ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის პირველ ივნისს კავკავის ქართულ სკოლაში, რომლის გამგე იყო ვარლამ ბურჯანაძე, იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების წლისთავის აღსანიშნავად მოსწავლეებმა სალიტერატურო საღამო გამართეს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 21 თებერვალს კავკავის ქართულ სკოლაში (გამგე – ვ. ბურჯანაძე) გამართული მოწაფეთა სალიტერატურო საღამო რომანოვების დინასტიის 300 წლისთავს მიეძღვნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 დეკემბერს კავკავის ქართულ სკოლაში (გამგე – ვ. ბურჯანაძე) მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა ილია ჭავჭავაძის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების წიგნებით ვაჭრობის ანგარიში 1910 წლის 23 აგვისტოდან 1913 წლის 29 მაისამდე. დოკუმენტის მიხედვით, 1910 წლის 23 აგვისტოს თელავის განყოფილებას გაეგზავნა 429 სხვადასხვა წიგნი, საერთო ღირებულებით 493 მან. 41 კაპ. გაგზავნის ხარჯი იყო 4 მან. 40 კაპ. 11 სექტემბერს − გოგებაშვილის რჩეული წიგნები, 584 ცალი, საერთო ღირებულებით 38 მან., 19 სექტემბერს − სახელმძღვანელოები, 580 ც., საერთო ღირებულებით 148 მან. 40 კაპ. გაგზავნის ხარჯი იყო 1 მან. 30 კაპ. 1912 წლის 30 აპრილს მაღაზიაში დაიდო თ. აბაშიძის გადმოცემული წიგნები, 471 ც., საერთო ღირებულებით 113 მან. 55 კაპ. 16 აგვისტოს თელავის განყოფილებას გაეგზავნა წიგნები, 471 ც., საერთო ღირებულებით 354 მან. 90 კაპ. გაგზავნის ხარჯი იყო 2 მან. 90 კაპ. 2 სექტემბერს − 604 ც., ღირებულებით 56 მან. გაგზავნის ხარჯი − 1 მან. 5 კაპ., 5 ნოემბერს − ღირებულებით 27 მან. 40 კაპ., გაგზავნის ხარჯი − 70 კაპ., 1913 წლის 9 იანვარს − ღირებულებით 87 მან., გაგზავნის ხარჯი − 5 მან. 5 კაპ., 22 აპრილს − ღირებულებით 22 მან. სულ მთლიანმა თანხამ შეადგინა 1353 მან. 6 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1912-1913 სასწავლო წელს კავკავის ქართულ სკოლაში (გამგე – ვარლამ ბურჯანაძე) გამართულ სამ სალიტერატურო საღამოში ყველა განყოფილების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების წიგნებით ვაჭრობის ანგარიში 1910 წლის 23 აგვისტოდან 1913 წლის 29 მაისამდე. დოკუმენტის მიხედვით, განყოფილებას მთლიანად ასაღები თანხიდან (1353 მან. 6 კაპ.) უკვე მიღებული ჰქონდა: 1910 წლის 12 ოქტომბერს − 150 მან., 1912 წლის 9 აგვისტოს − 300 მან., იმავე წლის 11 და 27 სექტემბერს, ასევე 5 ნოემბერს − 100-100 მან., 1913 წლის 8 იანვარს − 100 მან., 25 აპრილს − 22 მან. სულ − 872 მან. განყოფილებას უნდა მიეღო კიდევ 481 მან. 6 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1913 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წლის შემოსავალ-გასავლიდან სალაროში დარჩენილი იყო 225 მან. 46 კაპ., გასართობი საღამოებიდან შემოვიდა 336 მან. 16 კაპ., საწევრო გადასახადის სახით − 258 მან., სოფიო ედიშერის ასული ვახვახიშვილის სასტიპენდიო სარგებლიანი ქაღაღალდების პროცენტების სახით − 30 მან., ილია ჭავჭავაძის სახლიდან − 172 მან., შემოწირულობიდან − 71 მან. სულ შემოსულმა თანხამ 1122 მან. 62 კაპ. შეადგინა. 1914 წლის პირველ იანვრამდე წ. კ. საზოგადოების წიგნის მაღაზიის ვალი იყო 1185 მან., სოფიო ზარაფიშვილისა კი − 100 მან. