ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47884

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გაზეთ „აზერბაიჯანში“ გამოქვეყნდა ბაქოში ვიზიტად მყოფი საქართველოს საგარეო მინისტრის, ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორის წერილი (სურათით) ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აუცილებლობაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს კახეთიდან დაბრუნებულმა აკაკი ჩხენკელმა ფართო აუდიტორიის წინაშე საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარება მიმოიხილა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 მარტს მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ ზუგდიდის მაზრის მასწავლებელთა კავშირისგან მიიღო ცნობა, რომ პედაგოგების მატერიალური მდგომარეობა აუტანელი იყო. განათლების სამინისტროსგან მიღებულ თანხას ერობა სხვა საჭიროებისთვის ხარჯავდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში ნოე ჟორდანიამ მიუღებლად ჩათვალა ზუგდიდის მაზრის მასწავლებელთა კავშირის მდგომარეობა, ამიტომ საქმე გამოსაკვლევად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 მარტს საქართველოში ჩამოვიდა პოლონეთის დიპლომატიური მისია ტიტუს ფილიპოვიჩის ხელმძღვანელობით. სტუმრები შეხვდნენ მთავრობის თავმჯდომარესა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ექვთიმე თაყაიშვილს. პოლონელი დიპლომატები აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვივნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

30 მარტს ერევნიდან მოვიდა დეპეშა, რომელშიც ხატისოვი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სწერდა ყარაბაღში შექმნილი კონფლიქტის შესახებ. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვი აზერბაიჯანს სომეხთა შევიწროებასა და ხოცვა-ჟლეტაში, ასევე 1919 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებდა. ხატისოვი ქართულ მხარეს სთხოვდა, გავლენა მოეხდინა აზერბაიჯანის მთავრობაზე, რათა მას შეეჩერებინა თავდასხმა ყარაბ-ზანგეზურზე და ყარაბაღის საკითხი იარაღის საშუალებით არ გადაეწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 მარტს იტალია-კავკასიის ბანკის გამგემ შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს აუწყა, რომ ევროპასთან მჭიდრო კავშირისთვის მათ შეიმუშავეს ამიერკავკასიაში რადიოტელეგრამის ექსპლოატაციისა და დამოუკიდებელი საზოგადოების დაარსების პროექტი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ეროვნული გუნდის გამგემ, კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილმა მთავრობის თავმჯდომარეს ეროვნული გუნდის სუბსიდირების 30000 მანეთამდე გაზრდის შუამდგომლობით მიმართა. ძველი დაფინანსება ვერ აკმაყოფილებდა გუნდის მოთხოვნილებებს. თანხა 26 მაისის სამზადისისთვისაც იყო საჭირო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი შავი ზღვის სანაპირო რკინიგზის დამთავრების შესახებ. გობეჩიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხალხისა და რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარე სასურველი იყო, გზას ზუგდიდში გაევლო. პარლამენტმა კანონი უცვლელად მიიღო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ოქტომბერში ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთის კონფლიქტის მიზეზები. სიტყვით გამოვიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი და სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე, რომელთაც აღნიშნეს, რომ უთანხმოების მიზეზი იყო სომხების მიერ მოსაზღვრე ხიდიდან კობერამდე ტერიტორიის დაკავება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილების თანახმად, კომისიას განსახილველად გადაეცა გრიგოლ ვეშაპელის საკანონმდებლო წინადადება საჩხერეში ცეცხლისგან დაზარალებულ მაცხოვრებლებს და დაწესებულებებს სახელმწიფო ხაზინიდან ერთდროულად 100 მანეთის გადაცემის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქალაქის საბჭოს კრებაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის კონფლიქტის საკითხი. ა. ლომთათიძემ კრებას წაუკითხა ყველა საბუთი, რომლებიც მთავრობას კონფლიქტის შესახებ ჰქონდა მიღებული, მათ შორის გენერალ მიხეილ ციციშვილისა და სომხეთის მთავრობის თავმჯდომარის, რ. ი. კაჩაზნუნის დეპეშა. დადგინდა, რომ ორივე რესპუბლიკა მზად იყო საზღვრების საკითხის უიარაღოდ მოსაგვარებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით საქართველოს პარლამენტში გამართულ სხდომაზე დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება განიხილეს. მომხსენებელი იყო ალექსანდრე ლომთათიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სახალხო სახლში გამართულ მუშათა ყრილობაზე პროლეტარების ბელადმა ირაკლი წერეთელმა ქვეყნის წარსულსა და იმ პერიოდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ნოე ჟორდანიაც.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე მუსულმანთა წარმომადგენელმა სალი გაიდარ კარაევმა პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა. მიზეზად დაასახელა ქართული ენის უცოდინარობა და ის, რომ საკუთარი თავისა და ამომრჩევლის მოტყუება არ უნდოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ე. ლორიას თავმჯდომარეობით გამართული სოციალ-დემოკრატიული პარტიის მესამე რაიონული კოლექტივის სხდომის დღის წესრიგში იყო: კომიტეტის მოხსენება, დილის გამართვა, ბუგდან ყაზაროვის მოხსენება და კოლექტივის განცხადება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 ნოემბერს რუსეთიდან ახლად დაბრუნებული სტანისლავ ვოლსკი ორი ლექციის წაკითხვას გეგმავდა თემაზე „განწირულთა ქვეყანაში“. პირველი ზუბალაშვილის სახალხო სახლში უნდა გამართულიყო, მეორე ლექციის „ბოლშევიკური მთავრობა სოფლად“ თარიღს კი გამოაცხადებდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ნოემბერში გამართულ მთავრობის სხდომაზე კავკასიის ერთა კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლებად აირჩიეს შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი და გარეშე საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ნოე ჟორდანიამ გახსნა ამიერკავკასიის რესპუბლიკათა წარმომადგენლების კონფერენცია, რომელსაც დაესწრნენ აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენელი ჯაფაროვი, ვექილოვი, მთიულთა მთავრობის თავმჯდომარის ამხანაგი კოცევი და მთიელთა ფინანსთა მინისტრი ჯაბაღიევი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს პეტრე ესიკოვსკის ცირკში გამართულ მიხა ცხაკაიას ლექციაზე, რომელიც დიდ მიტინგად იქცა, ბოლშევიკებმა საპროტესტო მანიფესტაციის გამართვა მოინდომეს, რასაც ქაოსი მოჰყვა. სიტუაცია გენერალ-გუბერნატორ გიორგი მაზნიაშვილის ბრძანებით განიმუხტა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით ქალაქის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ქალაქის ფინანსური მდგომარეობისა და მოსამსახურეთა ჯამაგირის საკითხი განიხილეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საკათალიკოსო საბჭომ გადაწყვიტა, რომ 17 ნოემბერს ახლად არჩეული არქიმანდრიტი ნაზარიოსი მცხეთის მიტროპოლიტად ეკურთხებინა.

1917

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ნაძალადევის თეატრში არსებულ სახალხო უნივერსიტეტის ქართულ განყოფილებაში მწერლისა და პუბლიცისტის ილია ნაკაშიძის მორიგი ლექცია „დასავლეთ ევროპის ხალხთა ცხოვრება და მწერლობა“ იგეგმებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მე-8 ყრილობაზე აგრარული საკითხი განიხილეს. მომხსენებელი იყო ნოე ხომერიკი. ყრილობის დიდ უმრავლესობას შეადგენდნენ დელეგატები, რომელთაც მისალმების დეპეშები გაუგზავნეს გერმანიის სოციალ-დემოკრატებს, ინტერნაციონალსა და რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გაიმართა ქალაქის საბჭოს სხდომა ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით. მისი წინადადებით, ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს სომხეთის რესპუბლიკის მზრუნველობის მინისტრის, ყოფილი ხმოსნის, კარჩიკიანის ხსოვნას, შემდეგ იმსჯელეს ხმოსან ნიკოლოზ ხუდადოვის მიერ დასმულ საკითხზე – ქალაქში ბოლო დროს დინამიტების აღმოჩენასა და სხვა უწესობაზე. ხუდადოვის წინადადებით, ამ საკითხის გამოსაკვლევად კომისია უნდა შექმნილიყო.