რეგისტრირებული ფაქტები46614
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ატენის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი ბარნაბიშვილის ჯამაგირი 360 მანეთი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ევგენია კონსტანტინეს ასული ეგაძე საქველმოქმედო სკოლის მასწავლებელი იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 7 თებერვალს გიორგი მახარებლის ძე სიხარულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს შრომის სკოლის მასწავლებელ იოსებ ჩხატარაიშვილის ჯამაგირი 360 მანეთი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს საქველმოქმედო სკოლის მასწავლებელ ევგენია კონსტანტინეს ასული ეგაძის ჯამაგირი 300 მანეთი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ვერის ბიბლიოთეკის გამგის, ნინო გიორგის ასული ენუქიძის ჯამაგირი 180 მანეთი იყო.
1913
ტიპი: ღონისძიება
დედანთან შეჯერების შემდეგ თბილისის ნოტარიუსმა ილია წინამძღვრიშვილმა განსვენებული იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებელთა მიერ ნაფიცი ვექილის, გრიგოლ რცხილაძის სახელზე 1912 წლის 31 ივლისს გაცემული მინდობილობის ორი ასლის სისწორე დაუდასტურა ელენე ნესტორის ასულ მაჭარაშვილს 1913 წლის 14 დეკემბერს, რეესტრის №№ 12587 და 12585.
1912
ტიპი: გარდაცვალება
განსვენებული ი. ს. გოგებაშვილის ნაანდერძევი ქონების ანგარიშში, გასავლის ნაწილში, აღნიშნულია, რომ 1912 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გაზეთ „სახალხო განათლების" რედაქციას 3 მანეთი გადაუხადა იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების განცხადებაში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ მუზეუმის აშენებასთან დაკავშირებით საზოგადო კრებამ ჩამოაყალიბა სამუზეუმო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ნიკო ელიავა, სიმონ კლდიაშვილი, დავით ჯორჯაძე, იპოლიტე ვართაგავა და ვახტანგ მუსხელიშვილი, ხოლო მათ კანდიდატებად დაასახელეს: ვახტანგ ღამბაშიძე, ქრისტეფორე ციცქიშვილი, ნიკოლოზ ჭიჭინაძე და დავით დავითაშვილი. სამუზეუმო კომისიას თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი. საბოლოოდ სამუზეუმო კომისიის რჩევით გამგეობამ ვერაზე შეიძინა ადგილი „ფიქრის გორად“ წოდებული, რომლის ღირებულება იყო 60000 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, კიტა აბაშიძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს ქუთაისის გუბერნიის განცხადება, რომ ხელახლა განეხილათ სენაკის სკოლის საქმე, მაგრამ გამგეობამ უყურადღებოდ დატოვა მათი თხოვნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცა – 14 მან. და კიდევ – 50 მან., ალექსანდრე ყიფშიძეს – 27.15 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს ყდების გასაკეთებლად – 3.50 მან., თევდორე ჟორდანიას – 80 მან. ჯამში სულ გაიცა 130 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სენაკის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა იასონ ნიკოლაიშვილმა, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში პედაგოგის ან აღმზრდელის პოზიციაზე დაესაქმებინათ. გამგეობამ ქუთაისის სკოლის გამგეს დაავალა ნიკოლაიშვილი მასწავლებლის პოზიციაზე დაენიშნა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, კიტა გიორგის ძე აბაშიძე, ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი და გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ალექსანდრე ყიფშიძეს სამუზეუმო ადგილის საყიდლად გადასცა – 2576.18 მან., იაკობ გოგებაშვილს – 300 მან., მარიამ წერეთელს – 15.32 მან., სტუდენტ სიმონ ბადურაშვილს – 15 მან., მარიამ ხოსიტაშვილს – 10 მან., ნიკოლოზ ღოღობერიძის სამგლოვიარო განცხადებაში – 6 მან., ლავრენტი აგლაძეს – 25 მან., გრიგოლ ბურჭულაძეს – 125 მან., ნავთლუღის სკოლის პედაგოგ ბარბარე დავითაშვილს – 20 მან., ასევე გამგეობამ გადაიხადა საზოგადოების სხვა მნიშვნელოვანი ხარჯები, სულ ჯამში 3595.68 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობის წევრებმა – ა. გარსევანიშვილმა, ნ. ცხვედაძემ, დ. კარიჭაშვილმა, ა. ჭყონიამ, ნ. მთვარელიშვილმა, ი. გოგებაშვილმა, გ. იოსელიანმა, ა. წერეთელმა და ე. გაბაშვილმა – განიხილეს სენაკის სკოლის პედაგოგების რჩევის პროტოკოლები და აგრეთვე მასწავლებელ ლავრენტი აგლაძის საკითხი, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება: 1. სკოლაში შემოეღოთ რუსული წერა; 3. გაეუქმებინათ წესი ნახევარსაათიანი გაკვეთილების შემოღების შესახებ; 3. სკოლის ინსპექტორისთვის დაევალებინათ მასწავლებლებისთვის საგნების განაწილება; 4. მოსწავლე დარახველიძის საკითხთან დაკავშირებით საყვედური გამოეცხადებინათ პედაგოგებისთვის; 5. სენაკის სკოლისთვის გაეგზავნათ ბათუმის სკოლის პროგრამა, რომლის მიხედვითაც პედაგოგიური საბჭო შეადგენდა სრული საგნების პროგრამას; 6. ტერენტი წერეთელი დაეთხოვათ აღმზრდელის თანამდებობიდან, რადგან მას უარი განუცხადებია პედაგოგიური საბჭოს წევრობაზე; 7. ლავრენტი აგლაძესთვის გამოეცხადებინათ საყვედური გაკვეთილის დროს ბავშვის კლასში შეყვანისა და ინსპექტორისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო და ბოლოს: პედაგოგიური საბჭოს დანარჩენი გადაწყვეტილებები, რომლებიც სხდომაზე არ განიხილეს, უცვლელად დაემტკიცებინათ.
