რეგისტრირებული ფაქტები46700
სორტირება თარიღი მზარდობით
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის მაისში პარასკევა ბოძაშვილისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილ საქველმოქმედო ბაზრობას ერთი წყვილი ჭრელი ფშაური წინდა შესწირა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის მაისში ბარბარე დავითის ასულ ვაჩნაძისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილი საქველმოქმედო ბაზრობისთვის 2 აბრეშუმის ბაღდადი და 5 არშინი აბრეშუმის ნაჭერი შესწირა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის მაისში ალექსანდრე ფრეზე და ბელიავსკი წყალდიდობით დაზარალებული ადგილების დასათვალიერებლად თერგის ოლქში იმყოფებოდნენ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 3 მაისის „ცნობის ფურცელიდან" ვიგებთ, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე გამართულ არჩევნებში გამგეობის თავმჯდომარედ ილია ჭავჭავაძე და წევრად ანტონ ფურცელაძე აირჩიეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 3 მაისის „ცნობის ფურცლიდან" ვიგებთ, რომ თბილისში მიიღეს ახალი ქართული წიგნი „თეორია სიტყვიერებისა ქართულ სალიტერატურო სამაგალითო ნიმუშების გარჩევით", წიგნი შეადგინა მელიტონ კელენჯერიძემ და გამოსცა ოლღა კელენჯერიძემ. დაბეჭდილია ქუთაისში ივანე კილაძისა და იოსებ ხელაძის სტამბაში 1899 წელს. წიგნი შეიცავს 152 გვერდს და ღირს ორი აბაზი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 5 მაისს გენერალ-სიმუს სუვოროვის გარდაცვალებიდან ასი წლის აღსანიშნავად ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარში გადაიხადეს პანაშვიდი, რომელსაც დაესწრნენ მთავარმმართებლის თანაშემწე ლეიტენანტი ალექსანდრე ფრეზე, გენერლები, ოფიცრები, ასევე თავადაზნაურობისა და ქალაქის სხვა წარმომადგენლები.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 5 მაისს გაიმართა იმერეთის თავად-აზნაურთა კრება სვიმონ წერეთლის თავმჯდომარეობით. კრება გაიხსნა 10 საათზე და განიხილეს რამდენიმე პირის საჩივარი, რომლებიც დეპუტატთა საკრებულომ არ შეიყვანა ამომრჩეველთა სიაში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 7 მაისს სვიმონ წერეთლის თავმჯდომარეობით გამართულ იმერეთის თავად-აზნაურთა კრებაზე მოისმინეს მოხსენება ახალი გადასახადების შესახებ, შემდეგ განიხილეს ბანკიდან დასაბრუნებელი თანხის საქმე.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 9 მაისის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით იაკობ გოგებაშვილი დაინიშნა რევიზორად ხელთუბნისა და წინარეხის სკოლებში, ალექსანდრე ჭყონია და ალექსანდრე მიქაბერიძე – ბათუმსა და სენაკში, დავით კარიჭაშვილი – თონეთში, ექვთიმე თაყაიშვილი – გომარეთში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 10 მაისის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ სიმონ წერეთელი ქუთაისის თავად-აზნაურთა წინამძღოლად დაინიშნა 199 ხმით 37-ის წინააღმდეგ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 10 მაისს თბილისის სამოსამართლო პალატის მე-2 სამოქალაქო დეპარტამენტმა განიხილა ი. ზ. ბარათაშვილისა და თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის საქმე და განაჩენის გამოცხადება იმ საქმის გამო 24 მაისისათვის გადადო. ი. ბარათაშვილი ითხოვდა, რომ იგი დირექტორად მიეწვიათ და აპროტესტებდა მის ნაცვლად სხვა კანდიდატურის წამოყენებას ამ თანამდებობაზე. ოლქის სასამართლომ ეს დავა საფუძვლიანად სცნო და მის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 12 მაისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კავკასიის გზათა ოლქის თერგის განყოფილების მე-5 დისტანციის უფროსის თანამდებობის აღმასრულებელ იოსებ ანდრონიკაშვილს წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი მიენიჭა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 14 მაისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა თბილისში სახალხო თეატრის ასაშენებლად ხელმოწერით ფულის შეგროვება, შემოწირულებაზე პასუხისმგებელი იყო სახალხო კითხვათა კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ ხუდადოვი.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წლის 15 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ილია ჭავჭავაძე 2 კვირის განმავლობაში ავად იყო. ექიმებმა მას მუშაობა აუკრძალეს და რამდენიმე თვით სოფლად წასვლა და დასვენება ურჩიეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 15 მაისის „ცნობის ფურცელი“ იუწყება: თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულომ მიიღო ოფიციალური ცნობა, რომ მთავრობამ დავით მელიქიშვილი გუბერნიის მარშლად არ დაამტკიცა ფორმალური მოთხოვნილების დარღვევის გამო. განმეორებითი არჩევნებისთვის საგანგებო კრებას მოიწვევდნენ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 16 მაისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იმერეთის თავად-აზნაურთა კრებაზე გიორგი ღოღობერიძემ წაიკითხა წინადადება იმის შესახებ, რომ აღძრულიყო შუამდგომლობა და აზნაურად მხოლოდ ის პირები დამტკიცებულიყვნენ, რომლებიც 1850-ში არ დაამტკიცეს, რადგან ქონებრივად თავადებზე იყვნენ დამოკიდებულნი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 16 მაისს, 18:00 საათზე, სპარსეთის შაჰის პატივსაცემად სასახლის დარბაზში გაიმართა სადღესასწაულო სადილი, რომელზეც კავკასიის მთავარმართებელმა ალექსანდრე ფრეზემ 120 სტუმარი მიიწვია.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 18 მაისს, დილის 6 საათზე, ირანის შაჰის თბილისიდან წასვლის დღეს, სასახლეში მოგროვდნენ წარჩინებული პირები. შაჰი გააცილეს მთავარმართებლის თანაშემწე ა. ა. ფრეზემ და თბილისის გუბერნატორმა ივანე სვეჩინმა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 18 მაისს გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ილია ჭავჭავაძემ საზოგადოებას აცნობა, რომ უკეთესად იყო და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას კითხულობდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 19 მაისს ფოთში იმყოფებოდნენ გზათა მინისტრი მიხეილ ხილკოვი და კონსტანტინე ოლდენბურგი. მეორე დღეს მათ ქალაქისთავის, ნიკო ნიკოლაძის თანხლებით დაათვალიერეს ნავსადგური, სადაც ნავსადგურის სივრცის გაზრდის სამუშაოები მიმდინარეობდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 20 მაისის „ცნობის ფურცლიდან" ვიგებთ, რომ ოდესის უნივერსიტეტის პროფესორმა ვასილ პეტრიაშვილმა 30-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ უნივერსიტეტის დატოვება გადაწყვიტა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 25 მაისს, დილის 10 საათზე, სარევიზიო კომისიის წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე დაბარებული იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში წინა წლის ანგარიშის შესამოწმებლად.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 25 მაისს, დილის 10 საათზე, სარევიზიო კომისიის წევრი იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილი დაბარებული იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში წინა წლის ანგარიშის შესამოწმებლად.