რეგისტრირებული ფაქტები50534
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება მიხეილის საავადმყოფოსა და საბებიო ინსტიტუტის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ და დაადგინეს, უნივერსიტეტს უფლება მიეცეს, ისარგებლოს მიხეილის საავადმყოფოთი და საბებიო ინსტიტუტით, პროზექტურით, საფერშლო და საბებიო სკოლების შენობებითა და მოწყობილობებით საუნივერსიტეტო სწავლების მოსაწყობად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველ სერგო ჯაფარიძის მოხსენება კახეთის რკინიგზის საზოგადოების აქციონერთა კრებაზე მთავრობის ოთხი წარმომადგენლის დასწრების შესახებ. წარმომადგენლებად დაინიშნენ: სახელმწიფო ბანკის კომისარი რაჟდენ დუმბაძე, დიმიტრი აფხაზი, ივანე დადიანი და ივანე მაჭავარიანი.
1945
ტიპი: განათლება
სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1945 წლის 26 თებერვალს გაცემული დიპლომის ასლის მიხედვით დადასტურებულია, რომ ქრისტინე შარაშიძემ 1931 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სრული კურსი, პროფილით „ქართული ენა და ლიტერატურა“ დაუმაღლეს კურსდამთავრებულთა ყველა უფლება მიენიჭა.
1939
ტიპი: თანამდებობა
1939 წლის 16 იანვარს ქრისტინე შარაშიძე მიიღეს საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატაში წიგნის დაცვის განყოფილების მთავარი ბიბლიოგრაფის თანამდებობაზე.
1932
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1932 წელს გაცემული ქრისტინე შარაშიძის შრომის წიგნაკის მიხედვით, შარაშიძის შტატგარეშე მუშაობის საერთო სტაჟი საქართველოს წიგნის პალატაში შესვლამდე 31 წელი იყო.
1939
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1939 წლის 10 აპრილს საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის დირექტორმა ლ. ჯიბლაძემ ქრისტინე შარაშიძე შტატის შემცირების გამო სამსახურიდან გაათავისუფლა.
1945
ტიპი: თანამდებობა
1945 წელს ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მოვალეობის აღმასრულებლად დაინიშნა.
1947
ტიპი: თანამდებობა
1947 წელს ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად დაინიშნა.
1958
ტიპი: ღონისძიება
1958 წელს ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმიდან ხელნაწერთა ინსტიტუტში გადავიდა სამუშაოდ.
1945
ტიპი: ღონისძიება
1945 წელს გეგმების წარმატებით შესრულებისათვის ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის, აღსანიშნავად ქრისტინე შარაშიძეს მადლობა გამოუცხადეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სახელმწიფო კონტროლიორის, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის მოხსენება რუსეთის წითელი ჯვრის ლიკვიდაციის შესახებ და დაადგინეს, მიწათმოქმედების მინისტრს მიეცეს 320 000 მანეთი მომარაგების კომიტეტიდან მის სალიკვიდაციოდ იმ პირობით, რომ ეს ვალი კომიტეტს გადაუხადოს წითელი ჯვრის ქონების ნაწილის გაყიდვით, დანარჩენში მიეცეს საკრედიტო მოწმობები.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ სატუსაღოებში გარედან დარაჯების სამხედრო ძალით შეცვლა ვერ ხერხდება, ამიტომ საჭიროა მათთვის ხელფასების მომატება. დაადგინეს, გარეთა დარაჯებსაც, შიდა დარაჯთა მსგავსად, მოემატოს არანაკლებ 100 მანეთისა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება აზერბაიჯანისთვის 20 ათასი რუსული ფულის მიცემის შესახებ და დაადგინეს, რომ აზერბაიჯანის მთავრობასთან ნავთის საქართველოში გამოშვების საქმეში შეუთანხმებლობის მიუხედავად, მინისტრს ნება დაერთოს აზერბაიჯანელებს მათი ხვედრი ბონების ანგარიშში მისცეს 20 ათასი მან. რუსული ფულით.
1934
ტიპი: ავტორობა
ქრისტინე შარაშიძის 1934-1935 წლების ჩანაწერების მიხედვით, მან საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისეული ბიბლიოთეკის უნივერსიტეტის შენობაში გადატანასთან დაკავშირებით ლუკა ციხისთავს მიმართა, ჯერ ბიბლიოთეკის გაცემული წიგნები დაბრუნებინათ, შეევსოთ ფონდი და შემდეგ დაეწყოთ გადატანა, მაგრამ ეს არ განხორციელდა.
1934
ტიპი: ავტორობა
ქრისტინე შარაშიძის 1934-1935 წლების ჩანაწერების მიხედვით, რაკი უნივერსიტეტი ფართობის მხრივ შევიწროებული აღმოჩნდა, საისტორიო-საეთნოგრაფიო ბიბლიოთეკის გამართულად მოწყობა ვერ მოხერხდა. გადმოტანის დროს დაიკარგა და დაზიანდა მთელი რიგი წიგნებისა, ზოგი (მათ შორის იშვიათი გამოცმები) საქართველოს მუზეუმში დარჩა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება ისიდორე ვარაზაშვილისთვის 11. 632 მან. 84 კაპ. მიცემისა და ავადმყოფობის გამო ივანე ვარაზაშვილის სატუსაღოდან დროებით განთავისუფლების შესახებ. ის. ვარაზაშვილს ნება დართეს ამ თანხის ამიერკავკასიის ბანკიდან მიღებისა იმ ფულიდან, რომელიც მის ძმას, ივ. ვარაზაშვილს, ფინანსთა მინისტრის განკარგულების ძალით დაკავებული ჰქონდა. მინისტრს დაევალა ავადმყოფი ივანე ვარაზაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის განკარგულების გაცემა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება საქონლის გაცვლა-გამოცვლის კომიტეტის თავმჯდომარის და წევრების არჩევის შესახებ. კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი გიორგის ძე აფხაზი დაინიშნა, ორი წევრის წარდგენა კი ყველა სამინისტროს დაევალა.