ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46342

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 აგვისტოს სახალხო განათლების სამინისტრომ მარიამ გიორგის ასულ ყიფიანი-აბაშიძისას გაუგზავნა მოწმობა, რომ მას უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლის წოდება მიენიჭა. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ალ. გვახარია.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრმა ნოე რამიშვილმა აიღო შვებულება.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნოე რამიშვილის შვებულებაში გასვლის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობა დაეკისრა ნ. ჭიჭინაძეს. მასვე მიეცა მინისტრთა საბჭოში საკითხების გადაჭრაში მონაწილეობის უფლება.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ქალაქისთავმა ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილმა თბილისის ქუჩებში სასმელი წყლის ვედროებით გაყიდვა აკრძალა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, კრიმინალურმა პოლიციამ დაიჭირა ალექსანდრე გოცირიძე, რომელმაც პაიკ აივაზიანცს 700 მანეთის ღირებულების შაქრის მაგივრად მოტყუებით მარილი მიჰყიდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაში მონაწილეობდნენ: იოსებ გიორგობიანი, სეით იაშვილი, შიო დედაბრიშვილი და თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სეით იაშვილის პირადი განცხადება მოკლე სახელმძღვანელო „ბუნებისმეტყველების“ I და III ნაწილების დაბეჭვდის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, დაებეჭდა ქაღალდის შოვნისთანავე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 აგვისტოს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ წიფის (შორაპნის მაზრა) უფასო სამკითხველოს გამგეობის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, გადაეცა მათთვის თავიანთი გამოცემები სახელმძღვანელოების გარდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ფინანსთა მინისტრის, კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკის განკარგულებით, 15 აგვისტოდან რესპუბლიკაში რუსული საგერბო მარკების ხმარება აიკრძალა. გამოიყენებოდა ახლად დამზადებული ქართული მარკები.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გაზეთ „გრუზიაში“ სისტემატურად დაბეჭდილი შუღლის გამაღვივებელი სტატიების გამო შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგმა ნიკოლოზ ჭიჭინაძემ გაზეთის და სტამბის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 აგვისტოს მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარემ ვ. გელოვანმა, წევრებმა: ილარიონ კოპალიანმა, კოწია ბერუჩაშვილმა, ი. გულბანმა და მდივანმა – ვ. მახარობლიძემ ყრილობის სახელით მიმართეს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობას, რომ ყრილობამ იმსჯელა მასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის შესახებ და დაადგინა: მთავრობისგან მოითხოვოს მატერიალური პირობების გაუმჯობესება – დაუნიშნოს მათ 1000 მან. ჯამაგირი და გაუსწოროს მიუღებელი ხელფასები. წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებლები 1-ლი სექტემბრიდან გაფიცვას აპირებდნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 19 აგვისტოს ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საუწყებათაშორისო კომისიის პირველ სხდომას საზღვარგარეთ წამსვლელი ახალგაზრდებისთვის სტიპენდიის მიცემის წესი უნდა შეემუშავებინა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის განკარგულებით, ყალბი ცნობების გავრცელების გამო გაზეთ „კავკაზსკოე სლოვოს“ გამოცემა შეჩერდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 19 აგვისტოს განათლების სამინისტრო სწერს თბილისის ქალთა ყოფილი მეშვიდე გიმნაზიის უფროსს, თამარ ჯავახიშვილს, რომ დაინიშნა წმინდა ნინოს სახელობის თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის უფროსად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 აგვისტოს, 10 საათზე, პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევგენი გეგეჭკორს. ვიზიტის შემდეგ სტუმარმა სასახლე დაათვალიერა და კმაყოფილი დარჩა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის სხდომაზე შრომის მინისტრმა ნოე გიორგის ძე ხომერიკმა მოხსენება წაიკითხა მუშათა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ინგლისელთა მისიამ აცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამიერკავკასიაში გზავნიდა პოლიტიკურ მისიას ოლივერ უორდროპის მეთაურობით, რომელსაც ერქმეოდა ბრიტანეთის მთავარი კომისარი. მისია მიზნად ისახავდა ამიერკავკასიის მთავრობებთან კავშირის შეკვრას და მათთვის რეგიონში ბრიტანეთის ინტერესების გაცნობას.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

ოლივერ უორდროპი იყო „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ ენაზე მთარგმნელის, მარჯორი უორდროპის ძმა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი ამავე რაზმის უფროსის, პოლკოვნიკ ქარცივაძის თანხლებით სიღნაღის რაზმის დასათვალიერებლად გაემგზავრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში ქუთაისის სახალხო გვარდიის ბინაში გაიმართა ქუთაისის ოლქის გვარდიელების ყრილობა, რომელსაც მთავარი შტაბის თავმჯდომარე ვალიკო ჯუღელიც დაესწრო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა სია იმ სტუდენტებისა, რომლებიც სპეციალური უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში უნდა გაეგზავნათ. სულ წარდგენილი იყო 121 თხოვნა, საიდანაც შეირჩა 19 სტუდენტი: ეპიფანე ალშიფანია, გიორგი ბაქრაძე (ელექტრობა), ვალერიან ახვლედიანი, გიორგი ედიბერიძე, ივანე ლაზარაშვილი (სამთო მრეწველობა), დავით ბერიკაშვილი, ნიკოლოზ ცაგურია (მეტალურგია), დ. გოგიჩაიშვილი, ზურაბ ელიავა (ეკონომიკა), კონსტანტინე კობახიძე (ფინანსები), ნიკოლოზ მესხი (ელექტრომექანიკა), ალექსანდრე ნაზაროშვილი (ელექტროტექნიკა), ლიდია პაპასკირი, მიხეილ ცეკვაშვილი (ეკონომიკა), სპირიდონ ჩომახიძე (საქონელთმცოდნეობა), ივანე ჩხენკელი (ტექნოლოგია), გრიგოლ კახაძე, გაბრიელ ქიქოძე და მირონ წულეისკირი. მათგან მხოლოდ სამი იყო საშუალო განათლებით, დანარჩენები დამამთავრებელი კურსის სტუდენტები იყვნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში მეჯლისის დადგენილების დასამტკიცებლად თბილისში ჩამოვიდნენ სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარე მემედ-ბეგ აბაშიძე და წარმომადგენლები.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის სექტემბერში გაიხსნა საქართველოს ერობების წარმომადგენელთა II ყრილობა, რომელზეც წარმოდგენილი იყო 13 ერობა, სოხუმის ოლქისა და რაჭის მაზრის დელეგატების გარდა. ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს დავით ონიაშვილი, მოადგილეებად – შიო ჭანტურიშვილი და ლეო შენგელაია, მდივნებად – დ. ჩხეიძე და მენაღარიშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის სექტემბერში გენერალ-მაიორმა ბიჩიმ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს საპასუხო წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნა, რომ ის ქართველი ხალხის კეთილის მსურველი და ნოე ჟორდანიას მეგობარია.