ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50108

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრმა კონსტანტინე კანდელაკმა საქართველოს სახელმწიფო ბანკის საბჭოს თავმჯდომარეს აცნობა, რომ ბანკის საბჭოს წევრად ფინანსთა სამინისტროდან პროკოფი ჯაფარიძე დაინიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველო“ იუწყება, რომ ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოხსენების თანახმად, საფრანგეთის მეაბრეშუმეთა საზოგადოების წარმომადგენლებთან საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის დადებული ხელშეკრულების შესახებ მთავრობამ დაადგინა, განსახილველად გადასცემოდა დამფუძნებელ კრებას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოხსენება ბრიტანეთის საგარეო ვაჭრობის ბანკთან მილიონ ნახევარ გირვანქა სტერლინგის სესხზე დადებული ხელშეკრულების შესახებ. დადგინდა, დამტკიცებულიყო ხელშეკრულება და განსახილველად გადასცემოდა დამფუძნებელ კრებას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს არასოციალისტური პარტიების კონფერენციაზე გრიგოლ ვეშაპელმა წაიკითხა მოხსენება საქართველოს საგარეო მდგომარეობის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 26 იანვარს არასოციალისტური პარტიების კონფერენციის სხდომაზე საშინაო პოლიტიკის შესახებ მომხსენებელი სპირიდონ კედია იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს, 7 საათზე საქართველოს ტექნიკურ საზოგადოებაში გაიმართებოდა კრება. მოხსენებებს წაიკითხავდნენ: ინჟინერი ა. ცეიტლინი − „საქართველოს ნავთის მრეწველობის ისტორია“, ინჟინერი ი. ყიფშიძე − „უახლოესი პერსპექტივები საქართველოში ნავთის მრეწველობის შექმნისა“ და ასევე „ტყვარჩელის ქვა-ნახშირი და საკონცესიო ხელშეკრულება იტალიელებთან“. დასწრება თავისუფალი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიწათმოქმედების მინისტრ დავით ონიაშვილის საბჭომ მოისმინა მოხსენება რეინვალდსისთვის საკონცესიო საფუძველზე შავი ზღვის ნაპირებში ზღვის ღორების ჭერის უფლების მინიჭების შესახებ. საბჭომ დაადგინა, ნება დაერთოთ. გადასახადთა განყოფილებას წინადადება მიეცა, ამ დადგენილების საფუძველზე ცვლილება შეეტანა ხელშეკრულებაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს მარო მაყაშვილი ნინო აბაშიძე-ორბელიანის დაკრძალვას დაესწრო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აპრილში ავადმყოფ მსახიობს, მარგარიტა ქილარჯიშვილს დასახმარებლად 6. 75 მანეთი შეუგროვეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აპრილში ქართულმა დრამატულმა საზოგადოების დასმა ნიკოლოზ გოცირიძის მიერ ნათრაგმნი ერთმოქმედებიანი პიესის „მაღაროს უფროსი მუშა“ სცენაზე დადგმის ნებართვა მიიღო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 3 აპრილს ქართულ თეატრში ნატო გაბუნია-ცაგარლის, ტასო აბაშიძისა და ვასო აბაშიძის მონაწილეობით გაიმართა სპექტაკლი „ბებრის საღერღელი“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 აპრილს საჩხერის ადგილობრივ ეკლესიაში ალექსანდრე მიხეილის ძე წერეთლის გარდაცვალების სამი წლისთავზე პანაშვიდი გადაიხადეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 აპრილს თბილისის ოლქის სასამართლოს წევრები ე. ვ. Ჩემესოვი, ე. ი. ოვსიანიკოვი და დ. ე. Ჩერნიკი სისხლის სამართლის საქმეების განსახილველად კახეთში გაემგზავრნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 აპრილს ალექსანდრა ყანჩელმა „ცნობის ფურცელში” მადლობა გადაუხადა ნატო გაბუნია-ცაგარელსა და ვასო აბაშიძეს განჯაში გამართულ საქველმოქმედო საღამოში უანგარო მონაწილეობისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 აპრილის „ცნობის ფურცელში” ალექსანდრა ყანჩელმა განჯაში გამართული საქველმოქმედო საღამოს ანგარიში გამოაქვეყნა. საღამოს მიზანი იყო ქართველი მოსწავლეების დახმარება.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 აპრილის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გიორგი შარვაშიძემ მაზრის უფროსებსა და ქალაქის მოურავებს მოსთხოვა ცნობების წარმოდგენა იმ ზომების შესახებ, რომლებიც მათ შავი ჭირის წინააღმდეგ მიიღეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 აპრილის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა ქუთაისის გუბერნიასა და ზაქათალას ოლქში მიწების გამიჯვნის 1897 წლის გეგმა დაამტკიცა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 30 მარტს კავკავში ადგილობრივმა დასმა ვალერიან გუნიას კომედია „აღლუმი” წარმოადგინა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 აპრილის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინის განკარგულებით თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებას ასი თუმანი გადაეცა. ეს თანხა სააღდგომოდ ქალაქის ღარიბი მცხოვრებლებისთვის უნდა დაერიგებინათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 მარტს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე შახაზიზოვ-კამსარაკანმა განაცხადა, რომ „შუა ბაზარი” ივანე ბაგრატიონ-მუხრანბატონის სატიოსთან უნდა გადაეტანათ. ამისთვის მტკვარზე ახალი რკინის ხიდის აშენება იქნებოდა საჭირო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ივანე გივის ძე ამილახვარმა განკარგულება გასცა, რომ სამხედრო სასანიტრო კომისიებს დაუყოვნებლივ დაეთვალიერებინათ ჯარების სადგომები, ეზოები და სხვადასხვა დაწესებულებები შავი ჭირის პრევენციისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ აკაკი წერეთელმა ყოველთვიური ჟურნალის, „კრებულის” გამოსაცემად ნებართვა ითხოვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ახალციხეში ილია ჭავჭავაძის იუბილესთვის ემზადებოდნენ და თანხას აგროვებდნენ. ღონისძიებას ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილი ხელმძღვანელობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრებამ (თავმჯდომარე ალექსანდრე შანშიაშვილი) ერთხმად დაადგინა, გაერთიანებული პარტიისთვის ეწოდებინათ „საქართველოს დემოკრატიული პარტია გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული, ეროვნული, რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია და უპარტიოთა კავშირი“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს გამართული არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრების თავმჯდომარე იყო ალექსანდრე შანშიაშვილი.