რეგისტრირებული ფაქტები41666
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ნოემბერს რუსეთიდან ახლად დაბრუნებული სტანისლავ ვოლსკი ორი ლექციის წაკითხვას გეგმავდა თემაზე „განწირულთა ქვეყანაში“. პირველი ზუბალაშვილის სახალხო სახლში უნდა გამართულიყო, მეორე ლექციის „ბოლშევიკური მთავრობა სოფლად“ თარიღს კი გამოაცხადებდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს პირველი ციხის ტუსაღებმა ფანჯრის გისოსი გადახერხეს და გაიქცნენ. მათთან ერთად გაიქცა ციხის დარაჯი კონსტანტინე მიქაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე მუსულმანთა წარმომადგენელმა სალი გაიდარ კარაევმა პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა. მიზეზად დაასახელა ქართული ენის უცოდინარობა და ის, რომ საკუთარი თავისა და ამომრჩევლის მოტყუება არ უნდოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სახალხო სახლში გამართულ მუშათა ყრილობაზე პროლეტარების ბელადმა ირაკლი წერეთელმა ქვეყნის წარსულსა და იმ პერიოდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ნოე ჟორდანიაც.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით საქართველოს პარლამენტში გამართულ სხდომაზე დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება განიხილეს. მომხსენებელი იყო ალექსანდრე ლომთათიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქალაქის საბჭოს კრებაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის კონფლიქტის საკითხი. ა. ლომთათიძემ კრებას წაუკითხა ყველა საბუთი, რომლებიც მთავრობას კონფლიქტის შესახებ ჰქონდა მიღებული, მათ შორის გენერალ მიხეილ ციციშვილისა და სომხეთის მთავრობის თავმჯდომარის, რ. ი. კაჩაზნუნის დეპეშა. დადგინდა, რომ ორივე რესპუბლიკა მზად იყო საზღვრების საკითხის უიარაღოდ მოსაგვარებლად.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილების თანახმად, კომისიას განსახილველად გადაეცა გრიგოლ ვეშაპელის საკანონმდებლო წინადადება საჩხერეში ცეცხლისგან დაზარალებულ მაცხოვრებლებს და დაწესებულებებს სახელმწიფო ხაზინიდან ერთდროულად 100 მანეთის გადაცემის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ოქტომბერში ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოსა და სომხეთის კონფლიქტის მიზეზები განიხილეს. სიტყვით გამოვიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი და სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე, რომელთაც აღნიშნეს, რომ უთანხმოების მიზეზი იყო სომხების მიერ მოსაზღვრე ხიდიდან კობერამდე არსებული ტერიტორიის დაკავება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი შავი ზღვის სანაპირო რკინიგზის დამთავრების შესახებ. გობეჩიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხალხისა და რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარე სასურველი იყო, გზას ზუგდიდში გაევლო. პარლამენტმა კანონი უცვლელად მიიღო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 31 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ეროვნული გუნდის გამგემ, კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილმა მთავრობის თავმჯდომარეს ეროვნული გუნდის სუბსიდირების 30000 მანეთამდე გაზრდის შუამდგომლობით მიმართა. ძველი დაფინანსება ვერ აკმაყოფილებდა გუნდის მოთხოვნილებებს. თანხა 26 მაისის სამზადისისთვისაც იყო საჭირო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 მარტს იტალია-კავკასიის ბანკის გამგემ შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს აუწყა, რომ ევროპასთან მჭიდრო კავშირისთვის მათ შეიმუშავეს ამიერკავკასიაში რადიოტელეგრამის ექსპლოატაციისა და დამოუკიდებელი საზოგადოების დაარსების პროექტი.
1920
ტიპი: ავტორობა
30 მარტს ერევნიდან მოვიდა დეპეშა, რომელშიც ხატისოვი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სწერდა ყარაბაღში შექმნილი კონფლიქტის შესახებ. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვი აზერბაიჯანს სომეხთა შევიწროებასა და ხოცვა-ჟლეტაში, ასევე 1919 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებდა. ხატისოვი ქართულ მხარეს სთხოვდა, გავლენა მოეხდინა აზერბაიჯანის მთავრობაზე, რათა მას შეეჩერებინა თავდასხმა ყარაბ-ზანგეზურზე და ყარაბაღის საკითხი იარაღის საშუალებით არ გადაეწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 მარტს საქართველოში ჩამოვიდა პოლონეთის დიპლომატიური მისია ტიტუს ფილიპოვიჩის ხელმძღვანელობით. სტუმრები შეხვდნენ მთავრობის თავმჯდომარესა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ექვთიმე თაყაიშვილს. პოლონელი დიპლომატები აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვივნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში ნოე ჟორდანიამ მიუღებლად ჩათვალა ზუგდიდის მაზრის მასწავლებელთა კავშირის მდგომარეობა, ამიტომ საქმე გამოსაკვლევად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს კახეთიდან დაბრუნებულმა აკაკი ჩხენკელმა ფართო აუდიტორიის წინაშე საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარება მიმოიხილა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სტანისლავ პატეკისგან მიიღო ნოტა, რომ პოლონეთი მზად იყო ეცნო საქართველო როგორც დამოუკიდებელი „დეფაქტო“ რესპუბლიკა, იმ მომენტამდე, სანამ საზავო კონფერენცია არ ცნობდა ხალხთა სურვილთან შეთანხმებულ სტატუსს საქართველოს მიმართ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოში ოლივერ უორდროპს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც გააპროტესტა ბათუმის პორტო- ფრანკოდ (თავისუფალი ეკონომიკური ზონა) გამოცხადება და აღნიშნა, რომ ეს იყო ბათუმის მოსახლეობის ინტერესების ფეხქვეშ გათელვა და საქართველო ამ ფაქტს არასდროს შეეგუებოდა.