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის გამგემ, ნინო გოგოლაძემ შეიძინა სხვადასხვა რაოდენობით ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები – „კაკო ყაჩაღი“, სცენები, „დედა და შვილი“, „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, „სარჩობელაზედ“, „განდეგილი“, „ოთარაანთ ქვრივი“, რჩეული ლექსები, „მეფე დიმიტრი თავდადებული“, „კაცია-ადამიანი“, „მგზავრის წერილები“, „გლახის ნაამბობი“ და „აჩრდილი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ამცნო, რომ 1911 წლის 11 აპრილს საზოგადოების თელავის განყოფილებამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოსაწესრიგებლად თელაველებისთვის 5600 მანეთის გადაცემის თაობაზე. თელავის განყოფილების აზრით, 1800 მანეთი იყო საჭირო მამულის ტერიტორიაზე ქვის ღობის ასაგებად, 300 მანეთი − მამულში მდებარე სახლის შესაკეთებლად, ხოლო 3500 მანეთი − სკოლის შენობის ასაშენებლად და გასამართავად. დოკუმენტს ხელს აწერენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გ. ქურდიანი და მდივანი ა. ყიფშიძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის დატოვება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის განყოფილებამ ჩაიბარა, ყოვლად შეუძლებელი იყო. შემოუღობავი ეზო გატიალებული ყოფილა, შარაგზად გაუხდია სოფელს, ხან ერთი მეზობელი ლამობდა ეზოს ნაწილის მითვისებას, ხან − მეორე. სამოთახიანი სახლი ისე დაძველებულა, რომ შეკეთებად არ ღირდა. გამგეობამ 200 მანეთი დახარჯა წისქვილის ნაგებობის დროებით გამაგრებაზე, მაგრამ იმ დროისთვის მას ისევ სჭირდებოდა შეკეთება. რუსხმულიც არ ვარგოდა, იქიდან გადმოსული წყალი ეზოს ტბორავდა. კოშკი, სადაც ილია დაბადებულა, თითქოს არ ეპუებოდა ჟამთა სვლასა და სტიქიებს, თუმცა დროთა ვითარებას მასზეც მოუხდენია გავლენა: სახურავი დაძველდა, აივანი და კიბე დალპა და სასიარულოდ საშიში შეიქნა. ერთი სიტყვით, მამული საფუძვლიან შეკეთებას საჭიროებდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს მიხეილ ალექსანდრეს ძე ამონაშვილი, რომან მიხეილის ძე კურდღელაშვილი, იოსებ ქიტესას ძე მარკოზაშვილი, იაგორ კირილეს ძე დათუნაშვილი და მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრები იყვნენ.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1913 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს განყოფილების სალაროდან სკოლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშზე დაიდო 347 მან. 77 კაპ., წიგნის მაღაზიას ვალად მიეცა 300 მან., ილია ზარაფიშვილის სახლების საქმეზე დაიხარჯა 31 მან. 55 კაპ., სოფიო ედიშერის ასული ვახვახიშვილის სახელობის სტიპენდიატის სწავლის საფასური იყო 30 მან., საკანცელარიო წიგნები და ბლანკები 5 მან. 15 კაპ. დაჯდა, ავეჯი − 12 მან., წვრილმა ხარჯმა (საფოსტო, მოსალოცი დეპეშები, პანაშვიდები და სხვა) შეადგინა 45 მან. 52 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1913

ტიპი: განათლება

კავკავის ქართული სკოლის (გამგე – ვ. ბურჯანაძე) 1912-1913 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, ცალკე გამოიყო საბავშვო ბიბლიოთეკა, რომელიც მომარაგდა კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურით, მათ შორის იყო ჟურნალები – "ჯეჯილი" და "ნაკადული". მასწავლებლები შინ ატანდნენ წიგნებს წასაკითხად, მოწაფეები კი ვალდებულნი იყვნენ, წიგნთან ერთად, წაკითხულის შინაარსიც ჩაებარებინათ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის მუშაობის 1912 წლის ანგარიში, რომლის თანახმადაც, 1912 წელს გამგეობის თავმჯდომარე იყო მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე, მისი ამხანაგი − ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი, მდივანი − ილია პავლეს ძე გორდეზიანი, ხაზინადარი − ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების გამგეობამ საზოგადოების მთავარგამგეობას ზესტაფონის წიგნსაცავ-სამკითხველოს ანგარიში გაუგზავნა. ხელს აწერს მდივანი კონტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 29 აპრილს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წარუდგინა მოხსენება ქობულეთის საზოგადოების დადგენილების შესახებ. აღნიშნავს, რომ ოთხმა სოფელმა (ქობულეთმა, სამებამ, ჩურუქსუმ და აღამბარმა) გადაწყვიტა სასოფლო სკოლის დაარსება.