ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს საფინანსო და საბიუჯეტო კომისიამ თხოვნით მიმართა გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს, რომ კომისიას სჭირდებოდა ცნობები კავკასიის ფრონტის დაშლის შემდეგ დარჩენილი სახელმწიფო ქონების შესახებ. კომისიის თავმჯდომარე იყო დიომიდე თოფურიძე, მდივანი – მიხეილ ყაუხჩიშვილი, დედნის ასლთან სისწორეს ადასტურებდა ლეონიდ ჯაფარიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის 1918 წლის 6 აგვისტოს მოხსენებაში მინისტრთა საბჭოსადმი – რესპუბლიკაში არაქართველ მოქალაქეთა სწავლა-აღზრდის მოწესრიგების საკითხზე – ხაზგასმულია, რომ სკოლების რეორგანიზაციას ხელს უშლის არაქართველ მოწაფეთა მდგომარეობის გაურკვევლობა. სურთ თუ არა არაქართველ მშობლებს, საქართველოს მოქალაქეთ, შვილები იმ სასწავლებლებში დატოვონ, რომლებში სწავლებაც დედაენაზე იქნება, სამინისტროს ანკეტირების მიხედვით, თითქმის არავის უნდა საქართველოს მოქალაქეობა, ამავე დროს, დაჟინებით ითხოვენ, მთავრობამ გაუხსნას სრულუფლებიანი სკოლები სახელმწიფო ხარჯით. მინისტრთა საბჭომ უნდა გაარკვიოს, რა უფლებებს ანიჭებს სახელმწიფო არაქართველ მოქალაქეებს სწავლის საქმეში.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის 1918 წლის 6 აგვისტოს N523 ბრძანებით, კ. ი. აბაშიძე დამტკიცდა უმაღლესი და საშუალო სკოლების განყოფილების საქმის მმართველად 1918 წლის პირველი ივლისიდან. ხელს აწერს განათლების მინისტრი ლასხიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 6 აგვისტოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ტროფიმე ჯოხთაბერიძე ზუგდიდის გიმნაზიიის ქართული ენის მასწავლებლად დაამტკიცეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის N 25 ბრძანების თანახმად, 1918 წლის პირველი ივლისიდან სერგი იაკობის ძე აზარაპეტოვი ბუღალტრის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაამტკიცეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით სოფელ ვეჯინში დაარსდა საზოგადოების განყოფილება. შემოიტანეს საწევრო და თხოულობდნენ დამტკიცებას. გამგეობამ გადაწყვიტა ვეჯინის განყოფილება დაემტკიცებინა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 აგვისტოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: სამსონ დადიანი, რაჟდენ არსენიძე, კოტე მაყაშვილი, პავლე საყვარელიძე. დამხმარეები იყვნენ: გიორგი ნანეიშვილი, საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი. სხდომას თავმჯდომარეობდა სამსონ დადიანი, მდივნობდა საქმისმწარმოებელი დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 აგვისტოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს სამსონ დადიანის მიერ შემუშავებული რესპუბლიკის ჯარის დებულება. გაიმართა კამათი. მომხსენებელს დაევალა შემდეგი სხდომისთვის წარმოედგინა შემუშავებული რედაქცია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 აგვისტოს გორის ქალთა გიმნაზიის პედაგოგებმა – ელენე მიხეილის ასულმა მამულაშვილი-ლავროვსკისამ, ქეთევან მიხეილის ასულმა ჯავახიშვილმა და მარია რომანის ასულმა ღვინიაშვილმა – განათლების სამინისტროს მისწერეს, რომ ისინი უმიზეზოდ დაითხოვეს სასწავლებლიდან და სათანადო რეაგირება სთხოვეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 აგვისტოს შედგა განათლების სამინისტროს დაარსებული სამთა კომისიის სხდომა სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაკეთების შესახებ. კრების თავმჯდომარე იყო განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, დაესწრნენ: განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, სახელმწიფო კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კანდელაკი, საგანგებო საქმეთა მოხელე შინაგან საქმეთა მინისტრთან დიმიტრი ხოშტარია, საგანგებო ბარათით მოწვეული თბილისის ქალაქისთავი ნიკოლოზ ელიავა სხდომას არ დაესწრო.