თბილისის სასულიერო სემინარიის 4 კლასის (კურსის) დამთავრების მოწმობა ჰქონდა, რაც უფლებას აძლევდა, სახალხო განათლების მინისტრის გასული წლის ცირკულიარის თანახმად, ქართული ენა ესწავლებინა არამც თუ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში, არამედ გიმნაზიის ყველა კლასში. ასევე იგი ამზადებდა საბუთების სახით სამ მოწმობას და ორ ამონაწერს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სერგეი გრიგორის ძე ალდადანოვი პირველი კავკასიური კინომატოგრაფიული ამხანაგობა „კინოსოიუზის“ გამგეობის წევრი იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 16 აგვისტოს ჩხოროწყუს უმაღლესი დაწყებითი ოთხკლასიანი სასწავლებლის გამგე ვლადიმერ მიხეილის ძე სოსელია მიმართავს განათლების სამინისტროს პროფესიონალურ სასწავლებელთა განყოფილების გამგეს, რომ აუცილებელი გარემოებებით მას უწევს გადმოსვლა თბილისში და სთხოვს დაეხმაროს იქ შესაბამისი სამსახურის შოვნაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი; მდივანი – დავით ონიაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის წევრად კონსტანტინე საბახტარაშვილის ნაცვლად არსენ მამულაიშვილი დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სამხედრო კომისიის წევრად კონსტანტინე საბახტარაშვილის ნაცვლად დავით შარაშიძე დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე გზათა კომისიის წევრად იოსებ სალაყაიას ნაცვლად ნიკოლოზ იობაშვილი დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და დავით ონიაშვილი, იუსტიციის მინისტრის კანონპროექტი სასამართლოს ბოქაულთა გასამრჯელოს გაზრდის შესახებ იურიდიულ და საფინანსო კომისიებს გადაეცა განსახილველად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და დავით ონიაშვილი, იუსტიციის მინისტრის შემუშავებული დებულება რესპუბლიკის დროებითი საგანგებო სასამართლოს შექმნის შესახებ იურიდიულ კომისიას გადაეცა განსახილველად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და დავით ონიაშვილი, პრეზიდიუმის წარმოდგენილი კანონპროექტი ეროვნული საბჭოს სტენოგრაფიული ანგარიშების შემდგენელთა ჯამაგირის გათანასწორების შესახებ საფინანსო კომისიას გადაეცა განსახილველად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და დავით ონიაშვილი, განიხილეს და დაამტკიცეს კანონპროექტი 1914 წლის 16 დეკემბრის დროებითი კანონის ზოგიერთ არსებულ გადასახადთა გაზრდისა და მოქმედების გაგრძელების შესახებ. აღნიშნული კანონპროექტი გადაეცა სარედაქციო კომისიას საბოლოო რედაქტირებისათვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 აგვისტოს სამსონ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ საკონსტიტუციო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, კონსტანტინე მაყაშვილი, გიორგი ნანეიშვილი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი. განსახილველი იყო საკითხი მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის მოადგილემ ალ. მდივანმა 1918 წლის 17 აგვისტოს მინისტრთა საბჭოს მიმართა შუამდგომლობით უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთებისა და ყოფ. სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობის მისთვის დათმობის თაობაზე, აღნიშნა, რომ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს მათემატიკურ-საბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტები ემატება, ამიტომ უნივერსიტეტს სასწრაფოდ უნდა დაეთმოს გიმნაზიის შენობა და ის განთავისუფლდეს მფრინავი რაზმისა და ლტოლვილებისგან, თორემ უნივერსიტეტს დადგენილების შესრულების საშუალება არ ექნება, რადგან ლაბორატორიებისა და აუდიტორიებისთვის ადგილი და მოწყობილობა არ აქვს.