რეგისტრირებული ფაქტები51262
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პოდპორუჩიკ ალექსანდრე გორგაძეს გადასცა ქართული წიგნები და რვეულები ქართველ მაჰმადიანთათვის დასარიგებლად ჭანეთში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 ივნისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საგანგებო კრებაზე გამგეობის წევრებად დაინიშნენ: ზაქარია ჭავჭავაძე, მიხეილ სუმბათაშვილი, გიორგი ჟურული, ივანე თულაშვილი და პარმენ გედევანიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ალექსანდრე არაბიძემ სანკტ-პეტერბურგში გამართა წიგნებით ვაჭრობა და ქართველ გამომცემლებს სთხოვა, ყოველთვის გაეგზავნათ მისთვის ნაშრომების ათ-ათი ეგზემპლარი. განაცხადში მითითებულია მისი მისამართი სანკტ-პეტერბურგში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 იანვრის კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების სტატისტიკური კომისიის წევრთა კრებამ მოისმინა პეტრე გელეიშვილის მოხსენება ამიერკავკასიაში სასტატისტიკო ცნობების შეკრებისა და სტატისტიკოსთა მომზადების შესახებ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 13 იანვარს აზოვ-დონის კომერციული ბანკის ქუთაისის განყოფილების მმართველად ივანე პურადაშვილი დაინიშნა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მდივანმა იასონ ბაქრაძემ გამგეობის დავალებით მთავარ გამგეობას წერილობით მიმართა, რომ 10 იანვრიდან რევიზიის ჩასატარებლად გამოეგზავნათ მათი რწმუნებული და სთხოვა, წინასწარ შეეტყობინებინათ მათი ჩამოსვლის თარიღი, რომ ხელახლა არ შექმნილიყო უხერხული მდგომარეობა მდივნის ან ბუღალტრის ქალაქში არყოფნის გამო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 იანვარს გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე) პეტერბურგში გაემგზავრა ქართველთა კოლონიის ეკლესიის კურთხევაზე დასასწრებად და ნინოობის წირვის აღსავლენად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე დაფუძნდა ეროვნულ-პოლიტიკური სექცია, სადაც შედიოდნენ წარმომადგენლები ყველა პოლიტიკური ფრაქციიდან: ნოე ჟორდანია, გრიგოლ გიორგაძე, ვალერიან ჯუღელი, გრიგოლ უროტაძე, კონსტანტინე გვარჯალაძე, მიხეილ კლიმიაშვილი, გიორგი ფაღავა, დავით ონიაშვილი, გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ გველესიანი, იასონ ბაქრაძე, იაკობ ფანცხავა, სამსონ ფირცხალავა, აკაკი ფაღავა, პავლე საყვარელიძე, დავით სულიაშვილი, ნიკოლოზ ქარცივაძე, ივანე გობეჩია, იოსებ გობეჩია, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, ვასილ წერეთელი, შალვა ამირეჯიბი, ლევან ჯაფარიძე, დავით გურამიშვილი, ირაკლი ამირეჯიბი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 იანვარს თბილისის ადგილობრივი არტილერიის პორუჩიკმა ივანე ვასილის ძე სვანაძემ თხოვნით მიმართა მთავარ გამგეობას, რომ ნება დაერთოთ ქუთაისის გუბერნიის სოფ. საყულიაში თავისი სახსრებით გაეხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო, რომელსაც უხელმძღვანელებდა ამავე სოფლის მასწავლებელი ნინა ანდრეას ასული სვანაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 იანვარს სამხედრო მუზეუმის შენობაში, გოლოვინის პროსპექტზე გაიხსნა გამოფენა ძველი ქართული საეკლესიო ფრესკებისა, რომლებიც ქართველმა მხატვრებმა გადმოიღეს სოფ. ნაბახტევის ძველი ეკლესიის ფრესკებიდან. გამოფენაზე ბრძანდებოდნენ თავად-აზნაურთა მარშალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი კოტე აფხაზი, ქალაქის მოურავი ალექსანდრე ხატისოვი და სხვ. ექვთიმე თაყაიშვილმა რეფერატი წაიკითხა ფრესკების მნიშვნელობის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 იანვარს დრამატურგიული საზოგადოების წლიურ კრებაზე ცნობილი გახდა, რომ მსახიობ ვალერიან შალიკაშვილისთვის ყოველთვიური 50 მანეთის მიცემა შეუწყვეტიათ. შალიკაშვილი ძალიან ავად ყოფილა და თან არავითარი სახსარი არ გააჩნდა. კრებამ დაავალა გამგეობას მისთვის დანაკლისის, 250 მანეთის ანაზღაურება და ყოველთვიური 50 მანეთის გადახდა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 3 იანვარს ეროვნული საბჭოს ქონებათა გამგემ, გიორგი გვაზავამ წერილი გაუგზავნა რევაზ გაბაშვილს, პეტრე ქავთარაძეს, კონსტანტინე