ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46103

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ოქტომბერს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ალექსანდრე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა მაქსიმე ბერძნიშვილმა თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის N 46 ბრძანებით, 10 ოქტომბრიდან მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის N 172 ბრძანებით, ქალთა მე-4 გინაზიის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი 15 დეკემბრიდან თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბრძანებას ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე.

1952

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1952 წლის 26 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ნოე ცინცაძესა და ევგენი გეგეჭკორს უნდა შეხვედროდა. დაჰპირდა, რომ მისთვის საინტერესო საკითხებზე პასუხს შეატყობინებდა.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წელს ევგენი გეჭკორი ბერლინში გამართულ იურისტთა ყრილობას დაესწრო.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წლის დეკემბერში მიუნხენში მყოფმა ნოე ცინცაძემ შალვა მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ ვილიამსსა და ალექსიძეს შორის შეთანხმება შედგა. „ამერიკული კომიტეტის“ რადიო გადაცემების დირექტორად ნიკოლაევსკი დაინიშნა, მოადგილეებად კი — არსენიძე და ვინმე რუსი. ნოე ცინცაძე ცდილობდა, მდივნის თანამდებობაზე გაიოზ მაღლაკელიძე დაენიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

დამფუძნებელი კრების 1919 წლის 3 ივნისის სხდომაზე ივანე ჭავჭანიძისა და ქრისტინე შარაშიძის მოხსენებით მიიღეს კანონპროექტი სახალხო სკოლის მასწავლებლებისთვის 5-წლეულ დამატებათა დაწესების შესახებ. თითოეული დამატება – 400 მან.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს თბილისში უნდა გამოსულიყო საქართველოს მუშათა და პროფკავშირთა ცენტრალური საბჭოს ორგანო, ყოველკვირეული ჟურნალი „მუშათა ცხოვრება“, რომლის სარედაქციო კოლეგიის მდივანი შალვა აბდუშელიშვილი იქნებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

საქართველოს დამფუძნებელი კრების ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრის, ვერსალის საზავო კონფერენციის დელეგატის – ნიკო ნიკოლაძის განცხადებით, მთიელები ავანგარდს წარმოადგენენ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა სახელმწიფოებრიობის დაცვის საქმეში, რადგან მათ შეაჩერეს ბოლშევიკთა სვლა სამხრეთისაკენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი საერო განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ თხოვნაში წერს, რომ ბათუმის ხელშეკრულების ძალით ჯავახეთი ოსმალოს გადაეცა. ქართული გიმნაზია, როგორც ტერიტორიის გარეშე დარჩენილი, მთავრობის განკარგულებით დაიხურა. ის გიმნაზიის დაარსებიდან 21 მაისამდე იქ მუშაობდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი საერო განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ თხოვნაში წერს, რომ სამსახურის გარეშე იმყოფება და არაფერი სახსარი არ მოეპოვება ცხოვრებისთვის. მამამისის აფთიაქი და მთელი თავისი ოჯახის ქონება გამოქცევის დროს ახალქალაქში დარჩა. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ულუკმაპუროდ დარჩნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელმა შალვა ილიას ძე ალხაზიშვილმა საერო განათლების მინისტრს რომელიმე გიმნაზიაში მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა. მისთვის სასურველი ადგილი თბილისი, ხაშური ან თელავი იყო. მას სურდა საყვარელი საქმე ეკეთებინა და სამშობლოს სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში დახმარებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 იანვრამდე შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის უფროს და მეორე განყოფილებებში ქართულ ენას ასწავლიდა. ხოლო საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას, ორივეს ქართულად, პირველ კლასში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 დეკემბერს თბილისის მეოთხე საქალებო გიმნაზიას ჯავახეთიდან ლტოლვილი ილია ალხაზიშვილი შვილის – შალვა ალხაზიშვილის (გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი) სახადით დაავადების შესახებ ტელეფონით ატყობინებს.

1893

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე დაიბადა 1893 წლის 15 სექტემბერს. ის იყო მართლმადიდებელი და თვიური ჯამაგირი ჰქონდა 3500 მანეთი.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს ალექსანდრა ალის ასულმა გარდაფხაძე-ქიქოძემ დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის რვა კლასი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე გურიაში, სოფ. ბახვის ორკლასიანი სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 დეკემბერს ჯავახეთიდან ლტოლვილი ილია ალხაზიშვილი საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს სწერს, რომ 25 დეკემბერს თავის მესამე ვაჟ შალვას შეხვდა სახადი. მკურნალი ექიმები იყვნენ ბროძელი, აბაკელია და მგელაძე. ამ მდგომარეობაში ერთი თვე იმყოფებოდნენ. ორი თვის შემდეგ, როცა ექიმებმა გარეთ გამოსვლის ნება დართეს, ის წარსდგა გიმნაზიაში ნოემბრისა და დეკემბრის ანაზღაურების მისაღებად. მას მხოლოდ ნოემბრის თანხა მისცეს და განუცხადეს, რომ დეკემბრის ანაზღაურებას ვერ მისცემდნენ, რადგან 15 დეკემბრს ის სამინისტრომ დაითხოვა და მის ნაცვლად სხვა დანიშნა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ნიკო ნიკოლაძე მომავალ ყვითელ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც უკვე რეალური გახდა და რომელიც, პირველ რიგში, ომითა და რევოლუციებით გამოფიტულ რუსეთს ემუქრება. ქართველი პოლიტიკოსის აზრით, როცა ყვითლების ტალღა კავკასიის ქედს მოაღწევს, ამ შეჯახებაშიც, ჩვეულებრივ, დიდ როლს მთიელები ითამაშებენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელი ნოემბრიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე სოფ. ორბელის ერთკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად გადაიყვანეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ელი თებერვლიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე ცაგერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად გადაიყვანეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ნიკო ნიკოლაძე წერის, რომ დენიკინი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა აგენტია, რომელიც უცხოელ მმართველთა ინსტრუქციით მოქმედებს, რის გამოც მას ისტორიის მკაცრი განაჩენი ელის.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 24 აპრილს ალექსანდრა გარდაფხაძემ ჯვარი დაიწერა მიხეილ იოსების ძე ქიქოძეზე. მათ ჰყავდათ ორი ვაჟი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, XIX საუკუნის მიწურულს ნიკო ნიკოლაძემ შეიმუშავა გროზნო-ფოთის ნავთობსადენის პროექტი, რომელიც გროზნოს ნავთობს მსოფლიო ბაზარზე გასვლის საშუალებას მისცემდა, ამასთან, საქართველო-ჩეჩნეთის კეთილგანწყობას ეკონომიკურადაც შეადუღაბებდა. სამწუხაროდ, პროექტი რუსეთმა ჩაშალა.

1919

ტიპი: ღონისძიება

ნიკო ნიკოლაძისეული გროზნო-ფოთის ნავთობსადენის პროექტი ჩაშალა სერგეი ვიტემ, რომელმაც აგდებულად განაცხადა, რომ გროზნოს გულისთვის ურთიერთობას ვერ გაიფუჭებდა ბაქოელ ნავთობმრეწველებთან და დონეცკელ ქვანახშირის კრეზებთან, – ამის შესახებ 1919 წლის 22 სექტემბერს თავად ნ. ნიკოლაძემ ისაუბრა გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში.