რეგისტრირებული ფაქტები41666
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვითაც მიხეილ საბინინმა საზოგადოებას შესწირა გიორგი ავალოვის მიერ იამბიკოდ თქმული და 1839 წელს მოსკოვში გადაწერილი ხელნაწერი წიგნი „ხმა ცოდვილისა ღმრთისადმი“.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 27 ნოემბერს საქართველოს გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა გიორგი თუმანიშვილმა ფინანსთა და სავაჭრო-სამრეწველო მინისტრ გიორგი ჟურულს წერილობით სთხოვა, ეცნობებინა, როდის შეეძლო მისდამი რწმუნებულ სამმართველოს ფოთის პორტის სამმართველოსგან გემების ჩაბარება და გადმოსაცემი გემების სია გაუგზავნა. გიორგი თუმანიშვილთან ერთად წერილს ხელს კანცელარიის გამგე როლკე აწერდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა ი. დადიანმა გზათა მინისტრ ნოე ხომერიკს აუწყა, რომ მინისტრის 1919 წლის 21 იანვრის N11 ბრძანების თანახმად, ფოთის პორტის ფლოტილიის მისაღებად და ნაოსნობის მოსაწყობად დანიშნა კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო ინჟინერი პიასტრიკოვი, წევრები: ინჟინერ-მექანიკოსი დიმიტრიევი, ალექსანდრე ალანია და ფილიპე სპრინკველი. კომისია მალე გაემგზავრებოდა ფოთში.
1942
ტიპი: ავტორობა
1942 წლის 1-ლ ივნისს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორ სიმონ ჯანაშიასა და ქრისტინე შარაშიძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ქრისტინე შარაშიძეს უნდა დაეწერა ნაშრომი თემაზე: „იესე ოსეს ძის ქრონიკები“ ერთ-ნახევარი საავტორო თაბახის მოცულობით. ნაშრომის დაბეჭდვის შემდეგ დირექცია მას თითოეულ თაბახში ჰონორარს – 400 მანეთს მისცემდა. ხელშეკრულება შედგა ორ ცალად: ერთი ქრისტინე შარაშიძეს გადაეცა, მეორე ისტორიის ინსტიტუტში დარჩა.
1919
ტიპი: ავტორობა
ი. მ. შტრანგისა და ა. მ. ხოშტარიას ნდობით აღჭურვილი პირი რაფიელ მოისეის ძე შტრანგი (სამხედრო სამინისტროს კონტრაგენტი ფქვილით მომარაგების და მთავრობის ხელშეკრულების საფუძველზე საქონლის გაცვლაში) 1919 წლის 17 იანვარს გზათა მინისტრს ტვირთის გადასაზიდად სატრანსპორტო საშუალებებს სთხოვდა. კერძო გემების დაქირავება წამგებიანი იყო როგორც კავკასია-შავი ზღვის სავაჭრო-სამრეწველო სააქციო საზოგადოებისთვის, ასევე ხაზინისთვის, რადგან ზრდიდა ზედნადებ ხარჯებს, რაც საქონლის ღირებულებას აძვირებდა და შავ ზღვაზე რეგულარული მიმოსვლის არარსებობის გამო პურის შემოტანას აფერხებდა .
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 14 იანვარს ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა გიორგი ჟურულმა ფოთის პორტის უფროსს – მთავრობასთან მიღებული შეთანხმების საფუძველზე გზათა სამინისტროს გამგებლობაში ფოთის პორტის გემების გადაცემასთან დაკავშირებით – წერილში შესთავაზა, გზათა სამინისტროსთვის დაუყოვნებლივ გადაეცა ყველა გემი და ბარჟა მეთაურებთან ერთად, პორტის უწყების განკარგულებაში დაეტოვებინათ მხოლოდ ბარკასი „Муша“, 70-ტონიანი ამწე, გემი სასწავლებლისთვის და პორტისთვის საჭირო რაოდენობის ნავები. გადაცემა უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი აქტით. ხელს აწერენ კანცელარიის ვაჭრობისა და მრეწველობის ნაწილის დირექტორი დ. აბხაზი და ვაჭრობის განყოფილების გამგე გ. ჯანელიძე.
1918
ტიპი: ავტორობა
ფინანსთა მინისტრი ჟურული 1918 წლის ოქტომბერში გზათა მინისტრს სწერს, რომ სპეციალური ამკრეფები, საკასო წესების თანახმად, საგუბერნიო თუ სამაზრო ქალაქებში ვალდებული არიან, მათ მიერ შეგროვილი შემოსავალი კვირაში ორჯერ გადასცენ ხაზინას, შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავეს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
1964
ტიპი: ავტორობა
1964 წლის 5 ნოემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ელენე მეტრეველმა გასცა ცნობა, რომ ქრისტინე შარაშიძე 1958 წლის 1-ლი აგვისტოდან კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. შარშიძე პენსიაზე გასვლის გამო 1964 წლის 1-ლი ნოემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1951
ტიპი: ავტორობა
1951 წლის 6 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ განცხადებით მიმართა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის დირექციას, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო საკანდიდატო მინიმუმის ჩაბარება და ითხოვა დაებრუნებინათ 1948 წლის შემოდგომაზე წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომი „ვახუშტი ნათარგმნ შრომებში“ (სამ ცალად). ნაშრომის გამოტანას ის თინათინ ენუქიძეს ანდობდა.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობამ (თავმჯდომარის ამხანაგი – იოსებ ივანეს ძე ოცხელი) ქუთაისის განყოფილებას შეატყობინა, რომ მთავარი გამგეობა 18 აპრილს, საღამოს 7 საათზე საზოგადოების კანცელარიაში გამართავდა სხდომას. დღის წესრიგიც აცნობა და სთხოვა წარმომადგენლის გამოგზავნა, რომელიც ქუთაისის ფილიალის დეკემბრის ფინანსური ანგარიშის დოკუმენტაციას წარადგენდა.