ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50553

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მიხეილ ჯავახიშვილის წერილი „ბრძოლის ასპარეზი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“გამოქვეყნდა რ. ინგილოს წერილი „წითელი სომხეთის შემოტევა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) მოხუცის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „მწარე ფიქრები“ (ნაწილი 13, ცხოვრება და თეორია).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დათა ვაჩნაძის წერილი „ადმინისტრაციის ბოროტმოქმედებანი კახეთში“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გიორგი ალექსანდრეს ძე წინამძღვრიშვილი მშობლებითურთ აუწყებს ახლობლებს, რომ 15 თებერვალს სოფელ ახაშენში მეუღლის, ვერა წინამძღვრიშვილის წლის წირვა და საფლავის კურთხევა გაიმართებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, საზოგადოების ბათუმის განყოფილებისთვის ეთხოვათ ნ. ლაშხიას შესახებ ცნობების მიწოდება.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ნ. ლაშხიას თხოვნა ხერთვისში მაჰმადიანი ქართველებისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ 3 მანეთის წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კოტე აფხაზის „ფინანსიური კრიზისის შესახებ“ (მოხსენების თეზისები კონფერენციაზე).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის წერილი „სოციალ-დემოკრატიული კონფერენციის გამო“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „შეიმანი და საქართველო“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ნესტორ დავითის ძე ერისთავი, გიორგი დავითის ძე წერეთელი სიმონ ირაკლის ძე ამირეჯიბი თამარა გიორგის ასულ ერისთავის გარდაცვალებას იუწყებოდნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გიორგი დავითის ძე წერეთელი თამარა გიორგის ასულ ერისთავის მამა იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „კამათი მთავრობის პოლიტიკაზე“.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 13 თებერვალს პედაგოგი ნინო მერაბის ასული ლორთქიფანიძე-თავდგირიძის გარდაცვალებიდან ნახევარი წლის თავზე გადაიხდიდნენ პანაშვიდს ქაშვეთის ეკლესიაში და ქუთაისში, მთავარანგელოზის ეკლესიაში.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი მალაქია გლახუას ძე ნატბელაძე სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის ცოლის ძმა იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 9 თებერვალს რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილს ქუთაისში, წმინდა გიორგის ეკლესიის გალავანში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „საზღვაო საქმე“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფრომ ტარუაშვილის განცხადება თავისი საბავშვო წიგნის „თხები და ცხვრების“ გამოცემის შესახებ.პირველი გამოცემა სულ გაყიდული იყო. გამგეობის გადაწყვეტილებით ეს საკითხი მიენდო ვ. ბურჯანაძეს. მასვე დაევალა ტარუაშვილის შრომის გაცნობა და კრებისთვის თავისი აზრის გაცნობა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის მთავარი გამგის სამსონ ბახტაძის მოხსენება მაღაზიის საქმეთა მოწესრიგების შესახებ. ბახტაძის აზრით, გამგისა და მისი თანაშემწისთვის უნდა მიეცათ გარკვეული პროცენტი საერთო შემოსავლიდან. წინა კრებაზე დასმული ეს საკითხი გამგეობის დავალებით პრეზიდიუმს უნდა განეხილა მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად და მოეხსენებინა შემდეგ კრებაზე. განჩინების თანახმად, მაღაზიას უნდა ჰყოლოდა მთავარი გამგეობის წინაშე პასუხისმგებელი გამგე და მისი თანაშემწე, რომელიც თავის მხრივ პასუხს აგებდა გამგის წინაშე. გამგეობამ დაადგინა, რომ ყველა მოსამსახურე პირისთვის (ამ კატეგორიაში შედიოდნენ საწყობის გამგეცა და ბუღალტერიც) ყოველწლიურად გადაედოთ 1% საერთო ნავაჭრიდან. დანაკლისზე ყველა აგებდა პასუხს. მოლარისთვის უნდა მიეცათ თვეში 500 მანეთი გადასაყოლებელი, ასევე მონარჩენი ხურდაც. პროცენტი და დანაკლისი განაწილებულიყო ჯამაგირის პროპორციულად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ია კარგარეთელმა ნოტებში ასაღები თანხიდან 500 000 მანეთი სთხოვა. გამგეობამ კარგარეთელის თხოვნა დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია ოქროპირის ასულ გოგოლაშვილის თხოვნა ავადმყოფი ქმრის, დამსახურებულ მასწავლებელ ივლიანე გოგოლაშვილისთვის დახმარების მომატების შესახებ. იმდროინდელი დახმარება თვეში 1 000 მანეთს შეადგენდა. გამგეობამ დაადგინა, გოგოლაშვილისთვის პირველი თებერვლიდან თვეში ორასი თუმანი მიეცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ შიო დედაბრიშვილი, სეით იაშვილი, მეთოდე კაკაბაძე, ქრისტინე შარაშიძე, ივანე ავალიშვილი, დავით კარიჭაშვილი და ვასილ წულაძე; სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის თანაშემწე ივანე ავალიშვილის თხოვნა მისთვის ხელფასის მომატების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, პირველი თებერვლიდან ავალიშვილისთვის 4 000 მანეთი მიეცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის საკითხი განიხილეს. გამგეობამ გადაწყვიტა, გადაეხადა სულის მოსახსენებელი სამოქალაქო პანაშვიდი ყველა იმ მწერლისა, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას ესწრაფვოდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს რკინიგზის კულტურისა და განათლების კომისიის თხოვნა, რომელიც ეხებოდა კრედიტის გადიდებას 100 000-დან 200 000 მანეთამდე. გამგეობამ გადაწყვიტა, კომისიისთვის კრედიტი 200 000-მდე გაეზარდა იმ პირობით, თუ ანგარიშს თვეში ორჯერ გაასწორებდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის 1921 წლის 8 თებერვლის ოქმის მიხედვით, სტამბოლში საქართველოს სენატის პირველი თავმჯდომარე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი გარდაიცვალა.