ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44744

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს შრომის მინისტრი ნოე ხომერიკი და მისი მოადგილე გიორგი ერაძე პორტის მუშების კონფლიქტის მოსაგვარებლად ფოთში მატარებლით გაემგზავრნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 ივნისის „საქართველოს რესპუბლიკა“ იუწყებოდა, რომ თბილისში არსებული თევზაძისეულ ქალ-ვაჟთა კერძო გიმნაზიის მოწაფეთა გამოცდებზე დასწრება, მათი წარმატებისა და, საერთოდ, სკოლის მდგომარეობის შეფასება სერგი დანელიამ მიანდო თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორს, ილარიონ ლორთქიფანიძეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ივლისს გზის მთავარ სახელოსნოებში ფქვილნახშირის გამოცდას დაესწრნენ რკინიგზის მოძრაობის გამგე ალექსანდრე ეფრემის ძე ოდიშელიძე, მთავარი სახელოსნოების უფროსი სარაჯიშვილი, ინგლისის წარმომადგენელი მაიორი ბრეტი და სხვ. გამოცდამ დამსწრეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს მხატვარი მოსე თოიძე შეხვდა და დაგეგმილი გამოფენებისთვის სურათებისა და ქანდაკებების გადასაზიდად ვაგონი სთხოვა. გამოფენები დაგეგმილი იყო ქუთაისში, ფოთში, ბათუმში, ბორჯომში, თელავსა და გორში.

ტიპი: ღონისძიება

სახელმწიფო თეატრში საქველმოქმედო მიზნით გაიმართა მოხსენებათა დილა. მოხსენებები ეხებოდა დენიკინის განზრახვას ამიერკავკასიის რესპუბლიკების წინააღმდეგ გამოლაშქრების შესახებ. მოხსენებით გამოვიდნენ როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის მხრიდანაც. თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრი გეგეჭკორი ხალხს უმტკიცებდა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. ასევე აღინიშნა დენიკინის წარმომადგენლის, ინგლისელი გენერლის არაობიექტური დამოკიდებულება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივნისის შუა რიცხვებში თბილისში ხელოვნების მსახურთა დღე გაიმართა. ქალაქში მსახიობები ორკესტრის თანხლებით ავტომობილებით, ეტლებითა და ურმებით დადიოდნენ. ნაშუადღევს მთელმა კორტეჟმა მთავრობის სასახლის წინ მოიყარა თავი და ეროვნული ჰიმნით მიესალმა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივნისში ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოების განყოფილებამ აღადგინა ობოლ ბავშვთა თავშესაფარი, ოსმალთა შემოსევის დროიდან დაკეტილი. თავშესაფრის გახსნას დაესწრნენ მთავრობის საგანგებო რწმუნებული გრიგოლ გიორგაძე, დამფუძნებელი კრების წევრი ლევან რუხაძე და ლტოლვილთა ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის რწმუნებული გრიგოლ ვეშაპელი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში საქართველოს კოოპერატიული ბანკის დამფუძნებელმა კრებამ, რომელსაც ესწრებოდა ნოე ხომერიკი, განიხილა წესდება და ფინანსთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ზაფხულში დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს ანარქიასთან საბრძოლველად ნახევარი მილიონი მანეთი გამოუყვეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ზაფხულში დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი გადამდებ დაავადებებთან საბრძოლველად შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილისთვის 200 000 მანეთის გამოყოფის შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში დამფუძნებელმა კრებამ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად წამსვლელთათვის 2 000 000 მანეთი გამოყო. სტიპენდიის განაწილების წესის შესამუშავებლად განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა საუწყებათაშორისო კომისია, რომელშიც გაერთიანდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დამფუძნებელი კრების კომისიების წარმომადგენლები, მათ შორის იყო ნოე რამიშვილიც.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ვარციხის სახელმწიფო მამულში დასაქმებული მუშები ეკონომიკური პირობების გამო გაიფიცნენ. გაფიცულებთან მოსალაპარაკებლად ჩასული შრომის მინისტრის მოადგილე გიორგი ერაძე მათ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, შემდგარიყო კომისია, რომელიც აღწერდა ქართული ეკლესია-მონასტრების ქონებას და სათანადო აქტებს შეადგენდა. კომისიაში უნდა შესულიყო ორი პირი, აღწერის ჩატარებაში მათ უნდა დახმარებოდა ადგილობრივი ერობის ერთი წარმომადგენელი. კომისიის შედგენა დაევალა მთავრობის თავმჯდომარეს, სამუშაოების განსახორციელებლად სახელმწიფოს 10-მილიონიანი ფონდიდან გამოიყო 10 000 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ჭიათურის თვითმმართველობის სამსახურში გამართულ ქალაქის საბჭოს კრებას დაესწრნენ: პლატონ მოდებაძე, ევსევი თოდუა, ისიდორე ხარატიშვილი და 14 ხმოსანი. სხდომაზე მოხსენებები წაიკითხეს და სესხის აღების საკითხი განიხილეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროში გამართულ საბჭოს სხდომაზე საჩეკო ოპერაციების საკითხი განიხილეს. აზრთა სხვადასხვაობის გამო საბჭოს წევრები ორ ჯგუფად გაიყვნენ, ერთ ჯგუფს სათავეში ედგა სახელმწიფო ბანკის გამგე ბერგი, ხოლო მეორეს – ამიერკავკასიის ბანკის დირექტორი იასონ ლორთქიფანიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროში გამართულ საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, არჩეულიყო ოთხი კაცისგან შემდგარი კომისია, რომელიც საჩეკო ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხს შეისწავლიდა. კომისიაში შევიდნენ: იასონ ლორთქიფანიძე, ბერგი, ჯაყელი და ალექსანდრე ჯაბადარი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 19 აგვისტოს ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საუწყებათაშორისო კომისიის პირველ სხდომას საზღვარგარეთ წამსვლელი ახალგაზრდებისთვის სტიპენდიის მიცემის წესი უნდა შეემუშავებინა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა მინისტრს, ნოე რამიშვილს 21 ივლისის დადგენილების სისრულეში მოყვანა და 2 472 ფუთი ფქვილის სამხედრო გზათა უწყებისთვის გადაცემა დაევალა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს მთავრობის პირველ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს ეროვნული ბანკის დაარსების საკითხი საემისიო უფლებებით გადასცემოდა ეროვნული საბჭოს საფინანსო კომისიას, რომელშიც მთავრობიდან შევიდნენ ფინანსთა მინისტრი გიორგი ჟურული და კონსტანტინე კანდელაკი.

