რეგისტრირებული ფაქტები46994
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლანჩხუთის გამგეობის წინადადება ლანჩხუთში საზოგადოების განყოფილების მუშაობის გაგრძელების შესახებ.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წელს მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა ამიერკავკასიის რაიონული კომიტეტის პლენუმზე გამოვიდა, სადაც ტროცკისა და ზინოვიევს დაუჭირა მხარი. მიხა ცხაკაიამ გააკრიტიკა ოკუჯავა და თქვა, რომ იგი იმპერიალისტებს ეხმარებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 აგვისტოს ვახო დურგლიშვილმა პეტრე მამარაძეს აცნობა, რომ მთლიანად მიიღო სადურგლო სამუშაოებისთვის თავისი კუთვნილი 19 მანეთი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ალექსი ჭიჭინაძე თბილისის ქართულ გიმნაზიაში მეორედ მიიწვიეს დირექტორად. იგი გიმნაზიას სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს, რუსეთის რევოლუციის დროს, ალექსი ჭიჭინაძე ხონის საოსტატო სემინარიის დირექტორად გადაიყვანეს, სადაც 9 წელი მუშაობდა.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894 წელს ალექსი ჭიჭინაძე საპატიო მიზეზების გამო იძულებული გახდა თბილისის ქართული გიმნაზია დაეტოვებინა. კავკავის ოლქის მთავრობის განკარგულებით თერგის ოლქში ჯერ სახალხო სკოლების ინსპექტორად დაინიშნა, შემდეგ კი ამავე სკოლების დირექტორად – ერევნის გუბერნიაში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წელს ალექსი ჭიჭინაძე, როგორც გამოცდილი ადმინისტრატორი, თბილისის ქართული გიმნაზიის დირექტორად მიიწვიეს. იგი გიმნაზიას რვა წელი ხელმძღვანელობდა.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს ქუთაისის გუბერნიის ყოფილმა თავადაზნაურობამ ქართული გიმნაზია დააარსა და ალექსი ჭიჭინაძე დირექტორად მიიწვია.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო გიორგი ყაზბეგი, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს შუამდგომლობა სთხოვა, რომ მომავალ სათავადაზნაურო კრებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 1911 წლის 18 ივლისს შეპირებული 2 500 მანეთი გამოეყო.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 მარტს პეტრე მამრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი) წარუდგინა ილია ჭავჭავაძის საფლავის მოაჯირის (ღობის) პროექტი: სიმაღლე – 1,3/4 არშინი, სიგრძე – 21,1/2 არშინი, ალგეთის ქვის ცოკოლის სიგანე – 4 ვერშოკი; პროექტის საერთო ღირებულება – 730 მანეთი.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძის პირადი საქმის მიხედვით, იგი იყო დეკანოზი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო გიორგი ყაზბეგი, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს სთხოვა, მომავალ კრებას სათავადაზნაურო თანხიდან, გარდა ყოველწლიური შემოწირულობისა, პირველდაწყებითი სკოლების გახსნის საქმეში დასახმარებლად დამატებით 1 500 მანეთი გამოეყო.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 31 ოქტომბერს ინჟინერმა პეტრე მამრაძემ, ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის ჩანაწერთა გასავლის ნაწილის მიხედვით, ჰონორარის სახით 150 მანეთი მიიღო.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 5 აგვისტოს ინჟინერ პეტრე მამრაძეს, ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის ჩანაწერთა გასავლის ნაწილის მიხედვით, 1 100 მანეთი მისცეს.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 29 დეკემბერს პეტრე მამრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ მენარდე ლუჩიანო დე ბლასი ითხოვდა ანაზღაურების დარჩენილ ნაწილს – 2000 მანეთს. პეტრე მამრაძის აზრით, ჯობდა მისთვის 1 000 მანეთი მაშინვე და 1 000-იც სამუშაოს ჩაბარების შემდეგ გადაეხადათ. მისი ეს წინადადება გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგმა მოიწონა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 29 აპრილს ძმები ფორაქიშვილების მაუდის მაღაზიამ 11 მანეთის ნარმა გასცა პეტრე მამრაძის სახელზე.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 6 აპრილს ლუჩიანო დე ბლასი ხელწერილით ადასტურებს, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამუშაოს ანგარიშში პეტრე მამრაძისგან მიიღო 100 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 18 ივლისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მდივანმა, ილია ზურაბიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ თავადაზნაურობა ინჟინერ მამრაძის ილია ჭავჭავაძის ძეგლის პროექტისთვის 2 500 მანეთს ვერ გამოყოფდა, მაგრამ იმედოვნებდა, რომ პირველივე საგანგებო საგუბერნიო კრება გაითვალისწინებდა მათ შუამდგომლობას და 1912 წლის შემოსავლიდან საჭირო თანხას მოიძიებდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 16 ივლისს გრიგოლ ბურჭულაძემ საზოგადოების სახელით თბილისის სათავადაზნაურო ბანკს დახმარება სთხოვა. ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმა ახალი პროექტით 6 000 მანეთამდე ჯდებოდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას კი 1 000 მანეთი ჰქონდა.