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 29 აპრილს ბათუმის სკოლის მასწავლებელი მოსე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის წარდგენილ მოხსენებაში აღნიშნავს, რომ ქობულეთის საზოგადოებამ სკოლისთვის შენობა არ დაიქირავა. ნათაძე საზოგადოების მმართველობას სთხოვდა სკოლა ბათუმიდან ჩურუქსუში გადაეტანათ, რადგან იქ წარმატებულად ვერ იფუნქციონირებდა. ჩურუქსუში სკოლის შენობის დაქირავება წელიწადში 200 მანეთზე მეტი არ ეღირებოდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 4 მაისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 1886-1887 სამოსწავლო წლის ანგარიში წარუდგინა. სკოლაში ისწავლებოდა შემდეგი საგნები: საღმრთო სჯული, ქართული ენა, რუსული ენა, გეოგრაფია და არითმეტიკა. სამოსწავლო წლის განმავლობაში სკოლა ორჯერ დაათვალიერა ქუთაისის გუბერნიის სკოლების ინსპექტორმა და ერთხელ იმავე გუბერნიის სკოლების დირექტორმა, აგრეთვე საზოგადოების კომიტეტის წევრმა იაკობ გოგებაშვილმა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ თელავის სკოლა, სადაც უსასყიდლოდ სწავლობდნენ ღარიბ-ღატაკთა შვილები, განყოფილებას 300 მანეთი უჯდებოდა. განყოფილებას უხდებოდა თელავის მაზრაში დაარსებული ხუთი სამკითხველოს შენახვაც. ამ პირობებში ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოსავლელად სახსარი აღარ მოიპოვებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 4 მაისის ბათუმის სკოლის მასწავლებლის მოსე ნათაძის მოხსენების მიხედვით, 1886-1887 სამოსწავლო წელს ბათუმის სკოლაში 51 მოსწავლე იყო, შემდეგ კი მათი რიცხვი 33 გახდა. მოსწავლეებიდან 3 სპარსელი და 30 ქრისტიანი (ერთი კათოლიკე, ერთი გრიგორიანი, დანარჩენი მართლმადიდებელი) იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ 1913 წლის 10 აპრილს გამგეობამ წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების დადგენილების საფუძველზე აღძრა შუამდგომლობა თავადაზნაურობის წინაშე. შუამდგომლობა ეხებოდა თელაველებისთვის 5600 მანეთის გადაცემას ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის შესაკეთებლად და მამულში ილია სახელობის სკოლის გასახსნელად. სკოლის შენახვას განყოფილება თავის თავზე იღებდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1887

ტიპი: ავტორობა

იაკობ გოგებაშვილის 1887 წლის 26 მაისის მოხსენების მიხედვით, საზოგადოების წლიურმა კრებამ გადაწყვიტა ბათუმის სკოლა არ დაეხურა. სკოლის დიდი ხარჯის გამო საზოგადოების არსებობა საფრთხის ქვეშ დადგა. ხარჯის შესამცირებლად საჭირო იყო ბათუმელი ქართველების აქტივობა. მმართველობამ გადაწყვიტა ,დაეარსებინა ადგილობრივი კომიტეტი, რომელიც გამართავდა კონცერტებს, სპექტაკლებს და საზოგადოებას სკოლის ფინანსურად უზრუნველყოფაში დაეხმარებოდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 31 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავადზანაურობას საზოგადო კრებაზე განუხილავს თელავის განყოფილებისთვის ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის შესაკეთებლად და იქ სკოლის გასახსნელად 5600 მანეთის გადაცემის საკითხი. რადგან დეპუტატთა საკრებულოს ფული უკვე განაწილებული ჰქონია, საზოგადო კრებამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: თელავის განყოფილებას უნდა ესესხა 2000 მანეთი, რომელსაც შემდგომ თავადაზნაურობა დააბრუნებდა. დანარჩენ 3600 მანეთს თავადაზნაურობა 1915 წლის განმავლობაში მისცემდა თელაველებს. ომის დაწყებისა და ყველაფრის გაძვირების გამო თელავის განყოფილებამ ვერ ისარგებლა ორიათასმანეთიანი სესხით და მიზანშეწონილად ჩათვალა უკეთეს დრომდე მოცდა, თუმც მისი აზრით, ყოვლად დაუშვებელი იყო მამულის იმ მდგომარეობაში დატოვება. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.