ტიპი: ღონისძიება

დღის პირველ საათზე საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა კირიონ II-მ, თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდეს, ურბნელი დავითის და თბილელი სამღვდელოების თანამწირველობით, სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა სიონის ტაძარში საქართველოს დამოუკიდებლობის გამო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 აგვისტოს, 10 საათზე, პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევგენი გეგეჭკორს. ვიზიტის შემდეგ სტუმარმა სასახლე დაათვალიერა და კმაყოფილი დარჩა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში რესპუბლიკის საზღვრებიდან გასასვლელი მოწმობების გაცემის უფლება შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა თბილისის მილიციის უფროსს, ვლადიმერ სულაქველიძეს მიანიჭა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ინგლისელთა მისიამ აცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამიერკავკასიაში გზავნიდა პოლიტიკურ მისიას ოლივერ უორდროპის მეთაურობით, რომელსაც ერქმეოდა ბრიტანეთის მთავარი კომისარი. მისია მიზნად ისახავდა ამიერკავკასიის მთავრობებთან კავშირის შეკვრას და მათთვის რეგიონში ბრიტანეთის ინტერესების გაცნობას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი ამავე რაზმის უფროსის, პოლკოვნიკ ქარცივაძის თანხლებით სიღნაღის რაზმის დასათვალიერებლად გაემგზავრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ბრიტანეთის მთავარ კომისრად დანიშნული ოლივერ უორდროპი ბათუმში ჩავიდა.