ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46264

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 28 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინო ვასილის ასული აკოფოვა ქერჩის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იყო მიუნხენში, სადაც კონსერვატორია დაამთავრა და იქვე გერმანულ ენას სწავლობდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 თებერვალს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებლის ნაცვალმა სურმავამ თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს ევგენი ჭოღოშვილსა და თბილისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის დირექტორს პეტრე ჩარექიშვილს სთხოვეს, წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მასწავლებლის დავით ანანიაშვილის გაკვეთილებს დასწრებოდნენ. შეეფასებინათ მისი უნარი და გამოცდილება, როგორც პედაგოგისა და საქმის მცოდნისა და დასკვნა სამინისტროსთვის წარედგინათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 თებერვალს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და საოსტატო ინსტიტუტის საქმეებთან დაკავშირებით საგანგებოდ მოწვეული დიმიტრი უზნაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს სამინისტროს კანცელარიის დირექტორისთვის 600 მან. მიცემის შესახებ იმ მოსამსახურეთა დასაკმაყოფილებლად, რომელთაც ხარჯთაღრიცხვის შესადგენად დამატებითი იმუშავეს. თანხა მიეცა ორი მოსამსახურის დასაკმაყოფილებლად.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 27 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საოსტატო ინსტიტუტის დირექტორის, პროფ. დიმიტრი უზნაძის მოხსენება საოსტატო ინსტიტუტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეერთების შესახებ. მოხსენება მოიწონეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის1919 წლის 27 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს სამინისტროს რწმუნებულ აკ. ფაღავას მოხსენება ბათუმში გიმნაზიის გახსნის შესახებ და დაადგინეს: გაიხსნას ქართული სახაზინი გიმნაზია. თანამდებობის პირთ და მასწავლებელთ 4 თვის განმავლობაში მიეცეთ დამატებითი ჯილდო _ თვეში 300 მან. და გზის ფული _ დირექტორს I კლასის ბილეთი და მასწავლებელს II კლ.

1919

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის 1919 წლის 27 თებერვლის N16 ბრძანების მიხედვით, თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის მასწავლებელ ვასილ აბდუშელიშვილიშვილისთვის უნდა ჩაეთვალათ სახელმწიფო სამსახურში განათლების სფეროში ნამსახურეობის წლები 1913 წლის 1-ლი ენკენისთვიდან.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 27 თებერვლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის N 19 ბრძანების მიხედვით, 1919 წლის პირველი სექტემბრიდან სახალხო განათლების სამინისტროს ასპარეზზე ნამსახური წლები სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის მასწავლებელ სავლე იოსების ძე აბულაძეს.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის 26 თებერვალს ექიმმა მოწმობით დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე სისხლნაკლულობით იყო დაავადებული. იგი გადაღლილი იყო და აუცილებლად სჭირდებოდა დასვენება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 26 თებერვალს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ განაცხადა, რომ როგორც საბუთებიდან ჩანდა, პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილს მასწავლებლობის ფორმალური უფლება ჰქონდა. მას თუ არაფერი აბრკოლებდა შეიძლებოდა რომელიმე გიმნაზიაში ან სასწავლებელში თავისუფალ ადგილას მასწავლებლად დაენიშნათ, მაგრამ მასწავლებლების მიწვევის უფლება ერობას ჰქონდა და ალღუზაშვილს შეეძლო სამსახურის თაობაზე თავისი საბუთებით ერობისთვის მიემართა.

1919

ტიპი: ღონისძიება

თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა მიმართა საშუალო სასწავლებელთა მთავარ გამგეს, გიმნაზიის მასწავლებლისთვის, ალექსი ბარსოვისთვის, რომელმაც ტიფი და ფილტვების ანთება გადაიტანა, მიეცათ 4 თვით დასვენების უფლება ჯამაგირის შენარჩუნებით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 თებერვალს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის დირექტორს წერილი გაუგზავნა, რომ ალექსი ბარსოვისთვის ანაზღაურებადი შვებულება მიეცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

თბილისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის დირექტორმა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მარიამ ბუტულაშვილი-ჭრელაშვილის მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში დანიშვნა სთხოვა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 24 თებერვალს სამტრედიის გამგეობამ დაბალი სკოლების მთავარგამგეს აცნობა, რომ უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებელში გერმანული ენის მასწავლებლად მიწვეული იყო ნადეჟდა გიორგის ასული აბაზაძე და სთხოვა იგი იმავე წლის 1-ლი თებერვლიდან თანამდებობაზე დაემტკიცებინა. ხელს აწერენ ქალაქის მოადგილე დ. მიქელაძე და საქმისმწარმოებელი ა. კანდელაკი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 24 თებერვალს თბილისის გუბერნიის მე-3 რაიონის სახალხო სკოლების გამგე პ. ჯაფარიძემ დაბალი სასწავლებლების მთავარგამგეს 10 თებერვლის N1146 წინადადების თანახმად გაუგზავნა პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილის თხოვნა სამსახურის შესახებ და მისი დოკუმენტები. ერთ-ერთი დოკუმენტი გორის მაზრის სახალხო სკოლების მასწავლებელთა კრების ოქმიდან ამონაწერი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: საპატიო თავმჯდომარე გ. ნ. ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: იპ. ვართაგავა, შ. დედაბრიშვილი, ნ. ნაკაშიძე, ვ. წულაძე, ი. გიორგობიანი, ს. იაშვილი, ლ. ბოცვაძე, თავმჯდომარეობდა დ. გ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს განათლების სამინისტროს უწყება, რომ პარლამენტის საერთო დადგენილების თანახმად, ყველა სკოლა უნდა გადასცემოდა ერობებს და ამის შესახებ საზოგადოების გამგეობას თავისი გადაწყვეტილება უნდა ეცნობებინა სამინისტროსთვის. გამგეობამ დაადგინა, რომ ის პრინციპულად თანახმაა, გადასცეს სკოლები ერობებს, ხოლო ვიდრე ერობები მიიღებდეს სკოლებს, გამგეობა საჭიროებს დახმარებას, რომ სკოლებმა მოქმედება არ შეწყვიტონ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარიანის სკოლის მასწავლებელ მიხეილ ჩიქვინიძის თხოვნა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. გამგეობამ დაამტკიცა სასკოლო სექციის დადგენილება, რომლის თანახმადაც, ჩიქვინიძე გათავისუფლდა თანამდებობიდან. მას მოეთხოვა ხარჯთაღრიცხვა და ყოველი სასკოლო კუთვნილება ჩააბაროს სიით მასწავლებელ ბასილაშვილს და სია წარმოუდგინოს გამგეობას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი „დედაენის“ I ნაწილის გამოცემის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის ქალაქთა კავშირის განათლების განყოფილების გამგე წინადადებით მიმართავს გამგეობას, შეუკვეთოს ხსენებული კავშირის სტამბას დასაბეჭდად „დედა ენა“ I ნაწილი. კავშირის განათლების განყოფილება კისრულობს წიგნის გამოცემას თავისი ქაღალდით, აწყობით, დაბეჭდვით და აკინძვით ცალი 2 მანეთად, ხოლო აუკინძავად – 1 მან. 90 კაპ. სასკოლო სექციამ დაადგინა, კორექტორი და მეთვალყურე ტერენტი წერეთელი მოელაპარაკოს საქართველოს რესპუბლიკის სტამბის განათლების განყოფილების გამგე ს. რობაქიძეს თითოეული ცალის გამოცემის დაკლებაზე, ხოლო უარის შემთხვევაში მიიღონ წარმოდგენილ პირობებში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ორი მაჰმადიანი ქართველი მოწაფის მურად გულთაიშვილის და სულეიმან კაიკაციშვილის თხოვნა ბათუმის გიმნაზიაში გადაყვანის შესახებ. ხსენებული მოწაფენი, რომელთაც გამგეობა აძლევდა იმ ჟამად თვეში ორივეს 100 მანეთს, ბათუმში გიმნაზიის გახსნის გამო თხოულობდნენ იმ გიმნაზიაში გადაყვანას, რადგან მათი აზრით, საჭირო იყო, რაც შეიძლება მეტი ქართველი მოწაფის ხსენებულ გიმნაზიაში მოთავსება. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის წინადადება საქართველოს კალენდრის შესადგენად სპეციალისტთა კომისიის მოწვევის შესახებ. გამგეობამ მის მიერ წარმოდგენილი გეგმა დაამტკიცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხი: წიგნის გამომცემელი სექციის დადგენილების თანახმად შეეძინათ შიო არაგვისპირელის ყველა მოთხრობა ერთი გამოცემისათვის და ჰონორარის სახით ავტორისთვის 1500 მანეთი მიეცათ. გამგეობამ ეს დადგენილება დაამტკიცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნის გამომცემელი სექციის დადგენილება, რომ უნდა დაიბეჭდოს და გამოიცეს ილია ჭავჭავაძის „კაკო ყაჩაღი“ და აკაკი წერეთლის „ნათელა“ (თითო 2000 ცალი), რადგან ამ წიგნებზე დიდი მოთხოვნაა, მაღაზიაში კი არ მოიპოვება გასაყიდად. აკაკის „ნათელა“ უნდა შეეძინათ საისტორიო საზოგადოებისგან, რომელსაც ნაანდერძევი ჰქონდა მისი ყველა ნაწერი, გარდა კრილოვის არაკებისა. გამგეობამ დაამტკიცა სექციის დადგენილება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსე ზელცერის წინადადება, თავისი წარმომადგენელი გაეგზავნა ოდესაში, სადაც შესაძლებელი იყო ბევრი ქაღალდის შეძენა წიგნების დასაბეჭდად. იქვე შეიძლებოდა სტამბის შეძენაც. ზელცერი პასუხისმგებელი იყო ქაღალდის ოდესიდან ჩამოტანა-ჩაბარებაზე. გამგეობამ წინადადება მიიღო და ეს საქმე სამწიგნობრო კომისიას მიანდო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის სამოქმედო გეგმა ფა გადაწყვიტეს, სისტემურად დაელაგებინათ საბავშვო მოთხრობები და ლექსები, ამოერჩიათ უცხო ენაზე არსებული საუკეთესო საბავშვო წიგნები და ქართულად ეთარგმნათ. საბავშვო წიგნების გამოცემის საქმის ხელმძღვანელობა მიენდო იპოლიტე ვართაგავას. ყურადღება უნდა მიექციათ სხვადასხვა სამეცნიერო დარგიდან მასწავლებელ-მოწაფეთათვის გამოსაყენებელი წიგნებისთვის, აგრეთვე სახელმძღვანელოების შედგენა-თარგმნისთვის, რისთვისაც საჭირო იყო შეეძინათ ყველა ასეთი წიგნი, განეხილათ სექციაში და აერჩიათ საუკეთესო თარგმანები. ამ საქმის ხელმძღვანელობა მიანდეს ლუარსაბ ბოცვაძესა და ვარლამ ბურჯანაძეს.