ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ბათუმის სკოლაში მასწავლებელთა გაფიცვის გამო სწავლა დაიწყო ნოემბერში, მაგრამ მერე შეწყდა და 16 იანვარს განახლდა. ამ დღეს სკოლაში ყველა მასწავლებელი არ გამოცხადდა; პედაგოგთა უმრავლესობამ თებერვალსა და მარტში განაგრძო მუშაობა. მოსწავლეებს სასწავლო პროცესი სამი თვით გაუცდათ, ზოგიერთს – ოთხი და ხუთი თვით. ეს მდგომარეობა მათ აკადემიურ მოსწრებაზეც აისახა, სასწავლო პროგრამის მხოლოდ მცირე ნაწილის გავლა მოახერხეს. 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ბათუმის სკოლაში წინა წელთან შედარებით მოსწავლეების რაოდენობა შემცირებული იყო. პირველ განყოფილებაში 36 მოსწავლე იყო, მე-2 განყოფილებაში – 32, მე-3-ში – 17, მე-4-ში – 10, სულ – 95 მოსწავლე. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ბათუმის სკოლის პირველი განყოფილების მოსწავლეებმა ქართულ ენაში „დედა ენა“ 57-ე გვერდამდე ისწავლეს; რუსული ენიდან – პროგრამის გარკვეული ნაწილი, ლექსების ნაწილიდან – 20 პარაგრაფი; მათემატიკიდან – 20-ის ფარგლებში მოქმედებები და 100-მდე თვლა; საღვთო სჯულიდან – ახალი აღთქმა ნათლისღებამდე. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ბათუმის სკოლის პირველი განყოფილების მოსწავლეები გამართულად ვერ კითხულობდნენ, თუმცა წაკითხულის შინაარსს კარგად გადმოსცემდნენ; საკმაოდ კარგად იცოდნენ რუსული სიტყვები და ფრაზები; ანგარიშობდნენ კარგად და ციფრების წერაც იცოდნენ; ყველაზე მეტად ქართულად კითხვა და ტექსტის შინაარსის გადმოცემა მუსულმან მოსწავლეებს უჭირდათ, ანგარიში კი ძალიან კარგად იცოდნენ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-2 განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ენიდან „დედა ენა“ 117-ე გვერდამდე ისწავლეს; რუსული ენა – სახელმძღვანელოს 79-ე გვერდამდე; მათემატიკიდან – შეკრება-გამოკლება, გამრავლება-გაყოფა 100-ის ფარგლებში მხოლოდ ათეულებისა; საღვთო სჯულიდან – თორმეტი დღესასწაული და რამდენიმე ტექსტი ძველი აღთქმის დასაწყისიდან. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-2 განყოფილების მოსწავლეები ქართულად უცნობ ტექსტებს ნელ-ნელა კითხულობდნენ, თხრობა კი – უჭირდათ; რუსულ ენაში მხოლოდ ორი ლექსი იცოდნენ ზეპირად, განვლილი მასალიდან კითხვებს კარგად პასუხობდნენ, კითხვა უჭირდათ, თუმცა კარგად ანგარიშობდნენ; საღვთო სჯულის ტექსტების შინაარსს ილუსტრაციის დახმარებით ჰყვებოდნენ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-3 განყოფილების მოსწავლეებმა ისწავლეს „დედა ენა“, რომლის პროგრამაც გასულ წელს არ დაუსრულებიათ. ასევე ისწავლეს ცხრა არაკი და ლექსები, სურათის აღწერა, მეტყველების ნაწილები, სამშობლოს აღწერა, მათემატიკიდან – ოთხივე მოქმედება, ზომის ერთეულები, ამოცანები ქართულად და რუსულად, „ბუნების კარიდან“ – 12 ლექსი, საღვთო სჯულიდან – ძველი აღთქმა და რამდენიმე ტექსტი ახალი აღთქმიდან. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-3 განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ლექსები კარგად იცოდნენ და ხსნიდნენ როგორც სიტყვებს, ასევე ტექსტის აზრს; „ბუნების კარიდან“ მასწავლებლების მიერ პატარ-პატარა ნაწილებად დაყოფილი სტატიების შინაარსს ჰყვებოდნენ; გრამატიკულად არჩევდნენ ბევრ წინადადებას; უცნობი ტექსტის კითხვა და მისი შინაარსის გადმოცემა კი უჭირდათ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-3 კლასში მოსწავლეები რუსულ ენაზე ლექსებს ზეპირად ამბობდნენ, მოთხრობებს გამართულად ჰყვებოდნენ და ხსნიდნენ მის აზრს. უცნობი ტექსტის კითხვა და მისი შინაარსის გადმოცემა უჭირდათ, მაგრამ ზოგადად, ამ მხრივ კარგი შედეგები ჰქონდათ მოსწავლეებს. გრამატიკულად საკმაოდ ბევრ წინადადებასა და სიტყვას არჩევდნენ, მათემატიკიდან კარგად იცოდნენ ოთხივე მოქმედება და ამოცანების ამოხსნა ქართულ და რუსულ ენაზე ეხერხებოდათ, იცოდნენ სამშობლოს აღწერა და საღვთო სჯულის ტექსტების შინაარსს კარგად ჰყვებოდნენ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თედო რაზიკაშვილი ხელთუბნის სკოლის პედაგოგი იყო, იქ თოთხმეტი წლის განმავლობაში ასწავლიდა და მისი ხელფასი 420 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თედო პავლეს ძე რაზიკაშვილმა დაასრულა გორის საოსტატო სემინარია.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ლავრენტი დავითის ძე აგლაძემ თბილისის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი წლიური ანგარიშის მიხედვით, ლავრენტი დავითის ძე აგლაძე თონეთის სკოლაში შვიდი წლის განმავლობაში ასწავლიდა და მისი ხელფასი 530 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ივანე გიუნაშვილი წინარეხის სასწავლებელში სამი წლის განმავლობაში ასწავლიდა და მისი ხელფასი 420 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ივანე იოსების ძე გიუნაშვილმა დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ნინო ორბელიანის თხოვნა დახმარების თაობაზე. უსახსრობის გამო გამგეობამ მას უარი უთხრა.

1915

ტიპი: განათლება

მიხეილ დიმიტრის ძე საყვარელიძემ დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და ოდესის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე სამსონ ფირცხალავასგან შეიტყვეს, რომ წიგნის მაღაზიისთვის ბინის ქირაობა შესაძლებელი იყო პეტრე, სტეფანე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების სახლში.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილებით მწიგნობრობის სექციის დროებითი მოვალეობის აღმსრულებლად პეტრე სურგულაძე დაინიშნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გაეცნენ იაკობ ნიკოლაძის მიერ შედგენილ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ახალი ესკიზებს. გამგეობამ ესკიზები მოიწონა და გადაწყდა, ნიკოლაძისთვის 1000 მანეთი გაეგზავნათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყდა დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ დაბეჭდვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ილღა ჭავჭავაძეს საზოგადოებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად 50 მანეთი მისცეს.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, წინარეხის სკოლის მასწავლებლის ივანე გიუნაშვილის თვიური ანაზღაურება 9 მანეთი და 17 კაპიკი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მასწავლებელ ივანე გიუნაშვილის შრომის ანაზღაურების საკითხი. მას გადასცეს 10 სამუშაო დღის ხელფასი – 4 მანეთი და მგზავრობის თანხა – 6 მანეთი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისგან ჟურნალ „მოგზაურის“ ორი წლის გამოცემების (სულ 50 ნომრის, თითოს – 40 კაპიკად) შეძენის თხოვნით მიმართა.