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1918 წლის 20 აგვისტოს მოხსენებაში „ტექნიკური სასწავლებლის პედაგოგების აგვისტოს ჯამაგირებით დასაკმაყოფილებლად 5087 მან. 54 კაპ. გამოყოფის შესახებ“ ნათქვამია, რომ ხარჯთაღრიცხვა უკვე გადაეგზავნა ფინანსთა მინისტრს, მაგრამ დამტკიცება შეიძლება დაგვიანდეს და მასწავლებელთა მდგომარეობა აუტანელი იქნება, ამიტომ მინისტრთა საბჭოს სთხოვს ამ თანხის გაღებას.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის 1918 წლის 20 აგვისტოს მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ თბილისის ვაჟთა სასწავლებლებელში (ვაჟთა გიმნაზიის ჩათვლით) 5 500 კაცი სწავლობდა, ეროვნების მიხედვით ეს მოწაფეები ასე ნაწილდებოდნენ: ქართველი – 1736, რუსი – 1624, სომეხი – 1477.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის 1918 წლის 20 აგვისტოს მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ რესპუბლიკაში სწავლების ენად მოწაფეთა მშობლიური ენა უნდა გამოცხადებულიყო, ამიტომ დაუყოვნებლივ იყო გადასაწყვეტი ქართველ მოქალაქეთა შვილებისთვის სწავლების ენად ქართულის შემოღება. ეროვნულ უმცირესობებს უნდა ჰქონოდათ საშუალება საკუთარ ენაზე განათლების მიღების. რადიკალური გადაწყვეტილება იყო მისაღები თბილისის მთავრობის სასწავლებელთა დახურვის და შემდეგ ამა თუ ერისთვის შესაფერისი რაოდენობის სასწავლებელთა გახსნისთვის, რომლებშიც მოწაფეები ეროვნების მიხედვით განაწილდებოდნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი 1918 წლის 20 აგვისტოს მოხსენებაში მთავრობის წინაშე ითხოვდა შუამდგომლობას თბილისში სამი ქართული გიმნაზიის გახსნის შესახებ. ასევე საჭირო იყო ერთი გიმნაზია რუსებისთვის, ერთი – სომხებისთვის და ერთიც რუს-სომეხთათვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 აგვისტოს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენებაში ჩოხატაურის დაწყებითი სასწავლებლისთვის მამულის შეძენის შესახებ ნათქვამია, რომ ჩოხატაურის მცხოვრებმა, დაბის აღმ. კომიტეტის რწმუნებულმა გრიგოლ თავდგირიძემ აღძრა შუამდგომლობა, რომ თავადაზნაურთა ყოფილმა წინამძღოლმა კ. ერისთავმა, რომელმაც საზოგადოებას სასწავლებლისთვის ორსართულიანი შენობა დაუთმო შეღავათიან პირობებში (150 000 მან. ღირებულების 25 პროცენტის დაკლებით), 10 000 მან. თვითონ შესწირა განყოფილებას. სააზოგადოებას დარჩენილი თანხის გადახდის საშუალებაც არ ჰქონდა, ამიტომ განათლების სამინისტროს სთხოვა, ეშუამდგომლა მთავრობის წინაშე ან ხაზინის ხარჯით შეეიძინათ შენობა, ან საზოგადოებისთვის რამდენიმეწლიანი სესხი მიეცათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 აგვისტოს განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა წარადგინა მოხსენება, რომლის მიხედვით, სამინისტრო დაამუშავებდა გეგმას სპეციალური სასწავლებლების დაარსების შესახებ და დაიწყებდა განხორციელებას მას შემდეგ, როცა გაირკვეოდა რესპუბლიკის ფინანსური მდგომარეობა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 აგვისტოს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენების შემდეგ მინისტრთა საბჭომ იმსჯელა არსებულ სპეციალურ სასწავლებლებზე და დაადგინა: მიწისმზომელთა და რკინიგზის საშუალო ტექნიკური სასწავლებლები  დარჩეს მთავრობის სასწავლებლად და გაეროვნდეს. ასევე დადგინდა თბილისის I და II კომერციული სასწავლებლების, თბილისის სავაჭრო, საფერშლო (ნავთლუღში და მიხეილის საავადმყოფოსთან), ქუთაისის კომერციული, ბორჯომის, სიონისა და ფოთის სახელოსონო სასწავლებელთა გაეროვნება, გორის სასულიერო სასწავლებლის საშუალო სამეურნეო სასწავლებლად გადაკეთება  და სხვ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და დავით ონიაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და დავით ონიაშვილი, იუსტიციის მინისტრის კანონპროექტი საქართველოს რესპუბლიკაში საგამოძიებო ნაწილის შეცვლის შესახებ იურიდიულ და საფინანსო კომისიებს გადაეცა.