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების სამინისტროსთან დაარსებულ სამთა კომისიის 1918 წლის 2 აგვისტოს სხდომა მიეძღვნა ქართული უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთებას. სხდომის თავმჯდომარე იყო განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, დაესწრნენ: მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, პროფ. პეტრე მელიქიშვილი, სახელმწ. კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კანდელაკი, საგანგ. საქმეთა მოხელე შინაგან საქმეთა მინისტრთან დიმიტრი ხოშტარია, თბილისის ქალაქისთავი ნიკოლოზ ელიავა – საგანგებო ბარათით მიწვეული, სხდომას არ დაესწრო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 2 აგვისტოს თელავის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში ალექსანდრა ფონ-კრისტი მუშაობდა სასწავლებლის უფროს ქალად, სტეფანე ისაკის ძე ტერ-სააკოვი – სომხური საღვთო სჯულის, ნატალია მიხეილის ასული სიდამონ-ერისთავი – რუსული ენისა და ლიტერატურის, მარიამ სპირიდონის ასული მენაბდე – მათემატიკის, ალექსანდრა კარლოს ასული ბაქრაძისა – ხელსაქმის პედაგოგად, ნინა ბეგლარის ასული ყაზახაშვილი და ნინო ივანეს ასული ლაშხაური კი – მოსამზადებელი კლასების პედაგოგებად, ივანე მიხეილის ძე ჯაფარიძე იყო სასწავლებლის ექიმი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის აგვისტოში ფილიპე მახარაძე კავკავში ფინანსთა მინისტრად დანიშნეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველ აგვისტოს შტატგარეშედ დარჩნენ ბათუმის დაწყებითი კლასების მასწავლებლები: ირაკლი ღლონტი, ლიუდმილა ჯუღელი, ემილია საბანიძე, ლიდია რუხაძე, რიფსიმე კვირკველია, ნინო ჭრელაშვილი, ალექსანდრე მელაძე, ნანა ფერაძე და თამარ მღებრიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის აგვისტოში ალექსანდრე გიორგის ძე ბერაძე ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სახალხო სასწავლებელთა ინსპექტორის მოვალეობას ასრულებდა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის აგვისტოს სასწავლებლის დახურვის გამო შტატგარეშედ დარჩენენ ქობულეთის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის შემდეგი პედაგოგები: იულია გვახარია-ულინსკაია, ზაქრო ონისიმეს ძე წულაძე, მარიამ კონსტანტინეს ასული ესაკია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველ აგვისტოს შტატის გარეშე დარჩნენ ბათუმის დაწყებითი კლასების მასწავლებლები: ტერეზა თოხაძე, ელენე ხევსურიანი-მაკმაკოვა, ნინო საყვარელიძე, ევგენი ოდიშარია, ანა მგალობლიშვილი, აპოლონ ფანცულაია, თამარ ჯიშკარიანი, მარიამ ხომერიკი, ივანე ბარაბაძე და ოლღა ოდიშარია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველ აგვისტოს შტატის გარეშე დარჩნენ ბათუმის დაწყებითი კლასების მასწავლებლები: სალომე ხიმშიაშვილი, ელისაბედ ნადარეიშვილი, დარია კეჟერაძე, ქეთევან ფერაძე, ილია სიხარულიძე, მიხეილ შარაშიძე, ინაიდა ჩახნაშვილი, ანასტასია ჯორბენაძე და ელენე კალანდაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 ივლისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო თეატრში ადმინისტრაციის ინიციატივით მოწყობილმა სამხატვრო-სამუსიკო კოლეგიამ, რომელშიც კონსერვატორიის დირექტორი ნიკოლოზ ნიკოლაევიც იყო, მოისმინა დიმიტრი არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე". ოპერამ ჟიურის წევრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მისი დადგმა გადაწყდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: სამსონ დადიანი, პავლე საყვარელიძე, გერასიმე ქიქოძე, კოტე მაყაშვილი. დამხმარეები იყვნენ: გიორგი ნანეიშვილი, საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი. საბჭოს თავმჯდომარეობდა სამსონ დადიანი, მდივნობდა დავით ნახუცრიშვილი. კომისია გაეცნო მთავრობის მიერ შედგენილ ჯარის მოწყობისა და ომის გამოცხადების პრეროგატივასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს. გაიმართა კამათი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 ივლისს მხატვარმა ვლადიმერ დავითის ძე გუდიაშვილმა მისწერა განათლების მინისტრს მისწერა, რომ საშუალო სასწავლებელში ხატვის გაკვეთილები მიეცათ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის განკარგულებით პეტრე სურგულაძე, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოსა და გერმანიას შორის საქონლის გამცვლელი კომისიის წევრად დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ივლისს კანცელარიის დირექტორმა გიორგი თევდორეს ძე ჟორდანიამ იუსტიციის მინისტრის განკარგულებით ეროვნულ საბჭოს კანცელერიაში გაგზავნა წერილი, რომელშიც ეროვნულ საბჭოს სთხოვდა მთავრობის მიერ დადასტურებული შემდეგი კანონპროექტების განხილვას: „კანონპროექტი კანონთა გამოქვეყნებისა", „კანონპროექტი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსების შესახებ" და „კანონპროექტი 1914 წ. 16 დეკემბრის დროებითი კანონის/ ზოგიერთ არსებულ გადასახადთან გადიდების მოქმედების გაგრძელების შესახებ 1919 წლის 1 იანვრამდე".

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი), ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.