ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45481

1919

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ იუწყება, რომ 1919 წლის 28-29 ივნისის დიდი სეირნობისთვის საზოგადოებას გრიგოლ ჩარკვიანმა შესწირა 500 მან; სარაჯიშვილის ფირმამ – 1000 მანეთი და ღვინო, ძმები ძეგველოვები თევზეულს შეჰპირდნენ, მ. ლაღიძე კი – თავის წყლებს დაკლებულ ფასად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 ივნისს გაიმართა საქართველოს სოც.-დემ. მუშათა პარტიის მეორე რაიონის წევრთა საზოგადო კრება. თანამედროვე მდგომარეობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა ნოე რამიშვილი. სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს ვლას ბობოხიძე, აპოლ. დუმბაძე, კანდიდატად – სეით რაზმაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 ივნისს გამართულ ბორჯომის რაიონის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრთა კრებაზე წლიური ანგარიშების შესახებ მოხსენებით გამოვიდა კომიტეტის თავმჯდომარე ნ. დევიძე. აირჩიეს კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: ს. კოდიშაძე, ნ. დევიძე, გ. ბასილაშვილი, კ. შახნაზაროვი, გ. ღლონტი, ი. ხეთაგური, ს. ქალიაშვილი; სარევიზიო კომისიაში აირჩიეს: ბ. მაჭავარიანი, ა. ელისაშვილი, ლ. ანდღულაძე.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 24 ივნისს, დღის პირველ საათზე, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი, ჟურნალ „განათლების“ ხელმძღვანელი, ლუარსაბ გერასიმის ძე ბოცვაძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 სექტემბერს თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ იაკობ ღულაძეს სთხოვეს, რომ მასწავლებელ იოსებ გიორგის ძე ავალიშვილისთვის შეეთავაზებინა 18 გათავისუფლებული გაკვეთილის ჩატარება.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 30 ოქტომბერს იოსებ გიორგის ძე ავალიშვილმა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოს აცნობა, რომ ყველასთვის ცნობილი ეკონომიკური კრიზისის გამო იძულებული იყო სხვა დაწესებულებაშიც ემსახურა, რის გამოც არ შეეძლო გიმნაზიაში 18 გაკვეთილი ჩაეტარებინა და ამიტომ იტოვებდა მხოლოდ 6 გაკვეთილს, დანარჩენზე კი უარს ამბობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელ ნოემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა იაკობ ღულაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ამზადებდა გიმნაზიის მასწავლებელ იოსებ გიორგის ძე ავალიშვილის განცხადებას მასწავლებლად დანიშვნის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძის N 7 ბრძანებით, 20 სექტემბრიდან თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად იოსებ გიორგის ძე ავალიშვილი დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე ვუკოლ ბერიძის N 72 ბრძანებით, პირველი ნოემბრიდან გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 17 დეკემბერს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორი ევგენი ჭოღოშვილი მასწავლებელთა კავშირის სახელით სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვდა დაებრუნებინათ 15 მაისს გაგაზავნილი საბუთები N 360, თავისი რწმუნებული გიმნაზიის მასწავლებლის გრიგოლ ამაღლობელის შესახებ. ხელს აწერენ: დირექტორი ევგენი ჭოღოშვილი და საქმის მწარმოებლის ნაცვლად დარანწურაშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისს, გრ.ამაღლობელი მოხსენებაში აღწერს, როგორ შეხვდა ბ-ნ ნათაძეს, თავის ყოფილ მასწავლებელს, როგორ არ დაუჯერა ალ.მდივანმა სიმართლე, ბ-ნ ნათაძემ როგორ გაგზავნა ბ-ნ ცინცაძესთან. ასევე, მთელ ამ პროცესში ახსენებს დირექტორის თანაშემწე ქალს, ქ-ნ ზურაბიანცს და მასწავლებელ დრაგამირეცკაიას. გრ.ამაღლობელი სრულად აღწერს ჭოღოშვილის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ყველა ხერხს მისი გიმნაზიიდან დათხოვნის მიზნით. იმედოვნებს, რომ სამინისტრო სრულად დაადასტურებს გრ.ამაღლობელის სიმართლეს, რაც მოხსენებაში აღწერა და დაუბრუნდება თავის ადგილს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 მაისს გრიგოლ ამაღლობელი მოხსენებაში წერს, რომ ევგენი ჭოღოშვილი მის მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო. სთავაზობდა მასწავლებლების – სტრაჟვეს, დუმჩეკნკოსა და ყოფილი დირექტორის ბოგაიალუნსკის ჯაშუშობას, რაზეც არ დასთანხმდა. ამიტომ ჭოღოშვილმა მისი გიმნაზიიდან დათხოვა გადაწყვიტა. ის აღწერს თუ რა პროვოკაციებით ცდილობდა ჭოღოშვილი გიმნაზიიდან მის გათავისუფლებას და როგორ მიაღწია მიზანს თავისი მეგობრის, მაშინდელი განათლების მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე მდივნის დახმარებით.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 მარტის „ერთობაში“ დაიბეჭდა ვარლამ რუხაძის ლექსი „ლ. დადეშქელიანის ხსოვნას“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 მარტს ნოე რამიშვილმა ევგენი გეგეჭკორს ბათუმიდან შეატყობინა, რომ ხელში ჩაიგდეს სამხედრო ფლოტი, მათი მხრიდან მოკლულია პრაპორშჩიკი ცაგარეიშვილი, დაჭრილია 9 მეზღვაური და დატყვევებულია – 300; ფლოტის უფროსად დაინიშნება უფრ. ლეიტენანტი ჭავჭანიძე, რომელმაც ოპერაციას შესანიშნავად უხელმძღვანელა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 მაისს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს გადასცა: 1) 30 მარტის ოქმი N 7, 2) 7 აპრილის სხდომის ოქმი N 8, 3) 10 აპრილის სხდომის ოქმი, 4) მასწავლებელ გრიგოლ ამაღლობელის 1919 წლის 22 მარტის თხოვნა და ამავე ამაღლობელის დამატებითი თხოვნა, 6) დირექტორ ევგენი ჭოღოშვილის მიმართვა მასწავლებლის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის მიმართ, მიმართვის ასლი მთავარგამგეობის მიმართ და ასევე ასლი, 1919 წლის 19 თებერვლის თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზის ოქმის ამონაწერიდან. კანცელარიის დირექტორს საბუთები უკან უნდა დაებრუნებინა. ხელს აწერენ: დირექტორი ევგენი ჭოღოშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ამაღლობელი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, თბილისის მილიციის უფროსი გიორგი კონიაშვილი ბრძანებაში 1918 წლის 2 მარტს დახოცილი უმცროსი მილიციელების: ალექსი მესხიშვილის, დათიკო მეკუჩაშვილის, სულაძის, იაკობ კერესელიძის, ვასილ ბოლქვაძის და დაჭრილი თედო გოგიას თავგანწირულ ბრძოლას აღნიშნავდა და იმედს გამოთქვამდა, რომ მათი ამხანაგებიც სინდისიერად შეასრულებდნენ მოვალეობას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 19 მარტს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ გრიგოლ ამაღლობელის გაკვეთილები მიეცათ შალვა ქარუმიძის, გ. გ. მამრაძისა და ამხარ-ბეგ ქალანთაროვისთვის. ორი თვის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო შტატის მასწავლებლის თანამდებობაზე დასამტკიცებლად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 მარტს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვა, რომ თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა მისდამი რწმუნებული გიმნაზიის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი გრიგოლ ამაღლობელი, როგორც არაშესაფერისი პირი. ამაღლობელი მოსწავლეებს მასწავლებლების წინააღმდეგ ამხედრებდა, ცდილობდა შური ეძია მასწავლებლებზე და კლასის დამრიგებელზე. ის გიმნაზიაში კონფლიქტურ ატმოსფეროს ქმნიდა და მასთან თანამშრომლობა გაუსაძლისი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივნისს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ მასწავლებელ გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელს სხვა ადგილის მოსაძებნად მიეცა ორი თვის თავისუფლება ანაზღაურების შენარჩუნებით. მისი თავისუფლების ვადა 20 მაისს დასრულდა. ის ამაღლობელის შესახებ სათანადო განკარგულებას ითხოვდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 28 მაისს გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი სახალხო განათლების მინისტრს თხოვნაში სწერს, რომ სრული იმედი აქვს ის სწრაფ და სათანადო განკარგულებას გასცემს, რათა სასწარაფოდ გამოიძიოს ყველაფერი ისე, როგორც წარმოდგენილ მოხსენებაშია, რათა ერთი მხრივ, მოსწავლე-ახალგაზრდობა და მისი მშობლები დარწმუნდნენ, რომ ისინი დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალისტური მთავრობის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან და არა რუდოლფისა და მისი ჟანდარმ-დემოკრატების მონობაში, მეორე მხრივ კი შეძლოს მუშაობის კვლავ გაგრძელება და შეურაცხყოფილი, აღშფოთებული სინდისის დაწყნარება.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 28 მაისს გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი სახალხო განათლების მინისტრს თხოვნაში სწერს, რომ ერთადერთი მიზეზი, რამაც აიძულა მისთვის თხოვნით მიემართა არის არა პირადი ინტერესების დაცვა-აღდგენა, არამედ უდიდესი საქმის ნათელის მოფენა-გაშუქება, მთავრობისა და საზოგადოების საყურადღებოდ, რომელსაც ახალგაზრდობის სულიერი აღზრდა ეწოდება და, რომელიც ადგილობრივ ქალთა მე-7 გიმნაზიაში დირექტორსა და მასწავლებლებს უხეშ ხელობად აქვთ გარდაქმნილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 სექტემბერს მთავარგამგე სერგი დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს აცნობეს, რომ პირველი სექტემბრიდან მისდამი რწმუნებული სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 მარტს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და ნიკოლოზ აბესაძემ თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელ გრიგოლ ამაღლობელს აცნობეს მინისტრის განკარგულება, რომ მას სხვა ადგილის მოსაძებნად მიეცა ორი თვის თავისუფლება ანაზღურების შენარჩუნებით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ნოემბერს კანცელარიის დირექტორმა ალექსანდრე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ლავრენტი ჩიმაკაძემ თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მისდამი რწუნებულ გიმნაზიაში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის ქართული გიმნაზიის დირექტორი სილოვან ხუნდაძე ხელმოწერით ადასტურებს, რომ გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელმა თავისი რწმუნებული გიმნაზიის სრული კურსი შეასრულა 1911 წლის მაისში.