1911
ტიპი: მფლობელობა
1911-1912 წლების იაკობ გოგებაშვილის ანდერძების მიხედვით, პირველი ანდერძის აქტის თანახმად, მოანდერძის ლიტერატურული მემკვიდრეობა – ქართულ და რუსულენოვანი სახელმძღვანელოები, გამოქვეყნებული სტატიები და ხელნაწერები, დაუმთავრებელი წიგნები, ანბანისა და ნახატების კლიშეები, საქართველოს რუკის გამოსახულებიანი ლითოგრაფიული ქვა, ბიბლიოთეკა და თბილისში, ვერის უბანში 1901 წელს შეძენილი 264 კვადრატული საჟენი ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცემოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილებას.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 მაისს შედგენილი ანდერძის წერილის საჭირო დამატებაში იაკობ გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვს, ყოველთვიურად თითო თუმანი აძლიონ მის დისწულს, ანა იოსების ასულ ახალბედაშვილისას, რათა მან შეძლოს თავისი ვაჟის, ანდრიას გიმნაზიაში სწავლის საფასურის გადახდა.
1912
ტიპი: პირადი ურთიერთობა
იაკობ გოგებაშვილის დისწულის – ანა იოსების ასულ ახალბედაშვილისას – განცხადებით, ბიძამისი ბევრ ხელმოკლე ნათესავს უმართავდა ხელს, მათ შორის იყო მისი ერთადერთი ვაჟიშვილი ანდრიაც, რომლის გიმნაზიაში სწავლის საფასურს იაკობი იხდიდა, რადგან ოჯახის უფროსის – ქ. გორის თვითმმართველობის მოსამსახურის მიხეილ გიორგის ძე ახალბედაშვილის – 45 მანეთიანი მცირე ჯამაგირით ეს შეუძლებელი იყო.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 მაისის ანდერძის წერილის საჭირო დამატებაში იაკობ გოგებაშვილი სთხოვს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ დისწულის ვაჟს – ანდრია ახალბედაშვილს, თუ ღირსი იქნება, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დაუნიშნონ სტიპენდია უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა იაკობ გოგებაშვილმა, რომ შეეძინათ მისგან რუსული მეთოდიკის მთელი გამოცემა, რომელიც დაუბეჭდავს საზოგადოების სახელით 480 მანეთად. ი. გოგებაშვილის თხოვნას თან ახლავს ცნობა იმის შესახებ, რომ წიგნის მეორე და მესამე გამოცემის საფასური თავად მწერალს გადაუხდია და ასევე საზოგადოების მაღაზიაშიც ჰქონია მიტანილი გასაყიდად, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობა გაყიდულა: 1904 წელს – 21 ცალი, 1910 წელს – 8 ცალი და 1911 წელს – 37 ცალი. გამგეობამ განაცხადა, რომ ი. გოგებაშვილისგან შეეძინათ 140 მანეთის ღირებულების რუსული მეთოდიკა.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 25 ოქტომბრის ქონებრივი მდგომარეობის ნუსხაში იაკობ გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ ვასილ ყიფიანის 390 მანეთი მართებდა, რომელიც დამკაზმველისთვის მას შემდეგ უნდა გაესტუმრებინა, როცა „ბუნების კარსა" და „რუსკოე სლოვოს" სრულიად გამზადებულს ჩააბარებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიას.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის წარდგენილ მოხსენებაში იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავს, რომ მის მიერ საზოგადოებისთვის ნაანდერძევი 5 სახელმძღვანელო ყოველწლიურ 9000 მანეთის მოგებას მოუტანს გამგეობას, რომელმაც შემოსული თანხა შემდეგნაირად უნდა გაანაწილოს: 600 მანეთი სახალხო განათლების ფონდის გასაძლიერებლად გადადოს, 400 მანეთი ვარიანის სკოლაზე დახარჯოს, 300 მანეთით პედაგოგიურ და საბავშვო ჟურნალებს აღმოუჩინოს შემწეობა, 10-20 თუმანი კი კლიშეების განახლებასა და სურათების გამრავლებას მოახმაროს.
1912
ტიპი: ღონისძიება
იაკობ გოგებაშვილის ანდერძის წერილი 1912 წლის 2 მაისს მოანდერძის კარნახით ჩაიწერა გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძემ. ანდერძის შედგენასა და მოანდერძის მიერ ხელის მოწერას ესწრებოდნენ მოწმეები – გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე.