ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46253

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 ივნისს თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს 2 ივნისის N284 შუამდგომლობის პასუხად აცნობეს, რომ გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს 20 მაისის სხდომის დადგენილება დაამტკიცეს და უფლება მისცეს სპეციალური საშუალებიდან იოსებ აბულიანცისთვის 225 მანეთი გამოეწერა. ხელს აწერენ მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელია და საქმისმწარმოებელი ვარლამ დავითის ძე ძიძიგური.

1919

ტიპი: თანამდებობა

მთავარგამგე ჭუმბურიძე 1919 წლის 6 ივნისს სამხედრო სამინისტროს (ლეჩხუმის სამაზრო ერობის შუამდგომლობით) სათანადო განკარგულების გაცემას სთხოვს ჯარისკაც დავით ბაბლუანის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებაზე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ივნისს კონსტანტინე (კოკი) ილიას ძე აბაშიძე სახალხო განათლების მინისტრს განათლების სამმართველოში სამსახურის დაწყების თხოვნით მიმართვს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 6 ივნისს კ. აბაშიძის სახალხო განათლების მინისტრის თხოვნაში წერია, რომ 1914 წლიდან 1915 წლამდე მსახურობდა საერობო კავშირის ბათუმის განყოფილებაში და პირველ ხანებში განაგებდა მთელი ართვინის მიმართულების დაწესებულებათა საქმეებს,შემდეგ კი მთავარი დაწესებულების საქმის გამგედ ბათუმში. ჯამაგირს იღებდა თვეში-300 მან., ჰქონდა ოთახი და სადილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 ივნისს ირაკლი წერეთელი და გრიგოლ ურატაძე ლანჩხუთში ჩავიდნენ. რაიონში გამართულ კრებაზე ირაკლი წერეთელი მოხსენებით გამოვიდა დასავლეთ ევროპის მდგომარეობის შესახებ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისს ხოტევის სასწავლებლის გამგე-მასწავლებელმა ათანასე გაგოშიძემ განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს გაუგზავნა სია მისდამი რწმუნებული სკოლის იმ მოსწავლეებისა, რომლებიც მომდევნო კლასში გადავიდნენ და მათი, ვინც სკოლა დაამთავრა. წლის დასაწყისში პირველ განყოფილებაში ირიცხებოდა 43 მოსწავლე, მეორეში – 35, მესამეში – 28, მეოთხეში კი – 16. მოსწავლეებმა სკოლას თავი დაანებეს „ისპანკისა“ და ტიფით ავადმყოფობის, ასევე ცხოვრების გაძვირების გამო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისს ვალერიან გამყრელიძემ სახალხო განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს გაუგზავნა წერილი, რომელშიც საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად გასაგზავნ ახალგაზრდათა ჯგუფში შეყვანას სთხოვდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივნისს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ მასწავლებელ გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელს სხვა ადგილის მოსაძებნად მიეცა ორი თვის თავისუფლება ანაზღაურების შენარჩუნებით. მისი თავისუფლების ვადა 20 მაისს დასრულდა. ის ამაღლობელის შესახებ სათანადო განკარგულებას ითხოვდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს საქართველოს რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩხეიძემ ინახულა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიშონი და გააცნო ის მოთხოვნები, რომელთაც საქართველოს დელეგაცია საზავო კონფერენციაზე წარადგენდა. პიშონმა ჩხეიძეს განუცხადა, რომ დაბრკოლება არ არსებობდა და საქართველო ამ მოთხოვნებზე დადებით პასუხს მიიღებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს მთავრობის 24 მაისის სხდომაზე განიხილეს კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილის ჰიმნის „დიდება“ ეროვნულ ჰიმნად გამოცხადების საკითხი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, კ. ნინიძე, ვ. წულაძე, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების საჭიროებისათვის ქაღალდის შეძენის საკითხი. გამგეობის წევრი ვასილ წულაძე იტალიაში მიემგზავრებოდა ქაღალდის შესაძენად. გამგეობამ ფულის შოვნა თევდორე კიკვაძეს, დავით კარიჭაშვილს და ვარლამ ბურჯანაძეს მიანდო. მთავარმა გამგეობამ ვ. წულაძეს დაავალა, რომ უცხოეთში ქაღალდი იმ პირობით ეშოვნა, რომ მისი გამოსყიდვა შეასაძლებელი ყოფილიყო ბათუმში ან ფოთში, ან იმდენი ეყიდა, რამდენსაც ფული ეყოფოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა საკითხი მე-19 საუკუნის ლიტერატურის ისტორიის შესახებ. გადაწყდა, გიორგი ჯავახიშვილისთვის მიენდოთ მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის შედგენა. გამგეობამ დადგენილება დაამტკიცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წერაქვის სკოლის მასწავლებელ მარიამ ღიბრაძის თხოვნა ივნისისა და ივლისის კუთვნილი ჯამაგირის მიცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა მისცემოდა მას თანხა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის თხოვნა წიგნსაცავიდან საჭირო მასალით სარგებლობის შესახებ. გამგეობამ საზოგადო წესით მას ნება დართო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსე ჯანაშვილის განცხადება ლექსიკონის გამოცემასთან დაკავშირებით. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს მიანდო გამოცემის პირობებზე მოსე ჯანაშვილთან მოლაპარაკება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თ. კიკვაძის წინადადება სკოლების გადაცემის შესახებ. მისი აზრით, სკოლები სექტემბრიდან უსათუოდ უნდა გადაეცეს ერობებს. გამგეობამ დაადგინა, მიენდოს თ. გ. კიკვაძეს, გამგეობის სახელით აღძრას შუამდგომლობა დამფუძნებელი კრების სასკოლო კომისიაში სკოლების ჩაბარების შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

დამფუძნებელი კრების 1919 წლის 3 ივნისის სხდომაზე ივანე ჭავჭანიძისა და ქრისტინე შარაშიძის მოხსენებით მიიღეს კანონპროექტი სახალხო სკოლის მასწავლებლებისთვის 5-წლეულ დამატებათა დაწესების შესახებ. თითოეული დამატება – 400 მან.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეს მიმართა გიორგი ზდანოვიჩის დამ, ოლღა იოსების ასულმა მიქელაძემ, რომ გაეწიათ რაიმე სახის დახმარება მისი ძმის დანატოვარი უძარ-მოძრავი ქონებიდან, რომელიც საზოგადოებას უანდერძა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის პირველ ივნისს გამართულ დამფუძნებელი კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და დამსწრეებს დენიკინის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აცნობა. ის საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ამ დაპირისპირებაში საქართველო გაიმარჯვებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ივნისში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ შულავერის კომისარ ბ. ოვანიანისგან დეპეშა მიიღო, რომელშიც ის სალამს უძღვნის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკდებლობას და იმედს გამოთქვამს, რომ ამ სადღესასწაულო დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდებოდნენ სომეხ-ქართველთა სამწუხარო კონფლიქტის მსხვერპლი შულავერელები.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივნისში ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოების განყოფილებამ აღადგინა ობოლ ბავშვთა თავშესაფარი, ოსმალთა შემოსევის დროიდან დაკეტილი. თავშესაფრის გახსნას დაესწრნენ მთავრობის საგანგებო რწმუნებული გრიგოლ გიორგაძე, დამფუძნებელი კრების წევრი ლევან რუხაძე და ლტოლვილთა ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის რწმუნებული გრიგოლ ვეშაპელი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი ივნისის „ერთობა“ იუწყებოდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა „ტიფლისკაია გაზეტაში“ და „ნოვოსტი დნიაში“ დაბეჭდილი ყალბი ცნობების (მოხალისეთა ჯარის შავი და კასპიის ზღვებისკენ მსვლელობის შესახებ, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობაში არევ-დარევას ემსახურება) გაცნობის შემდეგ დაადგინა, შეწყვეტილიყო გაზეთების გამოცემა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელი ივნისის გაზეთი „ერთობა“ იუწყება, რომ დამფუძნებელი კრების წევრ გაბრიელ ცისკარიშვილს თუშეთიდან შეატყობინეს, რომ საზაფხულო სოფელ ტბათანს თავს დაესხნენ ოსები, გაიტაცეს ცხვარი და დახოცეს მწყემსები. ცისკარიშვილმა დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამმართველოს მიმართა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლ ივნისს ქართული სამუსიკო საზოგადოების წლიურ კრებაზე განიხილავდნენ დიმიტრი არაყიშვილის მოხსენებას აკადემიის შესახებ, ასევე ილია აბაშიძის მოხსენებას – ქართული სამუსიკო საზოგადოების კომპეტენციის გაფართოების შესახებ და სხვ.