მესხს, ფილიპე გოგიჩაიშვილს, გიორგი თუმანიშვილს, კონსტანტინე აფხაზს და დიმიტრი ჩოლოყაშვილს 5 იანვარს, 12 საათზე, ქონების სააქციო კრებაზე დასწრების შესახებ, რომელზეც უნდა განეხილათ კახეთის რკინიგზის საკითხი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 იანვარს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მოსკოვიდან წერილი გაუგზავნა, რომელშიც დაგვიანებით მიულოცა ახალი წელი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 1-ლ იანვარს საწევრო თანხა, თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: დავით აბრამის ძე ფრენკელმა, გიორგი ლევანის ძე ქავთარაძემ, ნინო ისმაილის ასულმა ქაჯაიამ, სილოვან ანტონის ძე ქუთათელაძემ, არტემ გიორგის ძე ღვამბერიძემ, კონსტანტინე ბეჟანის ძე ყურაშვილმა, რაფაელ ლუარსაბის ძე შარაშენიძემ, გიგო სიმონის ძე შარაშიძემ, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე შონიამ, ესტატე ბესარიონის ძე შუშანიამ და ერმილე პეტრეს ძე ჩეჩელაშვილმა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ბორჯომის განყოფილების შემოსავალი 5702. 32 მანეთი იყო, გასავალი – 953. 10 მანეთი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის გვიან შემოდგომაზე გენერალ მაზნიაშვილის თხოვნის საფუძველზე საზოგადო მოღვაწეებმა შალვა ქარუმიძე და ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხევსურეთში გაგზავნეს. მათ თბილისში ჩამოიყვანეს ოთხასამდე ხევსური, რომლებიც სამხედრო სკოლის შენობაში დააბინავეს, შემოსეს, იარაღით აღჭურვეს, ჯგუფებად დაყვეს და ოფიცრები დაუნიშნეს. რამდენიმე დღის შემდეგ ეს ჯგუფები სამხედრო ქონების საწყობების სადარაჯოდ გაანაწილეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის გვიან შემოდგომით (თითქმის იმავე დროს, როცა თბილისში ჩოლოყაშვილისა და ქარუმიძის თაოსნობით ოთხასი ხევსური ჩამოვიდა) კაპიტან ჯაფარიძის მეთაურობით ათასეული შედგა. გენერალ გიორგი მაზნიაშვილს ამ ათასეულის თავის მიერ შედგენილ მე-2 დივიზიასთან შეერთება ჰქონდა განზრახული.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის გვიან შემოდგომაზე თბილისიდან 303-ე ვერსზე თავი მოიყარა ოსმალეთის ფრონტიდან უკანდახეულმა თექვსმეტმა რუსულმა ეშელონმა ზარბაზნებითა და ტყვიამფრქვევებით. მათ მთავრობას წაუყენეს მოთხოვნები, რომელთა შორის მთავრობის გადადგომა იყო. გენერალი გიორგი მაზნიაშვილი მეფისნაცვლის სასახლეში ევგენი გეგეჭკორთან მიიწვიეს, რათა გაერკვიათ, შეძლებდნენ თუ არა ქალაქის დაცვას მათ ხელთ არსებული ძალებით. გენერალმა მოახსენა, რომ მე-2 დივიზიის შექმნის საქმე ცუდად მიდიოდა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, თავს არ დაზოგავდნენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ევგენი გეგეჭკორთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ფრონტებიდან მობრუნებული თექვსმეტი ეშელონის მხრიდან თბილისზე თავდასხმის საფრთხე. შეხვედრის დეტალები გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა სამხედრო კორპუსის უფროსს, სტეფანე ახმეტელსა და შტაბის უფროს სოსო გედევანიშვილს გააცნო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს სამხედრო კორპუსში გამართულ თათბირზე გიორგი მაზნიაშვილმა განაცხადა, რომ ფრონტებიდან მობრუნებული 16 ეშელონის მხრიდან თბილისზე თავდასხმის თავიდან ასარიდებლად საჭირო იყო: ევგენი გეგეჭკორს ეშელონების გასაფრთხილებლად ორატორ-დელეგატები გაეგზავნა, რათა ეცნობებინათ, რომ მატარებლიდან ჩამოსვლის ნებას არ დართავდნენ და ცეცხლს გაუხსნიდნენ; მახათას მთასა და სოღანლუღის ქედზე გაეგზავნათ თითო ბატარეა, რათა თბილისისკენ მომავალი ეშელონებისთვის ცეცხლი გაეხსნათ. თათბირზე მაზნიაშვილის წინადადება ერთხმად მიიღეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს, სამხედრო კორპუსის შტაბში გამართული თათბირის შემდეგ, გიორგი მაზნიაშვილმა არტილერიის ახლად შექმნილ ბატარეას მახათას მთისა და სოღანლუღის ქედის დაკავება დაავალა. შემდეგ კი ევგენი გეგეჭკორს არსებული ვითარება მოახსენა.
1917
ტიპი: თანამდებობა
ა. ვ. ფაღავა მომარაგების სამინისტროს საქონლის გამცემი განყოფილების კანცელარიის მმართველად მუშაობდა და 5875 რუბლი ჰქონდა ხელფასი.