ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51088

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის გაზაფხულზე აკადემიკოსი ნიკო მარი ეწვია ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს, მერე მოხსნება წაიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მისი მსმენელები იყვნენ: სარგის კაკაბაძე, მარიამ ორახელაშვილი, შალვა ნუცუბიძე, ვუკოლ ბერიძე და ალექსანდრე მაჭავარიანი.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს ვინმე სოლომონი, რომელმაც გიგო შარაშიძის თარგმანი მიიღო, მას გამოცემას შეჰპირდა და მისწერა, რომ ფსევდონიმი „სოფლის მასწავლებელი“ ზოგადი იყო და სახელის გარეშე ცენზორი წიგნს არ დაბეჭდავდა.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წელს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან საქართველოში გაუგზავნა ფრანგული წიგნის წინასიტყვაობის თარგმანი ევროპელი კოლონისტების ამერიკაში ჩასვლის ამბების შესახებ და ჰითხა, ეს წიგნი თუ გამოდგებოდა გოგი და ბიბი ქარცივაძეებისთვის და ნუცა და ქეთევან შარაშიძეებისთვის.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის გაზაფხულზე აკადემიკოსი ნიკო მარი ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს ეწვია. შემდეგ მოხსენება წაიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მისი მსმენელები იყვნენ: სარგის კაკაბაძე, მარიამ ორახელაშვილი, შალვა ნუცუბიძე, ვუკოლ ბერიძე და ალექსანდრე მაჭავარიანი.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წელს, პენსიონერთა სიის გადახედვის დროს, დუტუ მეგრელს პენსია შეუჩერეს.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წელს ევგენი გეგეჭკორმა სიტყვა წარმოთქვა ნოე ჟორდანიას დაბადების 60 წლის იუბილეზე, სადაც იგი ხოტბას ასხავდა ნოე ჯორდანიას მისი ქმედებებისათვის. მისი შეფასებით, ჟორდანია გამოჩნდა უნუგეშობის ჟამს, როცა ქართველი ხალხი განსაცდელში იმყოფებოდა და მანვე ქართველი ხალხი ეროვნული და სოციალური გათავისუფლებისათვის ბრძოლაში ჩააბა.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს ევგენი გეგეჭკორმა გააკეთა ჩანაწერები ფინეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე „ორი თვე ბალტიის ქვეყნებში“, სადაც ის საუბრობდა ჭირვარამგამოვლილი ფინეთის შესახებ, რომელიც მალევე იქცა ევროპულ ქვეყნად. მისი მოგზაურობის მისია კი, ფინეთისათვის საქართველოს წარსული ისტორიის, იმჟამინდელი მდგომარეობის და სამომავლო გეგმების გაცნობა იყო.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს ევგენი გეგეჭკორმა გააკეთა ჩანაწერები ფინეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე „ორი თვე ბალტიის ქვეყნებში“. იგი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ 1909 წელს რუსეთისგან ფინეთზე თავდასხმისას, მთელი ფინეთი ერთ მუჭად შეიკრა და თავდაუზოგავად იბრძოდა თავისუფლებისათვის.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს ევგენი გეგეჭკორმა გააკეთა ჩანაწერები ფინეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე „ორი თვე ბალტიის ქვეყნებში“, რომელშიც ის საუბრობს როგორ შეხვდა ფინეთი საქართველოს ტრაგედიას. მიუხედავად თავიანთი ტრაგიკული ისტორიისა, ფინეთი მაინც თავისუფალ ქვეყნად იქნა აღიარებული, რომელიც მუდამ გვერდში ედგა საქართველოს და საკუთარ მაგალითზე, ბრძოლისკენ მოუწოდებდა ჩვენს ქვეყანას.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 15 დეკემბერს აკაკი ჩხენკელი ულოცავს ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო ელჩსა და სრულუფლებიან მინისტრს საფრანგეთში ჰარი ჰოლმას რწმუნებათა სიგელის ჩაბარებას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დამყარების სურვილს.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის 15 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორი ვაჟის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბერლინის ქართველთა კოლონიიდან მიღებული სამძიმრის ბარათების გამო ვლადიმერ ახმეტელს მადლობის წერილს უგზავნის.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის 15 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორმა მადლობის წერილი გაუგზავნა ვლადიმერ ახმეტელს ვაჟის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბერლინის ქართველთა კოლონიიდან მიღებული სამძიმრის ბარათების გამო.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის დეკემბერში სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თედო ღლონტი, შალვა ნუცუბიძე და კორნელი კეკელიძე სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის დეკემბერში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე კომუნისტური პარტიის მე-15 ყრილობამ პარტიიდან გარიცხა.

1927

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უპარტიო მასწავლებელი იოსებ ჟვანია ქუთაისის ჩეკაში აწამეს, ფეხებით ჰკიდებდნენ, თოფის ზუმპით სცემეს.

1927

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ მიხედვით, მუშა, სოციალ-დემოკრატი გიორგი ცქიფურიშვილი ქუთაისის ჩეკაში ოთხი თვე აწამეს. ორი თვე ჩამწყვდეული ჰყავდათ ბნელ სამკუთხედში (სადაც ერთი კაცი ძლივს ეტეოდა), 8 დღე არ აძლევდნენ პურსა და წყალს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, აკაკი ძაძამია ოზურგეთის ჩეკაში 10 დღე აშიმშილეს. გამომძიებლისთვის ცემის დროს ხელის შებრუნების გამო ჩეკისტები დაესივნენ, თავი გაუტეხეს და ერთეულში ჩააგდეს. ნაცემი არც ექიმს გაასინჯეს. გამომძიებელი – ისაკაძე.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ნიკოლოზ ბორჩხაძე ოზურგეთის ჩეკადან ზამთარში წაიყვანეს ბახვის წყალზე, წელში ბაწარი ჩააბეს და წყალში ჩააგდეს. ამოათრევდნენ და ეკითხებოდნენ, თუ გასცემდა ამხანაგებს. ძალიან დაავადმყოფებული გამომძიებლებმა, პოლშინმა და კვიტაიშვილმა, გადაასახლეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ბაგრატ ბაქრაძე ოზურგეთის ჩეკას სარდაფში 6 დღე ჰყავდათ დამწყვდეული (თბილისის ქართული ჩეკას გამომძიებლები: არაველიძე და პოლშინი).

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატი ალფეზ ლომინეშვილი ოზურგეთის ჩეკაში 10 დღე აშიმშილეს. გამომძიებელი – გოგია.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი გრიშა შალვაძე ბათუმის ჩეკაში ცემისა და სიცივისგან დაინვალიდდა, ხელები და ფეხები დაეკრუნჩხა, ექიმების აზრით, კაცად აღარ ვარგოდა, მერე გაათავისუფლეს. გამომძიებელი – ისაკაძე.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატი თეოფილე ჭანიშვილი ოზურგეთის ჩეკაში გამომძიებელმა სიმონიშვილმა აშიმშილა.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატი შოთა კიკვაძე ოზურგეთის ჩეკაში 10-9 დღე აშიმშილა გამომძიებელმა გოგიშვილმა.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრს, ბაგრატ ჭეიშვილს ჩეკაში სცემეს და 5 დღე აშიმშილეს, 15 დღე ჰყავდათ თბილისის ჩეკაში. გამომძიებლები – პოლშინი და შაშკურინი.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ყველას, ვინც გაბედავდა და ჩეკაში წამების შესახებ საჩივარს აღძრავდა ხელისუფლების წინაშე, ხვრეტდნენ. ამისთვის გამოასალმეს სიცოცხლეს ზუგდიდის მცხოვრები იასონ ცხადაია და სხვ.