ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 3 მარტს გორში ქართული თეატრი წარმოადგენდა ზურაბ ანტონოვის კომედიას „ქმარი ხუთი ცოლისა“ ორ მოქმედებად და რაფიელ ერისთავის „ადვოკატებს“ ერთმოქმედებად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 2 მარტს გაიმართებოდა დავით ერისთავის მიერ თარგმნილი კომედია „დროებითი სიყვარული“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, ბარბარე ჩერქეზოვისა, თამაროვისა, მ. ლეონიძისა, კონსტანტინე ყიფიანი, ხუციშვილი, ავქსენტი ცაგარელი, ივანე ჯაჯანაშვილი, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 2 მარტს გაიმართებოდა კ. მესხის ისტორიული დრამა „თამარ ბატონიშვილი“ კონსტანტინე ყიფიანის მონაწილეობით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ მოძიებული ბადია ბალიაურის ხევსურული სიმღერა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რევაზ ვაჩნაძის განცხადება, რომ 23 თებერვალს თეატრში დაკარგა ტყავის საფულე სხვადასხვა ანგარიშებითა და საბუთებით. ვაჩნაძე მპოვნელს სთხოვდა საფულე მიეტანა სოლოლაკის ქუჩაზე მდებარე ალაბაბოვის სახლში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დიმიტრი ბაქრაძის წერილი „ნიმუშები ძველი ქართული სახარებისას“ შესახებ დაიბეჭდა არქეოლოგიური საზოგადოების მიერ. დიმიტრი ბაქრაძე განიხილავდა საზოგადოდ მწიგნობრობის და კერძოდ საღმრთო წიგნთა თარგმნის საქმეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სპექტაკლებში „ორი ობოლი“ და „გულმა იგრძნო“ შესანიშნავად ითამაშეს თავიანთი როლები მარიამ საფაროვ-აბაშიძისამ, კოტე ყიფიანმა, ბარბარე ავალოვისამ, ხუციშვილმა, თამაროვისამ და ნატო გაბუნია-ცაგარლისამ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი ხევსურული სიმღერები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს იუსტიციის მინისტრმა რაჟდენ არსენიძემ დეპარტამენტის დირექტორ გიორგი ჟორდანიასთან, სასამართლოს პალატის პროკურორის თანამდებობის აღმსრულებელ ალექსანდრე ყანჩელთან, ოლქის სასამართლოს პროკურორის თანამდებობის აღმსრულებელ მ. კანდელაკთან, ადმინისტრაციის ინსპექტორ ს. გეგელაშვილთან და სხვებთან ერთად დაათვალიერა თბილისის N 2 (მეტეხის) ციხე. მინისტრმა პირადად დაიარა საკნები და მიიღო განცხადებები ტუსაღებისგან.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში ლუკას ძე ავალიანი ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალი „თბილისი“, რომელშიც გამოქვეყნდა გალაკტიონ ტაბიძისა და გიორგი საგანელიძის ლექსები, არტემ გაბუნიას ნოველა და თარგმანები ფრანჩესკა პეტრარკადან, რიჰარდ ბიუკალიდან, ედგარ პოდან, შარლ ბოდლერიდან, პიერ ლუისიდან და სხვა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე კაკაბაძე იყო ინჟინერი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა და იყიდებოდა ინჟინერ ვასილ მიხეილის ძე კაკაბაძის წიგნი „მრეწველობის განვითარების საკითხი ჩვენში“, ფასი 15 მანეთი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ იოსებ გრიშაშვილის რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „ლეილა“, რომელშიც შესულია ივანე გომართელის, ვახტანგ კოტეტიშვილისა და მარუთა შუამდინარელის კრიტიკა, ფასი 15 მანეთი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ იოსებ გრიშაშვილის რედაქტორობით გამოვიდა „ლეილა“, რომელშიც შესულია ნიკო ლორთქიფანიძის, ნიკო შიუკაშვილისა და ლევან მეტრეველის ბელეტრისტიკა, ფასი 15 მანეთი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ იოსებ გრიშაშვილის რედაქტორობით გამოვიდა „ლეილა“, რომელშიც შესულია იოსებ გრიშაშვილის, ს. შანშიაშვილის, კ. მაყაშვილის, ს. აბაშელის, ს. ფაშალიშვილის, ი. მჭედლიშვილის, კ. ჭიჭინაძის და მარიჯანის პოეზია, ფასი 15 მანეთი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს სტეფანე გრიგოლის ძე მელიქიშვილი თბილისში გამოსცემდა გაზეთ „დროებას“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის საწყობში იყიდებოდა შემდეგი წიგნები: გრიგოლ ტატიშვილის „კანვაზედ საკერი ანბანი“, სოლომონ მესტიაშვილის „ბუნების მოვლენანი“, გაზეთ „ივერიის“ მიერ გამოცემული ფშაური ლექსები, ივანე მაჩაბლის მიერ ნათარგმნი უილიამ შექსპირის ტრაგედია და სხვ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში იბეჭდებოდა არისტოტელე ქუთათელაძის მიერ შედგენილი წიგნი „ქართული გრამატიკა“ დაწყებითი კლასებისათვის.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სენაკის მაზრის სოფელში მოღვაწე მწერალმა შეადგინა ყალბი და უსაფუძვლო საჩივარი სკოლასა და მასწავლებლებზე და გაუგზავნა შესაბამის განყოფილებას. საჩივრის საფუძელზე სოფელში ჩავიდა სასოფლო სკოლების დირექტორი ფილიპე ლევიცკი მაზრის უფროსის თანაშემწე ი. ჭიჭინაძესთან ერთად, ადგილზე მისულებს მამასახლისმა განუცხადა, რომ ეს საჩივარი მწერლის მიერ იყო შედგენილი და მათ არანაირი უკმაყოფილება არ ჰქონდათ სკოლისა და მასწავლებლების მიმართ. მამასახლისი უყურადღებობისა და გაუფრთხილებლობისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს, მწერალი კი ისევ თავისუფლად აგრძელებდა უსაფუძვლო საჩივრების შეტანას სასამართლოში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 23 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ეკატერინე გაბაშვილმა პეტერბურგში ბეჭდვის საქმეთა მთავარ სამმართველოში გაგზავნა წერილი, რომლითაც ითხოვდა ახალი საყმაწვილო სურათებიანი ჟურნალის ბეჭდვის ნებართვას. ჟურნალის სახელწოდება „ხომლი“ იქნებოდა. გაბაშვილის ინიციატივა ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 21 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსი პალადი და სამღვდელოებათა წარმომადგენლები საღამოს 6 საათზე შეიკრიბნენ სემინარიაში სანთლის ვაჭრობის საქმის განსახილველად. ეგზარქოსის ბრძანებით მათ დაურიგდათ შესამოსლები და ეკლესიაში გამოსაყენები სხვადასხვა ნივთი.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 21 თებერვალს სიონის ტაძარში ეგზარქოსმა პალადიმ აღავლინა წირვა.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორი იყო ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი (ავალოვი).